2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის პირველმა სათამაშო დღემ მშვენივრად ჩაიარა. გულშემატკივარმა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ძალიან კარგი შეხვედრა იხილა. ერთი სანახაობით და სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, ხოლო მეორე დაძაბულობით, რომელმაც ბოლო წამამდე გასტანა და საბოლოოდ დრამატული დასასრულიც ვიხილეთ.
დავიწყოთ გათამაშების პირველი რკენით, რომელშიც უელსის ნაკრები “ფრინსიფალითი სთედიუმზე” შოტლანდიას დაუხვდა. ნოემბრის ტესტებში შოტლანდიელებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს, რასაც უელსზე ვერ ვიტყვით. თანაც, “დრაკონებს” ტრავმების გამო ისეთი მოთამაშეები აკლდათ, როგორებიც არიან ჯორჯ ნორთი, დენ ბიგარი, რის ვები, რის პრისტლენდი, ლიამ უილიამსი, დენ ლიდიეტი, ტაულუპე ფალეტაუ, სემ უარბარტონი და სხვები. დანაკლისი სტუმრებსაც ჰქონდათ, თუმცა ამ მხრივ უელსს ვერ შეედრებოდნენ. “ნარშავები” რიჩი გრეის, ფრეისერ ბრაუნს, როს ფორდს და ალექს დანბარს მოისაკლისებდნენ.
მატჩი შოტლანდიელთა შეტევებით დაიწყო, მე-2 წუთზე ჯონი გრეიმ მეტოქის ხაზის გარღვევა მოახერხა და მისი შეჩერება რის პატჩელმა ლელოდან დაახლოებით შვიდი მეტრის მოშორებითღა შეძლო, სტუმართა მეორეხაზელს გუნდელებს სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და საბოლოოდ ალი პრაისი დაჯარიმდა. ცოტა ხანში ალი პრაისი კიდევ ერთხელ შეცდა, რაც შოტლანდიას უკვე ძალიან ძვირად დაუჯდა: ახალგაზრდა ჰავბექმა მეტოქის ნახევარზე გრძელი გადაცემა გააკეთა, რომელიც გარეთ დევისმა ჩაჭრა, მაღალი სისწრაფით გაიქცა და მას ვეღარავინ დაეწია. ამრიგად, უელსი მე-5 წუთზე წინ გავიდა, გარდასახვა კი ლი ჰალფპენიმ უნაკლოდ შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ ჰალფპენიმ ყველა გარდასახვა და ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
ამ ლელომ შოტლანდიელები ძალიან არია, ხოლო უელსელებმა პირიქით საკუთარი ძალები ირწმუნეს და ბრწყინვალედ ათამაშდნენ. განსაკუთრებით შესაქებია “დრაკონების” დაცვა, რომელმაც სტუმართა შეტევებს გაუძლო და მთლიანობაში, “ნარშავების” უძლიერეს უკახაზახს გასაქანი არ მისცა. ამაში გარკვეული წვლილი შოტლანდიის ღერძსაც “მიუძღვის”. ალი პრაისმა და ფინ რასელმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს და ბექების შედარებით ინერტულად თამაში ამითაც აიხსნება.
უელსელებმა კი პირველი ლელოდან ოთხ წუთში მეორედ შეძლეს მეტოქის ლელოში ბურთის დამიწება: ლელოდან რვა მეტრში მასპინძელებმა საკუთარი შერკინება მოიგეს და ოვალი სწრაფად გამოიტანეს, შემდეგ ასევე უსწრაფესად შეტევის მიმართულება შეცვალეს, ფრთაზე უპირატესობა მოიპოვეს და ჰალფპენიმ მეტოქე მეორედ დაალელოვა. შემდეგ კი “ნარშავების” იერიშები ჭკვიანურად მოიგერიეს და ტაიმი ორი გარდასახული ლელოთი მოიგეს – 14:0.
გრეგორ თაუნსენდმა შესვენებაზე ვეღარაფერი შეცვალა, პირიქით მეორე ნახევარში უელსელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და თავდაცვის მაგივრად, მეტოქეს მწვავედ შეუტიეს, რაც აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა. ჰალფპენიმ 43-ე და 48-ე წუთებზე ჯარიმები შეასრულა ზუსტად და საკუთარი გუნდის უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა, ხოლო 61-ე წუთზე მან უკვე დუბლი შეასრულა – უორენ გეტლანდის შეგირდებმა 5-იანიდან აუტი მოაწოდეს, რომელიც მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, შოტლანდიელებმა მისი შეჩერება ლელოდან ერთ მეტრში შეძლეს, რასაც რამდენიმე მიძალება და ფრთაზე ჰალფპენის მეორე ლელო მოჰყვა. 73-ე წუთზე კი “დრაკონებმა” მეოთხე ლელო დადეს: ალედ დევისმა მეტოქეს ბურთი ჩაჭრა, რასაც მასპინძლების მიერ შეტევის მიმართულების უსწრაფესად შეცვლა მოჰყვა და სტეფ ევანსმა მეტოქე ზედ კიდესთან დაალელოვა. “ნარშავებმა” ერთადერთი რაც მოახერხეს, პრესტიჟის ლელოს გატანაა: 78-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პიტ ჰორნმა რაქიდან მოიპარა ბურთი და შეტევა წარმატებით დაასრულა, გარდასხვა რასელმა შეასრულა ზუსტად და შეხვედრა 34:7 დასრულდა.
