დადგა ნოემბერი და მსოფლიო სტადიონებზე წამყვანი სარაგბო ნაკრებების ტესტ-მატჩების დრო დადგა. საქართველოს ნაკრები თავის პირველ მატჩს 8 ნოემბერს თბილისში, ტონგასთან გამართავს, მანამდე კი, მისმა მომავალმა მეტოქეებმა ითამაშეს.
ამა წლის 23 ნოემბერს თბილისს იაპონიის ნაკრები ეწვევა. მანამდე აზიის უპირველესმა გუნდმა თავისი პირველი შეხვედრა გამართა და ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის, მაორების ნაკრებს უმასპინძლა. 21 ათასი მაყურებელი მოწმე გახდა იმისა, რომ იაპონია ფლობდა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, მაგრამ დაუშვა შეცდომები და დაუნდობელი მაორებისგან 8 ლელო მიიღო.
ეს იყო სერიის პირველი თამაში და სტუმრებმა მასპინძლები ინდივიდუალურად ძლიერ დაჩაგრეს, ლელოთა უმეტესობა კი, კონტრშეტევებზე გაიტანეს.
პირველი ლელო მე-7 წუთზე გავიდა, როდესაც აზიელებმა საკუთარი 22-დან ხელდახელ სცადეს შეტევის დაწყება და ბურთი დაკარგეს, მაორებმა ის სწრაფად ჩაათამაშეს მარჯვენა ფლანგზე და ალამთან დაამიწეს.
შემდეგ სტუმრებმა ორი ჯარიმა მიითვალეს. 21-ე წუთზე მასპინძლებმა შეტევაში რომ დაკარგეს ბურთი, მაორებმა კონტრშეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს და ძელებსშუა მეორე ლელო გაიტანეს. კიდევ 4 წუთში ზელანდიელებმა დერეფნიდან გაითამაშეს კარგი კომბინაცია და 25:0 დაწინაურდნენ.
იაპონიამ თავისი პირველი ლელო 27-ე წუთზე გაიტანა. კარგად ორგანიზებულ მოლს მცველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.
35-ე წუთზე იაპონია მეტოქის გატეხვას ცდილობდა, მაგრამ მოიერიშეს 22-ში ბურთი წინ გადაუვარდა, მცველები სწრაფად გადაეწყვნენ, ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვნენ და 90-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დასრულდა. ზუსტ გარდასახვას ზედ შესვენების წინ ჯარიმა მოყვა და ტაიმი 35:7 დასრულდა.
მეორე ტაიმი 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც იაპონიამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში კიდევ ერთხელ დაკარგა ბურთი, ამჯერად კონტრშეტევა ხელდახელ განვითარდა და ორმა მორაგბემ შეტევა ლელოთი დაასრულა.
52-ე წუთზე მასპინძლებმა შეძლეს სტუმართა დაცვის ხაზის გაჭრა და მეორე საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ იქვე მაორმა დერეფნიდან შეუტია, იერიში სწრაფად გაშალა და მეექვსე ლელო გაიტანა.
63-ე წუთზე ზელანდიელებმა ჯერ ხელით შეუტიეს, მერე ფეხით შეცურებულ ბურთს ორმა იაპონელმა იმდენ ხანს უყურა, სანამ მეტოქემ ცხვირწინ არ ააცალა და მორიგი ლელო გავიდა.
73-ეზე აზიელების შერკინებამ კიდევ ერთხელ იმძლავრა და “მაორი” მეორედ დაისაჯა საჯარიმო ლელოთი, მაგრამ 76-ეზე უსწრაფეს გარემარბს ხელი ვერავინ დააკარა და მატჩი 21:61 დასრულდა.
2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ ახალი ზელანდიის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ს 12 უპასუხო ლელო გაუტანა და 74:6 გაანადგურა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამერიკელებს პატივი “ოლ ბლექსმა” დასდო და ეწვია, უკვე მრავლისმეტყველია.
მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთი მეტოქე ნამიბია გერმანიას ეთამაშა და 58:20 იმარჯვა. აფრიკელებმა 2 ლელო გაუშვეს, თავად კი 8 გაიტანეს.
ავსტრალიის ნაკრებმა მაიკლ ჩეიკის ხელმძღვანელობით პირველი თამაში ჩაატარა და “ბარბაროსები” 40:36 დაამარცხა.
როგორც “ბარბაროსების” მიერ გამართულ თამაშებს ჩვევია, ეს იყო მოვლენებით დახუნძლული შეხვედრა. თავიდან თამაში დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ მერე ავსტრალიამ უპირატესობის მოპოვება მოახერხა და 40:22 დაწინაურდა. “ბარბაროსები” არ დანებდა, საფინალო სასტვენამდე ორი ლელო გაიტანა და საბოლოოდ 4-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
8 ნოემბერს ტესტ-მატჩებში წამყვანი სარაგბო ქვეყნებების ნაკრებები სრულად ჩაებმებიან და რაგბის გულშემატკივრებს საყურებელი მატჩები ასარჩევად ექნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია