ჩემპიონატები

2:30 | 30.01.2018 | ნანახია 2505 - ჯერ

ტოპ 14: “მონპელიემ” მოქმედი ჩემპიონი სტუმრად დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა (+VIDEO)

საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა “პარკ დე სპორტს მარსელ მიშელინზე” გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონი “კლერმონი” გათამაშების ლიდერს, “მონპელიეს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით, ბოლო წუთზე გაშვებული გარდასახული ლელოთი დამარცხდა.

მთლიანობაში შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა სტუმრებს მეტად გაუმართლათ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. “მონპელიემ” თამაში აქტიურად დაიწყო, მრავალფაზიანი შეტევა აკინძა და მეტოქის ლელოსთან სამ მეტრში მივიდა, რა დროსაც ჰავბექმა რუან პიენაარმა მაღალი სისწრაფით გამოვარდნილ ლუი პიკამოლს დაარტყმევინა და მისი შეჩერება ვეღარავინ შეძლო, გარდასახვა პიენაარმა შეასრულა ზუსტად.

სულ მალე გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს: ჯერ გრეიგ ლეიდლოუმ შეამცირა სხვაობა, ხოლო შემდეგ პიენაარმა 7-ქულიანი სტატუს-კვო აღადგინა. მე-13 წუთზე კი მასპინძლებმა შეძლეს პირველი ლელოს გატანა: რემი გროსომ მოედნის ცენტრში შეძლო ხაზის გაჭრა და მისი შეჩერება ზედ ლელოს ხაზთან შეძლეს სტუმრებმა, მაგრამ შემდეგ მეორეხაზელმა პოლ ჟედრასიაკმა იყოჩაღა და ბურთის ლელოში გადადება შეძლო, გარდასახვა ლეიდლოუმ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გათანაბრდა.

მე-20 წუთზე ისევ “მონპელიე” დაწინაურდა, პირველი ლელოს მსგავსად, პიენაარმა ისევ პიკამოლს დაარტყმევინა, რომელმაც ბურთი მეტოქის ლელოდან რვა მეტრის მოშორებით მიიღო და მისი შეჩერება სამმა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო. ტაიმის ბოლომდე ლეიდლოუმ ორი ჯარიმა გაიტანა და ვერნ კოტერის შეგირდები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ – 16:17.

მეორე ნახევრის საწყის ოც წუთში ლეიდლოუმ და პიენაარმა ორ-ორი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად, ხოლო 64-ე წუთზე მაილეტოა ჰინგანომ ბრწყინვალე ნახტომში (შეიძლება ითქვას, რომ გაფრინდა – ჯობს იხილოთ ვიდეო) შეძლო ბურთის დამიწება, შოტლანდიელმა ვარსკვლავმა კი რეალიზაცია კვლავ ზუსტად შეასრულა და მასპინძლები 6 ქულით გავიდნენ წინ.

ფრანკ აზემას გუნდი მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ნემანი ნადოლოს ვერაფერი მოუხდეს, რომელიც 79-ე წუთზე ლელოდან შვიდ მეტრში მაღალი სისწრაფით გაექანა ბურთის დასამიწებლად და ორმა მბოჭავმა მისი შეჩერება ვერ შეძლო, რაც გასაკვირი არაა, რადგან ფიჯელი ფრთა ფიზიკურად უძლიერესია, 137 კილოს იწონის და მისი სისწრაფეში გაჩერება ურთულესია. პიენარმა კი დრო მაქსიმალურად გაიყვანა და შემდეგ იოლი გარდასახვა გაიტანა.

“კლერმონმა” თამაშის ცენტრიდან განახლება მოასწრო, ბურთი მოიპოვა კიდეც, მაგრამ რამდენიმე ფაზაში დაკარგა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 29:30.

“მონპელიეს” 51 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. ისინი ერთი ქულით უსწრებენ “რასინგ 92”-ს და “ლა როშელს”, ხოლო “კლერმონი” 32 ქულით მხოლოდ მე-10 საფეხურს იკავებს. მოქმედ ჩემპიონს ზედიზედ 4 წაგება აქვს.

მასპინძელთა სასტარტო შემადგელობაში იყვნენ ვიქტორ კოლელიშვილი და დავით ზირაქაშვილი. ვიტომ 65-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო “ზირაქამ” 70-ე წუთამდე, რომლის ვიზავიც შერკინებაში მიხეილ ნარიაშვილი გახლდათ, რომელიც ასევე 65-ე წუთზე შეცვალეს. შერკინებაში ქართული დაპირისპირება დაახლოებით თანაბარი გამოდგა და ორივე ქართველმა ბურჯმა საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულა. განსაკუთრებით შესაქებია დავით ზირაქაშვილი, რომელმაც ნარიაშვილის ნაცვლად მოედანზე ორიოდე წუთით ადრე გამოსული ივან უატრემეზი მაშინვე დაჩაგრა და მსაჯს შერკინებაში დააჯარიმებინა. ქართველი გოლიათი 34 წლისაა, თუმცა ასაკი ოდნავაც არ ეტყობა და დასვენებულ და თავისზე ახალგაზრდა მორაგბეებს კვლავ ჯობნის. სტუმართა რიგებში ერთი საათის განმავლობაში ითამაშა მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ.