უელსმა ბონუსით მოიგო, ხოლო შოტლანდიელთათვის გათამაშება სრული კრახით დაიწყო.
აბსოლუტურად განსხვავებული გამოდგა “სტად დე ფრანსზე” გამართული ჯახი, რომელიც სანახაობის მხრივ მოიკოჭლებდა, თუმცა უაღრესად დაძაბული იყო და ბოლო წამებამდე არაფერი იყო გადაწყვეტილი, შეხვედრის დასასრული კი ისეთი გამოდგა, რომ ამ მატჩზე წლები ილაპარაკებენ.
პირველ ტაიმში ჯონათან სექსტონმა სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც მაქსიმ მაშნომ ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი ირლანდიელთა გამარჯვებით 9:3 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა თითო ჯარიმა შეასრულეს ზუსტად, ხოლო ერთი ჯარიმა სექსტონს გაუცუდდა.
შეხვედრის დასკნითი 10 წუთი კი ბრწყინვალე გამოდგა. 72-ე წუთზე მატჩის პირველი და უკანასკნელი ლელო გავიდა, რომელსაც თითქოს არაფერი მოასწავებდა: ფრანგებმა საკუთარ ნახევარზე აუტიდან სწრაფად შემოაგდეს ბურთი, რომელიც ანტუან დუპონმა ფრთაზე ტედი ტომასს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კი მოედნის ცენტრთან ხაზი გაჭრა, შემდეგ სისწრაფის ხარჯზე კიდევ ორ მოწინააღმდეგეს გაუსხლტა და შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო გაიტანა, რომელიც ენტონი ბელომ გარდასახა და საფრანგეთი მთელი მატჩის განმავლობაში პირველად გავიდა წინ.
76-ე წუთზე ფრანგების შერკინებამ იყოჩაღა, მოწინააღმდეგეს მაგრად მიაწვა და ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ბელომ გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ “სამფეროვნებისთვის” ეს დამღუპველი გამოდგა. ირლანდიელებმა საკუთარი 22-დან წამოიღეს ბურთი, 40 (!) ფაზა აკინძეს და უკვე 83-ე წუთი იყო, როდესაც ჯონათან სექსტონმა დაახლოებით 45 მეტრიდან არეკნი შესანიშნავად შეასრულა და საკუთარ გუნდს უდრამატულესი გამარჯვება მოუტანა – 13:15.
ნამდვილად საოცარი სანახავი იყო ბოლო ხუთი წუთი, როდესაც ირლანდიელები მთელი ძალებით უტევდნენ, ხოლო ფრანგები კი გმირულად იცავდნენ თავს. მასპინძლებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს, 40 ფაზა ისე შეაჩერეს რომ დაჯარიმდნენ, მაგრამ ცივსისხლიან ჯონათან სექსონთან ვერაფერს გახდნენ, რომელმაც ურთულეს მდგომარეობაში შეძლო და შეხვედრის გმირი გახდა. 45 მეტრიდან არეკნის გატანა რთულია, მაგრამ ეს კიდევ უფრო ძნელი ხდება, როდესაც 80 წუთზე მეტია გასული და მატჩის ბედი უშუალოდ ამ დარტყმაზეა დამოკიდებული, მაგრამ სექსტონმა გულშემატკივარს მისი უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაანახა და ის გააკეთა, რასაც მხოლოდ გუნდის ნამდვილი ლიდერი მოახერხებს. მთლიანად ირლანდიაც შესაქებია, მართალია, ჯო შმიდტის შეგირდები თამაშის ხარისხში მოიკოჭლებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფსიქოლოგიურად საოცრად ძლიერები აღმოჩნდნენ, მარცხს არ შეეგუენ და რაც შეძლეს, გუშინ ყველამ ვნახეთ.
6 ერის გათამაშების პირველი ტური დღეს დასრულდება. საქართველოს დროით 19 საათზე “სტადიო ოლიმპიკოზე” იტალიის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება დაიწყება.
უელსი - შოტლანდია 34:7 (14:0)
უელსი: 4 ლელო - გ.დევისი (5), ჰალფპენი (11; 61), ევანსი (73); 2 ჯარიმა - ჰალფპენი (43; 48); 4 გარდასახვა - ჰალფპენი (7; 12; 62; 74)
შოტლანდია: 1 ლელო - ჰორნი (78); 1 გარდასახვა - რასელი (79)
მსაჯი: პასკალ გოზე (საფრანგეთი)
საფრანგეთი - ირლანდია 13:15 (3:9)
საფრანგეთი: 1 ლელო - ტომასი (72); 2 ჯარიმა - მაშნო (36; 54); 1 გარდასახვა - ბელო (73)
ირლანდია: 4 ჯარიმა - სექსტონი (3; 22; 39; 47); 1 არეკნი - სექსტონი (83)
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სექსტონმა სარაგბო სასწაული შემოგვთავაზა, ძალიან მაგარი მომენტი იყო მართლა. მე საფრანგეთის მარცხს მთლიანად ბელოს ვაბრალებ, ეგეთ ჯარიმას ამ დონეზე არ უნდა აფუჭებდე
უელსმა გააქრო შოტლანდია მოედნიდან. აი რას ნიშნავს შემადგენლობის სიღრმე. ბრავო დრაკონებს.
ეს ის უელსი არაა, ჩვენებს რომ ბოლო წუთზე დაუძვრნენ?
ეს ის უელსია, უბრალოდ სხვა, უფრო გამოცდილი და უკეთესი შემადგენლობით
კი კი ის უელსია.