საერთაშორისო

1:00 | 6.02.2018 | ნანახია 4289 - ჯერ

6 ერი: ცა და უფსკრული (+VIDEO)
იტალია კვლავ გამოკვეთილი აუტსაიდერია

2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. პირველ დღეზე უკვე ვრცლად ვისაუბრეთ და მასზე აღარ შევჩერდებით, მეორე დღეს დავუთმობთ ყურადღებას და იტალიის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებას განვიხილავთ.

პირველ რიგში სათაურზე, რომელიც ავტორის აზრით ზუსტად ასახავს ამ გუნდებს შორის სხვაობას. უკვე 18 წელია, რაც იტალია ტურნირზეა, თუმცა ვერაფრით ჩამოყალიბდა “აძური” იმ დონის გუნდად, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. 2007 და 2013 წლები იყო გამონაკლისი, როდესაც მათ ორი მატჩი მოიგეს და მე-4 ადგილზე გავიდნენ, სხვა შემთხვევაში მათი მაქსიმუმი ერთი მატჩის მოგება და მე-5 ადგილი გახლდათ, ხოლო 13 გათამაშებაში ბოლო საფეხურს დასჯერდნენ, საიდანაც 7 ჩემპიონატში ყველა შეხვედრა წააგეს.

კონორ ოშის გუნდმა ბოლო ორი გათამაშება ყველა წაგებით დაასრულა და წლევანდელ შეჯიბრსაც ისეთი პირი უჩანს, რომ იტალია უიმედო აუტსაიდერი იქნება.

“აძური” “სტადიო ოლიმპიკოზე” მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფ ინგლისს დაუხვდა. ჰიმნი ემოციურად იმღერეს, ყველა მოთამაშემ წარმატებისთვის თავი დადო და ბოლომდე იბრძოლა, ეპიზოდებში იტალიელები მართლაც მშვენივრად თამაშობდნენ, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდებში, რაც უმაღლეს დონეზე წარმატებისთვის საკმარისი ნამდვილად არაა.

მასპინძლები ომობდნენ, წვალობდნენ და უდიდეს ენერგიას ხარჯავდნენ თითოეული მეტრის მოსაგებად. ინგლისელები კი ყველაფერს ძალიან იოლად აკეთებდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, კლასში არსებული კატასტროფული სხვაობა ნათლად ჩანდა, ძალიან ნათლად. სტურებს საერთოდ არ ეტყობოდათ, რომ ბილი ვუნიპოლა, ნათან ჰიუზი, ჯეიმს ჰასკელი, ელიოტ დეილი და კიდევ რამდენიმე მორაგბე აკლდათ.

იტალიელები რომ უშანსოდ იყვნენ ეს პირველივე წუთებზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა: მეორე წუთზევე სტუმრებმა შერკინებაში ივარგეს და მეტოქე დააჯარიმეს, რომელიც ოუენ ფარელმა აუტში კარგად გადაიტანა და ბურთი 22-ში ჩააგდო, საიდანაც ინგლისელებმა აუტი კარგად ჩამოაწოდეს, დერეფანი მოიგეს და მეტოქეს ისეთ ტემპში შეუტიეს, რომ თავბრუ დაახვიეს: რამდენიმეფაზიანი იერიშით ფრთაზე უპირატესობა მოიპოვეს და ენტონი უოტსონმა კიდესთან დაამიწა ბურთი. ფარელმა გარდასახვა ააცილა და ევროპის საუკეთესო მორაგბეს კიდევ ორი გარდასახვა გაუცუდდა.

მე-9 წუთზე ინგლისმა სამწუხარო დანაკლისი განიცადა: ბენ იანგსმა ტრავმა მიიღო და დენ ქეარმა ჩაანაცვლა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება, თუმცა ერთი შეხედვით, საქმე რთულად უნდა იყოს.