მოიგო “მონპელიეს” ორივე უახლოესმა მდევარმა. “რასინგ 92”-მა მე-4 ადგილოსანი “კასტრი” გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში 18:13 დაამარცხა. პარიზის გარეუბნის ბინადრის სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ კაკოვინი, რომელმაც 50-ე წუთამდე ითამაშა და მეორე ლელოში დიდი წვლილი შეიტანა: სტუმრებმა 5-იანთან აუტი მოაწოდეს, დერეფანი მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, ბურთს ქართველმა ბურჯი დაეუფლა და კარგადაც იარა, შემდეგ კი მეორე ბურჯს ბენჟამინ ტამეუაფანას დაუტოვა და ლელოში მან დაამიწა.

გაცილებით წყნარად მოიგო “ლა როშელმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი “ბრივი” დაამარცხა. პირველი ევროპული ლელო გაიტანა “ოლ ბლექსის” აწ უკვე ყოფილმა ჰავბექმა ტავერა ქერ-ბარლოუმ, რომელმაც მე-17 წუთზე რაქიდან აიტაცა ბურთი და მეტოქის ლელოში შევარდა. მასპინძლებმა ამ მატჩში კიდევ სამი ლელო გაიტანეს და სამივე მგეზავის ძალიან კარგ თამაშს მოჰყვა, რომელმაც სამივე შემთხვევაში ფეხით მშვენივრად გადაკიდა ბურთი და გუნდელებს ბურთის დამიწება არ გასჭირვებიათ. სტუმრებმა საპასუხოდ სამი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ორი ლაპეირეს ანგარიშზეა, შეხვედრის საბოლოო შედეგი კი 33:24 არის.

ორივე გუნდის ძირითადი 1 ნომერი ქართველი იყო. “ლა როშელის” შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილმა 47 წუთი ითამაშა, ხოლო “ბრივის” რიგებში კახა ასიეშვილმა მინდორზე 50 წუთი დაჰყო. ვასილ ლობჟანიძე და სოსო ბეკოშვილი განაცხადში არ ყოფილან.

ქართველების გარეშე იმარჯვა “ტულონმა”, რომელმაც შინ “ბორდო” მარტივად დაამარცხა. შეუჩერებლები იყვნენ სემი რადრადრა, (რომელმაც დუბლი გაიფორმა და განსაკუთრებით ლამაზი პირველი ლელო გამოუვიდა, რომლის ნახვასაც გირჩევდით), კრის ეშტონი და ჯოშუა ტუისოვა და გასაკვირი არაა, რომ 33-ე წუთისთვის მასპინძლები 26:0-ს იგებდნენ. “ბორდო” უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან ტუისოვას წითელმა ბარათმა იხსნა, რომელმაც მეტოქე მაღალი ბოჭვით შეაჩერა და ლელო არ დაადებინა, მატიო რეინალმა კი ეპიზოდი ყველაზე მკაცრი სასჯელით შეაფასა და “ტულონი” 14 კაცით დარჩა, თუმცა შეხვედრის შედეგი ბევრი არაფრით შეცვლილა და ფაბიენ გალტიეს გუნდმა 36:12 იმარჯვა.

“სტად ფრანსე” საკუთარ მოედანზე “პოს” დაუხვდა და მოულოდნელად, სამარცხვინოდ დამარცხდა. პარიზელებმა მეტოქეს ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 35-ქულიანი სხვაობით 5:40 წააგეს. ზურაბ ჟვანია 70-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, როდესაც ანგარიში 0:33 იყო, ხოლო გიორგი მელიქიძე მარქაფაში არ ყოფილა.

კიდევ უფრო მწარე მარცხი იწვნია თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძის და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა”, რომელიც სტუმრად “ლიონთან” განადგურდა – 17:71. ქართველთაგან მხოლოდ თეთრაშვილმა ითამაშა: თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერი “ოიონა” სტუმრად “ტულუზასთან” 15:37 დამარცხდა. ტოპ 14-ის ბოლო ადგილოსნის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 52-ე წუთამდე ირაგბა, ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ.

კლერმონი - მონპელიე 29:30

სტად ფრანსე - პო 5:40

ლიონი - აჟენი 71:17

ტულუზა - ოიონა 37:15

ლა როშელი - ბრივი 33:24

კასტრი - რასინგ 92 13:18

ტულონი - ბორდო 36:12

სატურნირო მდგომარეობა

1. მონპელიე 16 11 0 5 443:355 51
2. ლა როშელი 16 11 1 4 485:319 50
3. რასინგ 92 16 11 0 5 391:261 50
4. კასტრი 16 9 0 7 389:368 43
5. ტულონი 16 8 0 8 431:348 43
6. ტულუზა 16 9 1 6 408:344 43
7. ლიონი 16 9 0 7 431:338 42
8. პო 16 9 0 7 360:338 40
9. ბორდო 16 8 1 7 410:401 37
10. კლერმონი 16 6 1 9 438:438 32
11. სტად ფრანსე 16 6 0 10 306:436 27
12. ბრივი 16 5 1 10 290:466 24
13. აჟენი 16 5 0 11 309:456 23
14. ოიონა 16 1 3 12 315:538 14
თეგებიტოპ 14

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:13 | 30.01.2018
temuchin (431)

კარგი მიმოხილვაა, მომწონს!

12:33 | 30.01.2018
BEERTRANCE (1073)

ეგ კარგი ქენით მიმოხილვები რო დადეთ.

0.14801