ამბები

12:34 | 3.11.2014 | ნანახია 1489 - ჯერ

Pro D2-ის IX ტური - დათუნაშვილი ფორმაშია და ნაკრებში მოდის

საფრანგეთი მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ს მე-9 ტურში, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა გიორგი ნაცარაშვილის “პომ”, მაგრამ ის მაინც პირველ ადგილზე რჩება და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს. “პო” “მონ-დე-მარსანს” ეწვია და 6:15 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა, ამ დროს მისი გუნდი მხოლოდ 3 ქულას აგებდა (6:9), მაგრამ მერე კიდევ ორი ჯარიმა გაუშვა და უქულოდ დარჩა.

“პოს” 35 ქულა აქვს, მისი უახლოესი მდევრის - ლაშა ლომიძის “ბეზიეს” მონაგარი კი 26 ქულაა. “ბეზიემ” მე-9 ტურში “ბურგონი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 19:0 დაამარცხა და დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” ჩამოიტოვა, რომელიც სტუმრად “ბიარიცთან” 18:23 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ბასილაია იყო და ის ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში მე-15 წუთიდან ჩაერთო. “პერპინიანმა” 5 ქულის სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა მიითვალა და ჯამში 24 ქულით მესამე ადგილზეა.

ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ”, რომელმაც კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” 19:16 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შეყლაშვილი და კობერიძე იყვნენ და ისინი თამაშში ერთდროულად, 68-ე წუთიდან ჩაერთვნენ. “ალბი” 23 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ტარბიმ” პრემია მიითვალა და 15 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

ქართული დერბი შედგა ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკსა” და თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენის” შეხვედრაში. თამაშში მონაწილეობა ერთბაშად ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა ხატიაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს მეორეხაზელი დათუნაშვილი, ხოლო შუამარბი შარიქაძე თამაშში ასევე 72-ე წუთიდან შერთო. სტუმართა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა პირველხაზელმა თეთრაშვილმა, გარემარბი მჭედლიძე კი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 6:3 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმა გაიტანეს, 46-ე წუთზე დათუნაშვილს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა, სწრაფად გაათავისუფლა ბურთი, 9 ნომერმა ეს იერიში მაინც ლელოთი დაასრულა და გარდასახვის შემდეგ “ორიაკი” 16:3 დაწინაურდა. “აჟენმა” სამი ჯარიმით ჩამორჩენის 4-ქულამდე შემცირება მოახერხა, მაგრამ 75-ეზე ჯარიმა თავადაც გაუშვა და რადგან 7 ქულის სხვაობით დამარცხდა, ახალი წესების თანახმად, პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. მწვრთნელები კმაყოფილი დარჩნენ ხატიაშვილის გარჯით, რომელსაც შემცვლელი არ ყავდა და სრულად ამის გამო ითამაშა. ასევე დათუნაშვილის, რომელიც ხშირად უტევდა ბურთით და მეტოქის მცველებს პრობლემებს უქმნიდა.

“ორიაკი” 21 ქულით მე-8 ადგილამდე დაწინაურდა და საპლეიფო ზონას მიუახლოვდა. 21 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა “აჟენი”. ასტამურ იოსელიანის “ნარბონმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე “მონტობანი” სტუმრად 18:17 დაამარცხა და 17 ქულით მე-12 ადგილზეა.

15 ქულით მე-13-ეა ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი”, რომელიც სტუმრად “კოლომიესთან” 7:15 დამარცხდა. აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე ახობაძემ შეცვალა ყუფარაძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088196