საერთაშორისო

19:40 | 28.01.2018 | ნანახია 3821 - ჯერ

ურუგვაი მსოფლიო თასს და საქართველოს მიუახლოვდა (+VIDEO)
ურუგვაი საშინაო შეხვედრას 9-ქულიანი უპირატესობით ხვდება

2019 წლის მსოფლიო თასის ამერიკის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, კანადის ნაკრებმა ვანკუვერში ურუგვაის უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა.

კანადელები ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში “ნეკერჩხლებმა” აშკარა რეგრესი განიცადეს და ეს სულ უფრო თვალში საცემი ხდება. ურუგვაელები კი პირიქით, პროგრესირებენ და შედეგიც სახეზეა, მათ მეტოქე ზედიზედ მეორედ დაამარცხეს.

მასპინძელთათვის შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე წუთზე “პრანწიების” (ჩიტი, რომელიც ურუგვაელთა რაგბის სიმბოლოა) ფულბექმა როდრიგო სილვამ მეტოქის ლელოდან 40 მეტრის მოშორებით ხაზის გაჭრა მოახერხა, მაღალი სისწრაფე აკრიფა და შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო გაიტანა, რომელიც ფელიპე ბერჩესმა გარდასახა.

კინგსლი ჯონსის შეგირდებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლეს, მე-17 წუთზე ხელდახელ კარგი შეტევა გადააბეს და ოლმსტედმა ბურთის ლელოში დამიწება შეძლო, კონორ ბრეიდმა კი რეალიზაცია შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ხუთ წუთში ბრეიდმა ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები წინ გავიდნენ. ორიოდე წუთში ფილ მაკმა რაქიდან სწრაფად გამოიტანა ბურთი და ბენ ლესეჯს გადააწოდა, რომელმაც საკუთარ ნახევარზე შეძლო ხაზის გაჭრა და მეტოქის 22-მდე ირბინა, შემდეგ კი ოვალი დითიეიჩ ვან დერ მერვეს გაატანა და მან სტუმრები მეორედ დაალელოვა, ბრეიდმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა და კანადა უკვე ათი ქულით დაწინაურდა, თუმცა როგორც მალევე გაირკვა, ურუგვაი დანებებას სულაც არ აპირებდა.

“პრანწიებმა” 30-ე წუთზე შეტევის მიმართულება მშვენივრად შეცვალეს, მარჯვენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და ლეანდრო ლეივასის შეჩერება ვეღარავინ შეძლო, ბერჩესის გარდასახვა ისევ ზუსტი იყო და სხვაობა კვლავ სამ ქულამდე შემცირდა. გაწითლებულ დროში კი სტუმართა 9 ნომერმა იყოჩაღა, მოწინააღმდეგის დაცვაში ღრიჭო იპოვა და პირდაპირ ძელებს შორის შევარდა, გარდასახვის გატანა ბერჩესს არ გასჭირვებია და ტაიმი 17:21 დასრულდა.

კანადელთათვის მეორე ნახევარი იმედისმომცემად დაიწყო, 46-ე წუთზე ლელოდან ათი მეტრის მოშორებით აუტი მოაწოდეს, რომელიც მოიგეს და მძლავრი მოლი ჩამოაყალიბეს, რომელიც ურუგვაელებმა წესების დარღვევით შეაჩერეს, რაც მსაჯმა გარდაუვალი ლელოსგან თავის აცილებად მიიჩნია და საჯარიმო ლელო ჩათვალა, სტუმართა კვაჭი ჟერმან კესლერი კი გაასინბინა.

მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, ურუგვაელებმა მომდევნო ათ წუთში ჯერ ჯარიმა ააცილეს, ხოლო შემდეგ ორი გარდასახული ლელო გაიტანეს: 51-ე წუთზე კვლავ ყოჩაღაც შეცვალეს ფლანგი, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა მოიპოვეს და მეორეხაზელ იგნასიო დოტის გადააწოდეს ბურთი, რომელიც მაღალი სისწრაფით 22-ში შევარდა, ვერავინ შეაჩერა და ლელო დადო, ხოლო ბერჩესმა გარდასახვა კვლავ გაიტანა. 56-ე წუთზე სტუმრებმა 5-იანიდან აუტი მოაწოდეს, დერეფანი მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, რომლიდანაც ბურთი გამოიტანეს და რამდენიმე მიძალების შემდეგ, უკვე მეორე მეორეხაზელმა როდრიგო კაპო ორტეგამ შეძლო ოვალის დამიწება, რეალიზაცია ბერჩესმა ისევ შეასრულა ზუსტად და სხვაობა უკვე 11 ქულა გახდა.

62-ე წუთზე ბერჩესს კიდევ შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მეორე ჯარიმა გაუცუდდა. კანადელებმა ერთი საპასუხი ლელო 70-ე წუთზე გაიტანეს, 5-იანიდან აუტი მოაწოდეს და მოიგეს, მაგრამ მოლი ვერ ჩამოაყალიბეს და მრავალფაზიანი შეტევის აკინძვა მოუწიათ, რომელიც საბოლოოდ ნიკ ბლევინსმა დააბოლოვა კიდესთან ახლოს, გარდასახვა კი მაკმა ააცილა და სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა, მაგრამ 75-ე წუთზე ბერჩესმა ჯარიმა გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა 29:38 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა 3 თებერვალს მონტევიდეოში გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ კანადის ნაკრები 9-ქულიან ჩამორჩენას ვერ აღმოფხვრის, 2019 წლის მსოფლიო თასზე დ ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები იმყოფება, ურუგვაის ნაკრები მოხვდება, ხოლო კანადა რეპეშაჟში განაგრძობს ასპარეზობას და იქიდან შეეცდება პლანეტის პირველობაზე გასვლას.

კანადა

უკანა ხაზი

15. ტეილორ პარისი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ბენ ლესეჯი, 12. ნიკ ბლევინსი, 11. დითიეიჩ ვან დერ მერვე, 10. კონორ ბრეიდი, 9. ფილ მაკი (კაპიტანი);

შერკინება

1. ჰუბერტ ბაიდენსი, 2. რეი ბარკვილი, 3. ჯეკ ილნიკი, 4. ბრეთ ბოკებუმი, 5. ჯოშ ლარსენი, 6. ევან ოლმსტედი, 7. მეთ ჰიტონი, 8. ტაილერ ერდრონი;

მარქაფა

16. ბენუა პიფერო, 17. დუსტის სერს-დურუ, 18. კოულ კეითი, 19. ადმირ სევანოვიჩი, 20. ლუკას რამბოლი, 21. გორდონ მაკრორი, 22. პატრიკ პერფრი, 23. ბროკ სტელერი

მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი

ურუგვაი

უკანა ხაზი

15. როდრიგო სილვა, 14. ლეანდრო ლეივასი, 13. ხუან მანუელ კეტი, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. ნიკოლას ფრეიტასი, 10. ფელიპე ბერჩესი, 9. სანტიაგო არატა;

შერკინება

1. მატეო სანგუინემეტი, 2. ჟერმან კესლერი, 3. მარიო სეგარიო, 4. იგნასიო დოტი, 5. როდრიგო კაპო ორტეგა, 6. ხუან გამინარა, 7. ფრანკო ლემანა, 8. ალეხანდრო ნიეტო

მარქაფა

16. კარლოს პომბო, 17. მატიას ბენიტესი, 18. ხუან ეჩევერია, 19. მანუელ ლეინდეკარი, 20. როდოლფო გერესე, 21. აგუსტინ ორმეჩეა, 22. გასტონ მიერესი, 23. ხოაკინ პრადა.

მწვრთნელი: ესტებან მენესესი

სრული მატჩი


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:59 | 30.01.2018
grinchi (18)

იტალიის მიერ საფრანგეთის დამარცხება არ გაფიქრებინებთ?

10:37 | 30.01.2018
ilarioni (138)

რაც ეხება ურუგვაისთან დაპირსიპირებას, მემგონი ყველას სურვილი გამარჯვება, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი. მე პირადად ადვილ გასეირნებას არ ველი იმ "ობიექტური" მიზეზების გამო რაც უკვე ვახსენე, იმედია ჩვენი გუნდიც იზიარებს ამ მიდგომას და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება, თუ ნამიბიასთან დაპირირსპირებიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ.

10:33 | 30.01.2018
ilarioni (138)

ჩემი აზრით, მსაჯის ფაქტორს თავი რომ დავანებოთ, იმიტომ რომ მე პირადად არ მიყვარს მსაჯზე საუბარი, და გუნდის ფსიქოლოგიური განწყობას, რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ არ იქნება სწორი თუ ამ მომენტს სათანადო მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. რა შორს მიდიხართ უელსთან თამაშზე ვისაუბროთ ეტყობოდა ჩვენ გუნდს, რომ ფსიქოლოგიურად მზად არის მსგავსი თამაშების მოსაგბად? ალბათ არა, ჩვენი გუნდი ამ თამაშის მოსაგებად არ გასულა მოედანზე, ეს ყოველთვის ადვილად შესამჩნევია. განა იმიტომ, რომ არ უნდოდათ მოგება, არამედ ბოლომდე არ გვჯერა რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. როდესაც ბოლომდე გჯერა თავიდანვე სულ სხვანაირად თამაშობ. არგენტინის წინააღმდეგ ანალოგიურ დაგვემართა, გუნდი მაშინ გაიხსნა როდესაც თამაში უკვე წაგებული იყო. ამიტომ მენტალური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ ობიექტურად რა შედეგის დადებას შეძლებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინც რეიტინგში მაღლა დგას ის აუცილებლად იგებს, ან ვისაც მეტი ლეგიონერი ყავს. მსგავს თამაშებში უმნიშვნელოვანესია გუნდი როგორ განეწყობა.

17:38 | 29.01.2018
ilarioni (138)

მსგავსი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ესპანეთთანაც არ უნდა გვიჭირდეს ხოლმე, არც მაგათ ჰყავთ ამდენი ლეგიონერი ტოპ 14-ში მაგრამ ყოველთვის გვიჭირს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა კარგად არის მომზადებული, თან თამაშის სტილში ბევრი არაფერი შეცვლილა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ თვისობრივად სულ სხვა რაგბს ვთამაშობთ, ვიდრე მაშინ. ხაზით თამაშს ვცდილობთ, მაგრამ როგორც კი წინაღობას ვაწყდებით, ისევ შერკინება იღებს თამაშს თავის თავზე. თუნდაც თბილისის თასზე მოგებული 19-10 რა სანუგეშო ანგარიშია? მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ ურუგვაის არ ვჯობივართ მაგრამ ეს უპირატესობა იმდენად მცირეა, რომ მსოფლიო თასზე აღარაფერს ნიშნავს. რა ნამიბიას არ ვჯობდით, გინდაც რეიტინგით, გინდ სტატისტიკით, მაგრამ ცოტაც და შეიძლებოდა მაგ თამაშის წაგება, რატომ? იმიტომ, რომ ნამიბიას ჰქონდა ერთი თამაშის მოგების მოტივაცია, ჩვენ კიდევ არასათანადოდ შევაფასეთ ნამიბიელები და რაგბში ამას, რომ არავინ გპატიობს კარგად ვიცით. რუმინეთს რა ჩვენ რა ქულა ქულაში არ ვეთამაშებით? შარშან არ იზო რომ წავაგეთ საერთოდ. ან თუნდაც შარშანდელი რუსეთთან თამაშით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. მგათმა ხაზმა, ჩემი აზრით, გვაჯობა, ზოველ შემთხხვევაში მე-2 ტაიმში კინაღამ შემოგვიტრიალეს თამაში. ასე რომ არ ვარგა ზედმეტად თავდაჯერება. დამიჯერე ასე სჯობს, დანარჩენი ვფიქრობ უშუალოდ მოედანზე გაირკვევა, მთავარია ფსიქოლოგიურად სწორად განვეწყოთ.

19:02 | 29.01.2018
GiorgiG83 (525)

ნუ მიწყენ მაგრამ რეალობას ცოტა აცდენილია ეს ყველაფერი
სხვადასხვა კატეგორიაა ობიექტური რელობა და ამ რეალობის მიღმა სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა განწყობა, მსაჯობა და ა.შ. ...

ურუგვაი დღეს არის რუსეთზე ცოტათი უკეთესი გუნდი, მარგამ რუმინეთზე შესამჩნევად უარესი - ჩვენ კი რუმინეთზე შესამჩნევად ძლიერი და რუსეთთან შედარებით ერთი თავით მაღლამდგომი

19:31 | 29.01.2018
თორღვა პანკელი (387)

რა არი რეალობას აცდენილი? შენ თუ გგონია მსაჯს არ შეუძლია თამაში წაგაგებინოს, რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყო, მაშინ საერთოდ სპორტის აზრზე არახარ.

23:27 | 29.01.2018
GiorgiG83 (525)

თუ შედება წყვილი საქართვლო ურუგვაი გამიხენე და მე გავიხსენებ ვინ რის აზრზეა

18:37 | 29.01.2018
თორღვა პანკელი (387)

50/50-ზე? მე უფრო მეტს დავუწერდი ბიჭებს რათქმა უნდა მაგრამ ჯობია ამ თამაშზე რომ გავლენ სწორედ მაგ პროცენტით შეაფასონ მოწინააღმდეგე, რადგან ერთადერთი რამაც ურუგვაისთან შეიძლება კისერი მოგვატეხინოს მოწინააღმდეგის დაუფასებლობაა, მსაჯის ფაქტორთან ერთად. ნამიბიის შემთხვევაში გეთანხმები, მაგრამ იქ ნამიბიას მსაჯიანად ვეჭიდავეთ, თუმცა არც მაგ შემთხვევაში უნდა გაგვჭირვებოდა მაგრამ ცოტა არ იყოს კი ვინერვიულეთ, თუ ფსიქოლოგიურად ჩვენი ნაკრები კარგად იქნება მომზადებული მე პირადად ბობოლებთანაც ველი რაღაც რაღაცეებს, ახლა წინ ისეთი გამოცდები და ისეთი სასიამოვნო და საჭირო ტესტები გველოდება რომ, შანსი არაა შედეგი არ გამოიღოს და ნაკრების სათამაშო ხარისხმა და კლასმა არ მოიმატოს. 2019-მდე ტესტები გვაქვს ფიჯისთან, იაპონიასთან, აღარაფერს არ ვამბობ შოტლანდიასთან შინ და გარეთ, აგერ რამდენიმე დღეში შეიძლება დიდი ალბათობით ინგლისი აქეთ ჩამოვიდეს თბილისში სავარჯიშოთ, წარმოუდგენელია ამ ყველაფერმა ნაკრებზე და კონკრეტულად ქართულ რაგბზე დადებითად არ იმოქმედოს. მოკლედ რომ ვთქვა, მე 2019-წელს გაცილებით უკეთეს საქართველოს ნაკრებს ველი, ვიდრე ვიყავით 2015-წელს.

