ზურაბ ძნელაძემ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ‘ბათუმს’ სამი ლელო გაუტანა, თითო-თითო პეტრე ჯინჭარაძემ და თემურ ირემაძემ მიითვალეს, ქუთაისის ‘აიამ’ ბონუს-ქულით, 39:17 იმარჯვა.
ამ მოგების შემდეგ ქუთაისელებმა 52 სატურნირო ქულა დააგროვეს, მდევრებისთვის მიუწვდომელები არიან და მინიმუმ მე-14 ტურის ბოლომდე დიდი 10-ის ლიდერებად რჩებიან.
ზღვისპირელებს ნაკრებში გამოძახებული კოკი თხილაიშვილისა და ლაშა ხმალაძის გარდა, ტრავმების გამო კიდევ რამდენიმე ლიდერი აკლდა, განსაკუთრებით ხაზში. ამის ფონზე შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის გამოყენება ვერ მოხერხდა, ‘აიამ’ კი, მეტოქეს სისწრაფეში აჯობა და რაც მთავარია, ეს ლელოებში ასახა.
ანგარიში ბათუმელებმა ვიტალი კირინის ჯარიმით გახსნეს, თუმცა მასპინძლებმა ტემპს იქვე მოუმატეს, ხელდახელ სწრაფი ბურთაობით მეტოქის დაცვაში სივრცეები გააჩინეს, ძნელაძე მბოჭავს კარის წინ გაექცა და მისი ლელო ლაშა ლომიძემ გარდასახა. მალე გიორგი როხვაძემ ხაზი გიორგი აბრამიძეს გააჭრევინა, ის ლელოდან 5 მეტრში შებოჭეს, იფლოუდზე კი სანდრო ქოიავამ წესების დაცვით ითამაშა და სინბინის ხარჯზე სტუმრები მეორე ლელოსგან იხსნა. ლომიძემ გასატანი პოზიციიდან ნაღდი 3 ქულა აიღო.
ტაიმის შუაში ჯარიმა კირინს გაუცუდდა, შესვენებამდე კი ‘აიას’ კიდევ ორი სალელოვე შანსი ჰქონდა. 27-ე წუთზე, ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ძნელაძეს მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ხოლო უკვე ლელოში შესულ თემურ ირემაძეს ბურთი დამიწებამდე ხელიდან გაუცურდა. 34-ე წუთზე ქუთაისელთა სწრაფი შეტევა კირინმა 5-მეტრიან წყვეტილთან წესების დარღვევით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა.
‘აიამ’ უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში გაზარდა, ლომიძემ მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და სიჩქარე აკრიფა, ბოლო მცველი აიყვანა და ბურთი ლელოში ძნელაძეს გააყოლა, რომელიც თანაგუნდელს კარგად მიყვა.
52-ე წუთზე საბა ერემეიშვილმა რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა და საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და სამხრეთ აფრიკელი ბოთა ძლიერი კონტაქტით ჩამოიცილა, მერე შეტევის მიმართულება შეცვალა და შეტევა ლელოთი პეტრე ჯინჭარაძემ დაასრულა. ლომიძემ ორივე გარდასახა - 24:3.
‘ბათუმმა’ 57-ე წუთზე უპასუხა, სანდრო ქოიავას კარგი თამაშის შემდეგ უპირატესობა შეიქმნა და ზურა თუთბერიძის პასის შემდეგ გიორგი გოგიტიძე ვეღარავინ დაიჭირა.
10 წუთში ქუთაისელმა თუთბერიძე თემურმა ითამაშა ჭკვიანურად, ბურთი ცარიელ ზონაში გადაკიდა, მას ძნელაძე მიყვა და მატჩში მე-3, ხოლო დიდ 10-ში მე-10 ლელო გაიტანა, რითაც საუკეთესო მელელოვეთა დავაში დაწინაურდა, ხოლო ლომიძემ გარდასახვა შეასრულა. რამდენიმე წუთში ‘აიამ’ წითელ ზოლში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ბურთი ფლანგზე ჩაათამაშა და ირემაძემ გუნდის მონაგარს კიდევ 5 ქულა შემატა. ბათუმელებმა ამირან მიქაძის ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხეს, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და გაწითლებულ დროზე ლომიძემ ჯარიმით წერტილი დასვა - 39:17.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !