ბორჯღალოსნები

19:15 | 1.02.2018 | ნანახია 3470 - ჯერ

გიორგი ნემსაძე: ქუთაისში თამაში ჩემი ოცნებაა

სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2018 წლის სანაკრებო სეზონის გახსნამდე. წელს პირველივე მატჩს საქართველოში ვატარებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ბელგიას სარაგბო ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეულ და მდიდარ ქალაქში - ქუთაისში, ‘აია არენაზე’ ეთამაშებიან. ეს 2005 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეროვნული ნაკრები მატჩს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში გამართავს.

გამორჩეულია სტადიონიც - ‘აია არენა’. ეს არის სრულად სარაგბო კომპლექსი, რომლის ძირითადი მოედანი (სულ ოთხი მოედნისგან შედგება) ხუთ ათასამდე გულშემატკივარს იტევს. სტადიონმა, რომელზეც ქუთაისის ‘აია’ და ‘ბაგრატი’ დიდი 10-ის საშინაო მატჩებს მართავენ, 2017 წლის ზაფხულში 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლა. ამ პერიოდში რაგბის ქუთაისელმა გულშემატკივარმა ახალი ზელანდიის, იტალიის, ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩებს ადევნა თვალი. ახლა კი საქართველოს ეროვნული ნაკრების დრო დადგა.


საქართველო - ბელგია | 10/02/18 | აია არენა, დას 14:00 | ბილეთები შეიძინეთ აქ

მშობლიურ ქალაქში

ქუთაისში დაბადებულ და გაზრდილ ბორჯღალოსანს, მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს ერთი ოცნება ჰქონდა - ნაკრების კვართით მშობლიურ ქალაქში ეთამაშა და 10 თებერვალს ამ ოცნების ახდენის შესანიშნავი შანსი ექნება.

ის მოუთმენლად ელოდება 4 თებერვალს, რადგან ამ დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის შეკრება იწყება შევარდენზე. ნემსაძეს უახლოეს თამაშებზე და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაზე გვესაუბრება.

სულ მალე ნაკრებს 2018 წლის პირველი მატჩი ექნება. როგორ ფორმაში ხვდები სანაკრებო სეზონის განახლებას?

სანაკრებო სეზონთან ერთად იწყება ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ნაკრების ყველა წევრისთვის ბედნიერი პერიოდი. ნაკრების თამაშების წინ ყოველთვის ზედმეტს ვვარჯიშობ და განსაკუთრებულად ვემზადები, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყო. რაგბს სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ჩვენს ნაკრებს გამოვადგე.

10 თებერვალს მშობლიურ ქალაქში...

ამდენი წელია ნაკრებში ვარ და სულ ვამბობდი - ისე არ მინდა კარიერის დასრულება, ერთხელ მაინც ბორჯღალოსანთა კვართით ქუთაისში არ ვითამაშო მეთქი და ახლა ამ ოცნების ახდენის შანსი მექნება. ყველა ადამიანს განსაკუთრებით უყვარს თავისი ქალაქი, მეც ასე ვარ და მიხარია, რომ ქუთაისში ასეთი დონის თამაში გაიმართება. როცა ნაკრებში თამაშობ, დამატებითი მოტივაცია აღარ გჭირდება, თუმცა ჩემთვის და სხვა ქუთაისელებისთვის, რომლებიც მოედანზე იქნებიან, ეს გამორჩეული დღე იქნება!

ბორჯღალოსნებმა ქუთაისში ბოლოს 2005 წელს ითამაშეს. პირველი კეპი მომდევნო მატჩში მოიხვეჭე, თუმცა ალბათ, იმ დღეს სტადიონზე იქნებოდით...

რა თქმა უნდა სტადიონზე ვიყავი. თამაში ‘ტორპედოზე’ გაიმართა და უამრავი გულშემატკივარი მოვიდა. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ აია არენა (გიორგი ნემსაძის მშობლიური კლუბის, ქუთაისის აიას სტადიონი) პირთამდე გაივსება - ამჯერად რაგბის სტადიონი! ქუთაისური მასპინძლობა ყველასათვის კარგადაა ცნობილი და ახლაც განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. როდესაც ნაკრები საქართველოში თამაშობს, გნებავთ თბილისში და გნებავთ რუსთავში, ყველგან ვგრძნობთ, რომ საკუთარ სახლში ვართ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ამჯერად თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ნაკრების ქუთაისელ წევრებს გვექნება განცდა, რომ საკუთარ ეზოში ვთამაშობთ.

ანუ თქვენ ბელგიასთან თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადებით...

განვმეორდები და ვიტყვი, ნაკრებში თამაშს დამატებითი მოტივაცია არ ჭირდება, თუმცა ჩემთვის, სადღაც გულის სიღრმეში, არის და იქნება ის მომენტი, რომ ქუთაისში ვითამაშებ.

მილთონ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას ბელგიასთან 10 თებერვლის მატჩით იწყებს...

ჩემი აზრით მილთონმა 2019 წლის მსოფლიოსთვის მზადება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როგორც კი წინა მსოფლიო თასი დასრულდა. რა თქმა უნდა, ახლა მზადება განსაკუთრებულ ფაზაში შედის. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაკრებში კონკურენცია ძალიან გაიზარდა. თუ წინა წლებში 30-35 მოთამაშიდან ხდებოდა მსოფლიო თასისთვის შემადგენლობის შერჩევა, ახლა ასე აღარაა.

ვთვლი, რომ 30-კაციან განაცხადში მოხვედრა გარანტირებული აღარავის აქვს. ჩემი აზრით, ჰეიგმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს თამაშები იქნება ბოლო შანსი რაღაცის დამტკიცების, თავის გამოჩენის, თორემ მზადება დარწმუნებული ვარ 2015 წლის დასრულებისთანავე დაიწყო.

უახლოეს ორ თვეში ჩასატარებელ ამ ხუთ თამაშს, რა მნიშვნელობა ექნება წელიწადნახევრის შემდეგ გასამართი მსოფლიო თასისთვის?

ჩემი აზრით ჰეიგმა სწორედ ის იგულისხმა, რომ ახლა იწყება იმ სტილის და კომბინაციების, ტაქტიკური და ტექნიკური დეტალების დახვეწა, ასევე ბიჭების იმ სისტემაში გამოცდა, რაც მსოფლიო თასზე უნდა ვითამაშოთ. ყველამ კარგად ვიცით, უხეშად რომ ვთქვათ, შეგვიძლია, რომ ბევვრ გუნდს მარტო შერკინებით მოვუგოთ - ხაზს ბურთს არ მივცემთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ მოვიქცევით და ვეცდებით ყველამ ერთად ვითამაშოთ. ჩვენთან არ უნდა იყოს გამოყოფილი შერკინება და ხაზი. ეს ხუთი თამაში დაგვანახებს, როგორ შევძლებთ ვარჯიშებზე დაგეგმილის მოედანზე გადატანას.

13 წელია ბორჯღალოსანი ხარ. ამ პერიოდში რამდენად გავაუმჯობესეთ და დავხვეწეთ ხაზით თამაში?

ბოლო სამ თამაშში კარგად გამოჩნდა, რამხელა ნახტომი აქვს ჩვენი ხაზის მოთამაშეებს. ბოლო სამი თამაში ვახსენე, თუმცა უკვე დიდი ხანია ჩვენს ნაკრებში თამაშს და ქულებს მხოლოდ შერკინების მოთამაშეები არ აკეთებენ. სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს, როგორც ხაზს, ასევე შერკინებას, იდეალურამდე ჯერ არცერთი მივსულვართ, მაგრამ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს.

გამოჩნდნენ ახალგაზრდა ბიჭები - სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე... რომლებმაც თითქმის იდეალურად ჩაატარეს ეს თამაშები. ხაზში გამოჩნდნენ ტანმაღალი მოთამაშეები, რაც ძალიან კარგია. ამით იმ ხაზის მოთამაშეებს კი არ ვაკნინებ, ვინც ნაკრებში აქამდე თამაშობდა, მაგრამ ძველთან ახალი სისხლის შერევით, ვფიქრობ იდეალური ვარიანტის გამოყვანა შეიძლება. 13 წლის წინანდელთან შედარებით აშკარად გავიზარდეთ, უფრო მეტი კარგი თამაშები გვიწეს, ბიჭებიც უწინდელზე უკეთეს გუნდებში თამაშობენ და ეს ყველაფერი ჩვენს პროგრესზე აისახება.

