დიდი 10-ის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ მისსავე მოედანზე დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.
დიდ დიღმელებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ. მასპინძელი გუნდის მორაგბეებმა მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს, მაგრამ ბურთი წინ ხშირად უვარდებოდათ და ქულების აღებას ვერ ახერხებდნენ.
თავის მხრივ, ‘აია’ ამ თამაშისთვის მეტოქეზე უკეთ იყო მომზადებული და გამარჯვება დაიმსახურა. სტუმრებმა ანგარიში დებიუტშივე, მეტოქის შეცდომის შედეგად გახსნეს. მანამდე ფლანგზე გიორგი აბრამიძე გაიქცა და 50 მეტრი დაფარა, უკვე წითელ ზოლში ქუთაისელებმა ბურთი დაკარგეს, თუმცა ფეხით მოგერიებისას დაუფარეს და თემურ ირემაძის ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა.
მასპინძლებმა სწრაფად მოინდომეს პასუხის გაცემა, მაგრამ ტერიტორიული უპირატესობის გამოყენების საშუალება ტექნიკურმა წუნმა და სტუმართა თავდადებულმა თამაშმა არ მისცა. მე-16 წუთზე ბაბუნაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 25-ე წუთზე ‘აიამ’ კარში დარტყმას უკვე ლელოზე თამაში არჩია, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და გიორგი ტორაძის ლელოს შემდეგ ანგარიში 15:0 გახდა.
ამის შემდეგ ‘ლელო-სარასენსი’ მეტოქის 22-ში დამკვიდრდა და მოლებით, მოკლე დარტყმებით, ჯარიმების სწრაფი გათამაშებით თუ ბურთის გაშლით დიდხანს უტია. ‘აიამ’ თავდადების ხარჯზე შეტევები დაახლოებით 10 წუთი იგერია, თუმცა ამავე პერიოდში ხშირად ჯარიმდებოდა და სინბინით გელა შალამბერიძე დაკარგა. ‘ლელო-სარასენსმა’ რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი დაკარგა, თუმცა მალევე წითელ ზოლში დაბრუნდა, 37-ე წუთზე მოლიც დაძრა და ცისკარა ბერიაშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა, რომ არა წესების დარღვევა. ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი განიხილა და აბრამიძე სინბინით, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისჯა.
შესვენებამდე დარჩენილ დროში, 13 კაცით დარჩენილმა ‘აიამ’ ბურთის დაუფლება მოახერხა, ბაბუნაშვილმა არეკნი დაჰკრა და ტაიმი სტუმრებმა 18:7 მოიგეს.
მეორე ტაიმი ლელოელების შეტევებით დაიწყო, თუმცა მეტოქის 22-ში ბურთი კვლავ წინ დაუვარდათ. სამაგიეროდ მეტოქის შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავეს და ირაკლი ყიასაშვილმა კარის წინიდან გაიტანა. ორ წუთში აკა ტაბუცაძე მარცხენა ფლანგზე გაიქცა, ცენტრთან მისულმა ბურთი თავისუფალ სივრცეში ფეხით შეაცურა, ყველაზე სწრაფი დემე თაფლაძე აღმოჩნდა და მასპინძელთა მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, თუმცა სხვაობა 3 ქულამდე სწრაფად შემცირდა და ‘ლელო-სარასენსი’ თამაშში დაბრუნდა.
ორიოდე წუთში მასპინძლებმა რაქიდან შეტევით ლელო გაიტანეს, მაგრამ ეს რეფერის, შოთა თევზაძის უნებლიე ბლოკის შედეგად მოახერხეს და ლელო სამართლიანად გაუქმდა. ‘აიამ’ გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი 63-ე წუთზე გადადგა, როდესაც თბილისელებმა დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს, ჯერ ფლანგი მოაშიშვლეს, ფეხით გადაკიდებულ ბურთს კი სამი ქუთაისელი მიყვა. ყიასაშვილმა გუნდის გადარჩენა სცადა, ბოჭვა უბურთო მოთამაშეზე გამოუვიდა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ‘აიამ’ 7 საჯარიმო ქულა მიითვალა.
‘ლელო-სარასენსს’ მცდელობა არც ამის შემდეგ დაუკლია, მაგრამ ტექნიკურ წუნს ვერაფერი მოუხერხა, ბოლო წუთზე ყიასაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ნუგეშის ბონუსი მოუტანა. ‘აიამ’ კი თამაში 25:18 მოიგო და 2018 წელს მეორედ, ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ, აია! იმის მიუხედავად რომ ჩემს გუნდს მოუგეს, ვულოცავ ქუთაისელებს დამსახურებულ გამარჯვებას
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
აია ჩემპიონი უნდა გახდეს, მერე კი იტალიურ, რუმინულ, გერმანულ, პორტუგალიურ გუნდებს უნდა დაერიოს.