ამბები

16:23 | 3.11.2014 | ნანახია 2697 - ჯერ

Top 14-ის 4 ქართული ლელო

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის X ტურში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა - ერთბაშად ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა, ოთხივე პირველხაზელმა, თავი გატანილი ლელოთი გამოიჩინა.

კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა” “კასტრი” 21:15 დაამარცხა, ორიდან ერთი ლელო კი, ჩვენებურის ანგარიშზეა. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე, როდესაც მისმა თანაგუნდელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღეს და კონტრშეტევა წამოიწყეს, დაახლოებით 40-მეტრიანი ნიშნულიდან მეორეხაზელს კარგად მიყვა, ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში გადაცემა რომ მოიიღო მას კასტრელთა უკანახაზელი ჩამოეკიდა, მაგრამ ქართველმა ბოლომდე იარა და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა - 5:0. ასიეშვილისთვის ეს პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში, სულ კი, საფრანგეთში გადასვლიდან დღემდე მეორედ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი.

მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, “ბრივმა” ტაიმი მხოლოდ 11:9 მოიგო, 66-ე წუთისთვის კი 11:15 ჩამორჩა. შეხვედრის დასრულებამდე 14 წუთით ადრე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს და დაწინაურდნენ, ხოლო გარდასახვას 70-ე წუთზე ზუსტი ჯარიმა მოყვა და “ბრივმა” მნიშვნელოვანი 4 ქულა ჩაიწერა. ასიეშვილი შესვენებისას შველიძემ შეცვალა, ქართველთა გუნდი კი, 18 ქულით მე-11 ადგილზე დაწინაურდა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” ასევე 21:15 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და თავისი პირველი ფრანგული ლელო გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში გაიტანა. ტაიმი 10:6 დასრულდა, რეფერიმ ზედ შესვენების წინ მასპინძელთა პირველხაზელი გაასინბინა, 46-ეზე კი, “ლა როშელი” მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა და რადგან “მონპელიემ” ჯარიმა გაიტანა, სხვაობაც მინიმუმამდე დავიდა. ამ დროს ყაულაშვილი მოედანზე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად იყო გასული, თამაში რომ განახლდა, ბურთი მასპინძლებს დარჩათ, 22 წლის ქართველმა მარცხენა ფლანგზე ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში მიიღო, ტანკივით დაიძრა და ბურთი მეტოქის ორ მცველთან ერთად ლელოში შეიტანა - 15:9.
“მონპელიემ” ორჯერ შეამცირა სხვაობა 3 ქულამდე, მაგრამ საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დამარცხდა და უქულოდ დარჩა. ნარიაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ყაულაშვილი სრულფასოვან შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა. “ლა როშელი” 19 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “მონპელიე” 26 ქულით მე-5 პოზიციამდე დაეშვა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” პრემიალური ქულით დაამარცხა - 39:22. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ქუბრიაშვილი და ჟვანია შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდნენ. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც სტუმრები 12:11 დაწინაურდნენ, მაგრამ პარიზელებმა მალევე შეძლეს უპირატესობის დაბრუნება და საათის თავზე 29:15 იგებდნენ, თანაც სამი უპასუხო ლელო ჰქონდათ გატანილი, რაც პრემიალური ქულის ასაღებად საკმარისია.

“სტად ფრანსემ” 70-ე წუთზე არეკნი გაიტანა, მაგრამ ორიოდე წუთში ლელო გაუშვა და პრემიალური ქულის გარეშე რჩებოდა. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ჟვანია თანაგუნდელს დროულად წამოეშველა, ჩათვლის მოედნიდან 17 მეტრში გადაცემა მიიღო, მბოჭავს დაუსხლტა და ლელომდე ირბინა. მისმა გონივრულმა თამაშმა პარიზელებს 5 ქულის აღების საშუალება მისცა და “სტად ფრანსე” 31 ქულით მე-3 ადგილზეა. “ბორდო” 27 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ჟვანიასთვის ეს პირველი ლელოა საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “გრენობლი” 61:28 გაანადგურა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავა იყო. მე-12 წუთზე მან სტუმართა ზელანდიელი შუამარბისაგან სახეში ძლიერი დარტყმა მიიღო და მეტოქე სინბინით დაისაჯა, ქართველს კი, სამკურნალოდ 4 წუთი დაჭირდა. მოედანზე დაბრუნებულმა ლევანმა “გრენობლზე” ლელოთი იძია შური. 36-ე წუთზე ჩათვლის მოედნის ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან მან ბურთი მარცხენა მხრიდან გამოიტანა, მარჯვნივ მოკლეზე შეუტია და მასპინძელთა მესამე ლელო გაიტანა - 15:9, ტაიმი კი 17:14 დასრულდა.

მხიარული თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მაყურებელმა ჯამში 12 ლელო იხილა, რომელთაგან 9 მასპინძელთა ანგარიშზეა. ჩილაჩავა, რომელმაც ამ სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა (სულ “ტულონის” მაისურით 3 ლელო - 2 Top 14-ში და 1 “ჩელენჯ ქაფზე”) 65-ე წუთზე შეცვალეს, “ტულონი” კი 33 ქულით პირველ ადგილზეა. “ტულონზე” ვსაუბრობთ და აქვე გეტყვით, რომ მამუკა გორგოძის გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის და სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს მან მოედანზე დაბრუნება უნდა შეძლოს.

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ვასილ კაკოვინის მოედანზე დაბრუნებაა, რომლის “ტულუზამაც” “ლიონი” სტუმრად 41:17 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველი ბურჯი სეზონის სტარტზე, ჯერ კიდევ აგვისტოში დაშავდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია, ახლა კი, შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. ამ დროს სტუმრები 27:10 იგებდნენ, მერე კიდევ ორი ლელო გაიტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ლელოებში პრემიისთვის საჭირო სხვაობა დააფიქსირეს (5:2). “ტულუზა” Top 14-ში განცდილი ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ გონს მოდის, ახლა უკვე თავად მოიგო ზედიზედ 5 შეხვედრა (3 Top 14-ში, 2 “ჩემპიონთა თასზე”) და 23 ქულით მე-8 ადგილზეა.

გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 24:13 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ კოლელიშვილმა მიიღო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “კლერმონი” 31 ქულით მეორეა, ხოლო “ბაიონი” 21 ქულით მე-9 ადგილამდე დაწინაურდა. 25 ქულით მე-6 ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე საკუთარ მოედანზე “ოიონაქსთან” 17:21 დამარცხდა. Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 7-8 ნოემბერს გაიმართება, მაგრამ მასში ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამ დროს ნაკრებთან ერთად ტონგას დამარცხებას ეცდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.204766