ბორჯღალოსნებმა 2018 წლის სანაკრებო სეზონის პირველი შეკრება დღეს დაიწყეს. დღესვე ნაკრებს შევარდენზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეწვია.
მინისტრმა ბორჯღალოსნებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რასაც ქვეყანას და მის მოსახლეობას წლების განმავლობაში ანიჭებენ და მომავალ თამაშებში, ასევე 2019 წლის მსოფლიო თასზე, წარმატებები უსურვა. შეხვედრას ესწრებოდა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და მან ქართველ მორაგბეებს „თანამედროვეობის გმირები“ უწოდა.
მიხეილ გიორგაძე:
„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისა და სპორტის მინისტრისთვის, ემოციური შეხვედრა იყო. ესენი ის ბიჭები არიან, რომლებმაც საქართველოს გამარჯვების განცდა დაუბრუნეს. მათ შეგვაჩვიეს მოგებებს, ყოველი თამაშისა თუ ტურნირის წინ, მოლოდინი ძალიან დიდია.
„დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი იქნება წარმატებული და ეს ბიჭები შეძლებენ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ასევე „ანთიმოზ ივერიელის თასის“ დაბრუნებას“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, მიხეილ გიორგაძეს და მთელს მთავრობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მორაგბეებმა მინისტრს და მის მოადგილეს ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთები გადასცეს.
გოჩა სვანიძე:
„ბორჯღალოსნები ქვეყნის სავიზიტო ბარათი არიან და მინისტრის ვიზიტი, ხაზგასმა, რომ სახელმწიფო მათ გვერდში დგას, ამ ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მომავალშიც იქნება. მხარდაჭერის დაფიქსირება ზედმეტი არასდროს არაა“.
„ძალიან სასიამოვნოა როდესაც ასეთი კომუნიკაცია არსებობს. ეს წარმატების ერთ-ერთი საწინდარია“ - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია