შიდა რაგბი

11:00 | 29.01.2018 | ნანახია 4189 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" კვართით საკუთარ თავს რომ წარმოვიდგენ, გული სიხარულით მევსება" - ინტერვიუ გურამ შენგელიასთან
"ყველა მორაგბის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში, მათ შორის ჩემიც."

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რამდენიმე დღის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი ტურის მატჩისთვის, გაფართოებული 36-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ბელგიისა და გერმანიის ნაკრებებთან შეხვედრებისთვის გამოძახებულ მოთამაშეებს შორის, ორი ახალწვეულია და ორივე მესამეხაზელია: "ენისეის" მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე და გორის "ჯიქის" კაპიტანი გურამ შენგელია.

25 წლის შენგელია გორული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და "ჯიქის" გასული სეზონის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი კარგი თამაში, უყურადღებოდ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ დარჩენია. შენგელია ნაკრების მწვრთნელების მეთვალყურებით, სხვა ადგილობრივ მორაგბეებთან ერთად ვარჯიშობდა, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან. ჰეიგმა გადაწყვიტა, რომ "ჯიქის" კაპიტანი ნაკრებში სათამაშოდ მზადაა და გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

WorldRugby.Ge "ბორჯღალოსნების" დებიუტანტს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს და აქვე გთავაზობთ.

- ელოდით ნაკრებში გამოძახებას? რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ მილტონ ჰეიგმა გაფართოებულ შემადგენლობაში შეგიყვანათ?

- ჩემი აზრით, ვინც ვვარჯიშობდით თბილისის ჯგუფში, ყველას ჰქონდა იმის იმედი და მოლოდინი, რომ მოხვდებოდა ამ სიაში. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ ეროვნული ნაკრებში გამომიძახეს.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ნაკრები? როდესაც წარმოიდგენთ, რომ "ბორჯღალოსნების" კვართს მოიგებთ, რა გრძნობა გეუფლებათ?

- პირველ ყოვლისა, ყველა მორაგბის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში, მათ შორის ჩემიც. მეორე მხრივ, ეროვნული ნაკრები მომავალთან ასოცირდება და კარიერულ წინსვლასთან. რაც შეეხება გრძნობებს, ამ ყველაფერს, რომ წარმოვიდგენ, გული სიხარულით მევსება. სიამოვნებაა, როდესაც საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავ.

- ვიწყებთ რაგბი ევროპის ჩემპიონატით, სადაც პირველ ორ მატჩს შედარებით სუსტ გუნდებთან, ბელგიასთან და გერმანიასთან გავმართავთ. როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველოს ნაკრებმა შედარებით სუსტ გუნდებთან თამაშით?

- საქართველოს ნაკრებს ასეთ გუნდებთან შეუძლია, რომ დახვეწოს სისტემები, გააუმჯობესოს ხარისხი, ითამაშოს ლამაზად, გამოსცადოს კანდიდატები და ახალგაზრდები.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი რთული მატჩები გველოდება, ზაფხულში იაპონია და ფიჯი, შემოდგომაზე იტალია, სადაც კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ ამ მატჩებისგან?

- ამბიცია გვაქვს, რომ კონკრეტულ თამაშს მოვუგებთ და მოგვიგია კიდეც, იაპონიასთან და ფიჯისთან, თუმცა მარტივი არ იქნება. გვაქვს ძლიერი მხარეები, რითაც უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ.

- 2019 წლის მსოფლიო თასზე რას ფიქრობთ? რა არის ჩვენი გუნდის მიზანი?

- ორი თამაშის მოგება, ანუ მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რაც წინა მსოფლიო თასზე იყო ნაჩვენები.

- დიდი 10-ის მეორე წრე წარმატებით დაიწყეთ და "არმაზი" დამაჯერებლად დაამარცხეთ, თუმცა ჯერჯერობით მოწინავე სამეულს ჩამორჩებით. შეუძლია "ჯიქს" რეგულარულ ჩემპიონატში უფრო წინ წაწევა და პლეი-ოფში უფრო კომფორტულად მოხვედრა?

- "ჯიქს" ამის გაკეთება შეუძლია, რა თქმა უნდა. წინა სეზონშიც დაახლოებით ასე ჩამოვრჩებოდით გუნდებს, შემდეგ ცხრა თამაში მოვიგეთ მიყოლებით და ჩემპიონები გავხდით. დაგვიბრუნდნენ ტრავმირებული მოთამაშეები და დღევანდელი თამაში დიდ იმედს გვაძლევს, რომ წინ წავიწევთ.

- აშკარაა, რომ დიდი 10 წინ მიდის, ვითარდება. "ბათუმის" ევროთასებზე თამაში ამის მაგალითია, პირველივე სეზონში ჯგუფური ეტაპის დაძლევა ყველამ დადებითად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის, რა სჭირდება ქართულ საკლუბო რაგბს?

- დიახ, დიდი 10 ყოველ წელს ვითარდება დაბალი ტემპით. საკლუბო რაგბის წინსვლისთვის საჭიროა, ბავშვების სწორად აღზრდა და რაგბის სკოლების განვითარება, მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ დიდი ტემპით წავიდეთ წინ.

- რას ეტყვით იმ ქომაგს, რომელთაც თქვენი სჯერათ, მხარში გიდგანან და თქვენი ნაკრებში გამოძახება გაუხარდათ?

- იმედი მაქვს მომეცემა შანსი, ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში. მადლობა, რომ მხარში მიდგეხართ და ჩემი გჯერათ. ჩემთვის თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანია და ძალას მაძლევს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:50 | 29.01.2018
temuchin (431)

წარმატებები გურამ, შენი და თითოეული ქართველი მორაგბის წარმატება ჩვენი ყველას წარმატებაა!

17:55 | 29.01.2018
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგი, წარმატებას ვუსურვებ და მჯერა ყველა ახალბედა დაამტკიცებს რომ ტყუილად არ მოხვედრილან მელიტონას თვალთახედვის არეალში, რაგბი ჩვენი თამაშია!

17:39 | 29.01.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გურამ, რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.093895