საერთაშორისო

20:27 | 10.02.2018 | ნანახია 3882 - ჯერ

მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის 47:0 დამარცხების შემდეგ, გუნდის თამაშითა და შედეგით, ასევე ქუთაისში, ‘აია არენაზე’ შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი დარჩა მილთონ ჰეიგი:

„ანგარიშით და თამაშით კმაყოფილი ვარ. ქუთაისში კარგი გარემო იყო და შევძელით თვალწარმტაცი რაგბის თამაში. იყო რაღაც დეტალები, რის გამოსწორებაზეც მომდევნო კვირაში ვიმუშავებთ და მოვემზადებით გერმანიასთან სათამაშოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზრუნა რომ ეს თამაში ქუთაისში გამართულიყო. ასევე ქომაგებს, რომლებმაც ბოლომდე გაავსეს სტადიონი და გულიანად გვიგულშემატკივრეს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ მიხეილ გაჩეჩილაძის თამაშით. გურამ შენგელიას მხოლოდ 10 წუთი ჰქონდა თავის გამოსაჩენად, თუმცა თავი კარგად გაართვა. ნაკრებს პირველად უკაპიტნა გიორგი ნემსაძემ და ეს მოვალეობა ძალიან კარგად შეასრულა. ის ნაკრებში უფროსი თაობის წარმომადგენელია, წლებია ამ გუნდის წევრია და პასუხისმგებლობას თავი კარგად გაართვა“.

კმაყოფილების საბაბი ჰქონდა გიორგი ნემსაძესაც, რომელმაც დღეს ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა:

„თამაში ისეთი ანგარიშით დასრულდა, არ შეიძლება კმაყოფილები არ ვიყოთ. ვითამაშეთ გაშლილად და ლელოების უმეტესობაც ფრთებიდან დავდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და ასევე იმ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სულით და გულით გვქომაგობდა მთელი თამაშის განმავლობაში. არ ვაკნინებ ბელგიას, რომ თითქოს მათ ვერაფერი შეძლეს, უბრალოდ ჩვენ მათ ჩვენი თამაშით არ მივეცით არაფრის გაკეთების შესაძლებლობა. შევუზღუდეთ სივრცეები და ფაქტობრივად ხაზი ვერ გაგვიჭრეს“.

ბუნებრივია ანგარიშით კმაყოფილი ვერ იქნებოდა ბელგიელთა თავკაცი გიომ აჟაკი, თუმცა ის შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა:

„წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც განვაცხადე, რომ ზუსტად ვიცოდით ვის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. საქართველო ძლიერი და გამოცდილი გუნდია, ხოლო ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, გამოუცდელი გუნდი. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და მიუხედავად ანგარიშისა, ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ“.

საქართველოს სიძლიერე კიდევ ერთხელ აღნიშნა თომას დინსტმა:

„ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და ვეთამაშეთ გამოცდილ საქართველოს, რომელსაც რა თქმა უნდა ყავდა ძლიერი შერკინება. გაგვიჭირდა დერეფანშიც, თუმცა საბოლოოდ ჩემი თანაგუნდელებით კმაყოფილი ვარ.“

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:11 | 11.02.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

0.121679