მე-11 წუთზე ინგლისელებმა მოედნის ცენტრთან საკუთარი შერკინება მოიგეს, სწრაფად გამოიტანეს ბურთი, ჯერ ჯონი მეიმ ირბინა წყვეტილ ხაზამდე, შემდეგ კი ენტონი უოტსონს გაატანა ბურთი, რომლის შეჩერება კვლავ ვერ შეძლეს და ზედ კიდესთან დადო ბურთი. მატიო რეინალმა ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადაამოწმა, რომელთან თათბირის შემდგომაც ლელო ჩათვალა.

ამის შემდეგ მასპინძლებმაც ძალიან კარგი შეტევა განახორციელეს, ამჯერად მათ მოახერხეს შერკინებიდან ბურთის სწრაფად გამოტანა, შემდეგ კი მატიას ბელინიმ იყოჩაღა და სისწრაფის ხარჯზე მეტოქის 22-ში შეიჭრა, რასაც რამდენიმე ფაზიანი იერიში მოჰყვა, რომელიც ტომასო ალანის მშვენიერი, გრძელი გადაცემით და ტომასო ბენვენტურის ლელო დასრულდა, გარდასახვა კი ალანმა შეასრულა ზუსტად.

ინგლისელებმა მესამე ლელო 26-ე წუთზე გაიტანეს, ოუენ ფარელმა მეტოქის დაცვაში ღრიჭო კარგად მოძებნა, ორ მბოჭავს მაღალი სისწრაფით დაუსხლტა და მეტოქის ლელოში შევარდა. “აძურიმ” ტაიმის ბოლოს მძლავრად შეუტია და უქულოდ არ წამოსულა, ლელოს დადება ვერ შეძლეს, მაგრამ ალანიმ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:17 დასრულდა, რაც მასპინძელთათვის საგანგაშო ნამდვილად არ ყოფილა.

მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, ინგლისელებმა სხვაობა გაზარდეს: ჯერ ოუენ ფარელმა უმარტივესი ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა, შემდეგ კი სემ სიმონდსმა იყოჩაღა, რომელმაც დერეფნიდან ჩამოღებული ბურთი სწრაფად აიტაცა და სანამ იტალიელები გონს მოვიდნენ, ლელოში დაამიწა.

კონორ ოშის გუნდმა ერთიც გაიბრძოლა, 5-იანიდან მოწოდებული აუტი მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, რასაც რამდენიმე მიძალება და შემდეგ შეტევის სწრაფად გაშლა მოჰყვა, რაც ბელინის მიერ ზედ კიდესთან დალელოვებით დასრულდა. მატიო რეინალმა ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადაამოწმა და შემდეგ ლელო ჩათვალა, გარდასახვა არაზუსტი იყო და ერთი საათის შემდგომ ანგარიში 15:27 იყო.

ნამდვილი რაგბი მე-60 წუთის შემდეგ იწყებაო და ნამდვილად ასეა. ამ დროის შემდეგ, კიდევ უფრო უკეთ ჩანს გუნდების სათამაშო კლასი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. ინგლისელები იქამდეც აშკარად აღემატებოდნენ მეტოქეს, ხოლო ერთის საათის გასვლის შემდგომ, რომ კიდევ უფრო დიდ უპირატესობას მოიპოვებდნენ მოსალოდნელი გახლდათ. ასეც მოხდა, შეხვედრის დასკვნით 15 წუთში სემ სიმონდსმა, ჯორჯ ფორდმა და შეცვლაზე შემოსულმა ჯეკ ნოუელმა თითო ლელო გაიტანეს, რომელთაგან ფარელმა ორი გარდასახა და საბოლოოდ შეხვედრა ინგლისელთა სოლიდური გამარჯვებით 15:46 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “წითელი ვარდების” გარემარბი ენტონი უოტსონი გახდა.