მსოფლიო რაგბს კალენდარი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ივნისში ფიჯისა და იაპონიას, ხოლო ნოემბერში იტალიას ვეთამაშებით. რა დატვირთვა ექნება ამ თამაშებს?

თანმიმდევრობით მივყვეთ. ამ სამი მეტოქიდან თამაში ჯერ ფიჯისთან გვექნება, რომელსაც ჩემი აზრით და ალბათ ბევრი დამეთანხმება, თავის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ყავს! ის ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა 2019 წლის მსოფლიო თასზე და ივნისის მატჩი იქნება დიდი გამოცდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთავარი იქნება ზუსტად გავიგოთ, რა შეიძლება დაგვხვდეს 2019 წლის მსოფლიო თასზე. დარწმუნებული ვარ, რომ ფიჯი 2019 წლის მსოფლიოზე იმაზე უფრო მაგარ ფორმაში იქნება, ვიდრე წელს ივნისში, თუმცა გარკვეული დეტალების დანახვა მაინც შეიძლება. ეს იქნება წელიწადნახევრის შემდეგ გასამართი მატჩის ერთგვარი რეპეტიცია, შედარებით დაბალ დონეზე და მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ვფიქრობ, ფიჯიში კარგად ახსოვთ, რომ ბოლო სტუმრობისას დავამარცხეთ და განსაკუთრებულად მომზადებული დაგვხვდებიან. როგორც ჩვენ, სახლში წაგებას მოედანზე სიკვდილი გვირჩევნია, ასე იქნებიან ისინიც.

იაპონიასთან ბოლო ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოვიგეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. რამდენჯერაც ვეთამაშეთ, ის ყველა კომპონენტში დავჩაგრეთ - ხაზში, დერეფანში, მოლში, შერკინებაში, მაგრამ თამაშები წავაგეთ. ძალიან რთული მეტოქეა და მწვრთნელებთან ერთად უნდა ვეცადოთ აღმოვაჩინოთ ის, რის გამოც მათთან მოგებას ვერ ვახერხებთ. ვიდეო-ანალიზებზე ჩვენს შეცდომებს ვნახულობდით და თუ ივნისშიც მსგავსი უპირატესობები გვექნება, თამაში აუცილებლად მარტივად უნდა მოვიგოთ.

რაც შეეხება იტალიას, ალბათ ყველამ კარგად იცის, რამხელა გამოხმაურება ექნება ჩვენი და იტალიის შეხვედრას. ჩვენ თუ ეს თამაში მოვიგეთ, ექვსი ერის და სარაგბო ელიტაში კონსერვატიულად მოაზროვნე წარმომადგენლებს, რომელთაც ცვლილებები უჭირთ, ამ ცვლილებების განხორციელება გაუმარტივდებათ.

ექვსი ერი ფინანსურად გამართული სტრუქტურაა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ იტალიის დამარცხების შემთხვევაში სათქმელი ერთადერთი ექნებათ - თქვენ ფული არა გაქვთ. ეს თამაში ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, რაგბის მესვეურებისთვის, გულშემატკივრისთვის იქნება - სიკვდილი, ან გამარჯვება.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:16 | 02.02.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

23:13 | 01.02.2018
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად მიხარია ნაკრების რეგიონში გასვლა. იმედია 1-ჯერადი ხასიათის არ იქნება.

20:02 | 01.02.2018
თორღვა პანკელი (387)

ჯიგარი ხარ ნემსო! მჯერა ბიჭებსაც და მელიტონსაც ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გაქვთ მომავალში გულშემატკივრისთვის, ფიჯი, იაპონიას და იტალიას ვგულისხმობ, რუმინეთს ვიცი აუცილებლად დავამარცხებთ და დანარჩენი მსოფლიომდე სანერვიულო არაფერია. რაგბი ჩვენი თამაშია!

0.189934