სრული მატჩი

იტალია – ინგლისი 15:46 (10:17)

იტალია: 2 ლელო – ბენვენუტი (19), ბელინი (57); 1 ჯარიმა – ალანი (38); 1 გარდასახვა – ალანი (21)

ინგლისი: 7 ლელო – უოტსონი (2; 10), ფარელი (25), სიმონდსი (51; 74), ფორდი (67), ნოუელი (76); 1 ჯარიმა – ფარელი (46); 4 გარდასახვა – ფარელი (26; 52; 68; 75)

მსაჯი: მატიო რეინალი (საფრანგეთი)

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი 1 1 0 0 46:15 5
2. უელსი 1 1 0 0 34:7 5
3. ირლანდია 1 1 0 0 15:13 4
4. საფრანგეთი 1 0 0 1 13:15 1
5. შოტლანდია 1 0 0 1 7:34 0
6. იტალია 1 0 0 1 15:46 0

მომდევნო ტური

10 თებერვალი

18:15 ირლანდია - იტალია

20:45 ინგლისი - უელსი

11 თებერვალი

19:00 შოტლანდია - საფრანგეთი

თეგები6 ერი

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:09 | 06.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

თბილისში ჩატარებულ U20 მსოფლიო თასზე იტალიელებს ძაან ძლიერი მორაგბეები ყავდათ (თავის ასაკელებში). ასე თუ ისე იტალიელებს უფრო მეტი მორაგბეები ყავთ, ბოლოს და ბოლოს 61 მლნ მოსახლეობაა იტალიაში. იტალიას ჩვენზე ბევრად დიდი შანსი აქვთ იტალიური წარმოშობის მორაგბეები მოიძიონ ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, არგენტინაში, საფრანგეთში... ჩვენზე უკეთესად გაუკეთებენ ნატურალიზირებას ოკეანიის ქვეყნების მორაგბეებს. უბრალოდ მიკვირს ამას რატომ არ აკეთებენ.

17:56 | 06.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

იტალიასთან ძაან რთული თამაში გველის, რადგანაც ისინი ყველაფერს დადებენ, რომ 6 ერის მამებთან არ შერცხნენ და მათ იმედები არ გაუცრუონ. მჯერა ჩვენი მორაგბეებიც ბოლომდე იბრძოლებენ. ხანდახან მგონია, რომ 6 ერს ისევ 5 ერად გადააქცევენ ვიდრე 7 ერად გახდიან. არ აწყობთ საქართველო იხილონ თავიანთ გათამაშებაში - უფრო ფინანსები და ეკონომიკა თამაშობს დიდ როლს.

17:45 | 06.02.2018
თორღვა პანკელი (387)

რათქმაუნდა დარწმუნებით ვერავინ გეტყვით თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ერთ კონკრეტულ თამაშში, ან ბოლოს რა ანგარიში დაფიქსირდება, მაგრამ ერთი კი ნაღდია რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენზე(გულშემატკივრებზე)ნაკლებდ არ გრძობენ პასუხისმგებლობას ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში. ათეულში მყოფ გუნდებთან კარგი თამაშები მახსოვს საქართველოს ნაკრების, თუნდაც ირლანდიასთან თამაში 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ან შოტლანდიასთან 2011 წლის მსოფლიოზე, თბილისში რომ სამოას მოვუგეთ მაშინ სამოა 10-ში შედიოდა. შორს არ წავალ, ბოლოს რა თამაშიც უელსთან ვაჩვენეთ თუ ისე ვითამაშეთ, არა მგონია იტალიიდან საქართველო დამარცხებული წამოვიდეს, ასეა თუ ისე მე ამ ერთი თამაშის მოლოდინში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მთავარია ოპტიმალურ შემადგენლობაში ვიყოთ და ქართველი გულშემატკივრის რაოდენობას იტალიაში, ნამდვილად არ მოისაკლისებენ ბორჯღალოსნები.

15:53 | 06.02.2018
BEERTRANCE (1073)

სუსტი კი ჩანს იტალია, მარა ჩვენ საკუთარ თავზე გადახტომა მოგვიწევს.

12:52 | 06.02.2018
mamulo (31)

მიუხედავად იმისა,რომ იტალია აუტსაიდერია 6 ერში,მაინც მგონია რომ მისტვის მოგება ძალიან გაგვიჭირდება და მეშინია რომ არ მოგვიგონ თუმცა მანამდე დიდი დროა და თანაც იმედი ბოლოს კვდება.

0.089593