17:03 | 29.01.2018
GiorgiG83 (525)

2003-ში პირველად შევხვდით ურუგვაის, ჩვენს პირველ მსოფლიოზე სადაც ჯგუფში მოლო მატჩი წავაგეთ 12:24
მეორე წაგება წავაგეთ მომავალ წელს ამერიკის ტურნეზე, ურუგვაიში - 7:17
ამ ორი მატჩის აღარცერთი მორაგბე აღარაა ჩვენს ნაკრებში (პ.ს. მეკო შემოვიდა შეცვლაზე 19 წლის მეკო)
ამის შემდეგ მოვიგეთ სამი თამაში:

2008 წელს ბუქარესტის თასზე 20:18
2013 წელს თბილისში 27:3
და
2015 წელს თბილისის თასზე 19:10

ურუგვაელების ჩვენი დამარცხებიდან გასულია 14 წელი სამი მსოფლიო თასის ციკლი, 19_ში იქნება 15 წელი და 4 მსოფლიო თასის ციკლი


პ.ს.
იმ 37 წლის მეორე ხაზელ ლეგიონერზე უკეთეს გუნდში მეორე მორაგბე არ ჰყავს მთელ ურუგვაის და ყველაზე ძლიერ ნაკრებს მსოფლიო თასების გარდა შეხვედრია მზარდ არგენტინას, საფრანგეთის XV, მზარდ საქართველოს, ფიჯი XV, მზარდ აშშ_ს, მზარდ იტალიას, შოტლანდიის "ა" ნაკრებს და მზარდ კანადას, ურუგვაის ჩემპიონატში მოთამაშე 23-24 წლის ბიჭემბა, რომლებიც დღემდე განწირულები არიან რუმინეთთან და აქამდე რუსებთან ქულა-ქულაში თამაშით იპოვებდნენ მსოფლიოს საგზურს ჩვენთან რომელ 50 %_ზეა ლაპარაკი?

16:37 | 29.01.2018
ilarioni (138)

ფიჯისთან ურუგვაის შანსი არ ექნება. ჩვენთან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოგებული აქვთ და თანაც არა ერთხელ, მართალია 3-2, ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ მაინც, თან, მათ შორის, ერთი მოგება მსოფლიო თასზე. ეს სტატისტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. იმ 37 წლის მოთამაშეს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ორი წლის შემდეგ დიდი ალბათობით, აღარ იქნება ნაკრებში, ძალიან გამოცდილი (და არა გადაბერებული)გუნდია, თან ძალიან მებრძოლი და ამ ერთი თამაშის მოგებაზე იქნებიან ფოკუსირებული. ასე რომ ვისაც ჰგონია, რომ ადვილი გასეირნება გველის ურუგვაისთან, ცდება. მსოფლიოსთვის ყველა გუნდი კარგად არის მომზადებული, ასე რომ მოგება ადვილი და გარანტირებული არ იქნება. კიდევ ერთხელ, გარანტირებულ მოგებას ვგეგმავდით ნამიბიის წინააღმდეგ და ვნახეთ რომ შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც

14:00 | 29.01.2018
ilarioni (138)

სარაგბო ტრადიციებით ვინც ზომავს გუნდის აქტუალურ სიტუაციას, ალბათ დიდი სისულელეა. ტრადიციები რუმენეთსაც არ აქვს ცუდი და გერმანიასაც მე-2 მსოფლიო ომამდე კარგი გუნდი ჰყავდა მაგრამ რად გინდა. ნუ დაგვავიწყდება ნამიბიის წინააღმდეგ რის ვაი-ვაგლახით მოგებული თამაში წინა მსოფლიო თასზე. რეალურად ჩვვენი და ურუგვაის ძალები თანაბარია, იმიტომ რომ მართალია შერკინებაში უპირატესობა გვექნება, მაგრამ უკანა ხაზი სწრაფი ყავს და ურიგოდ არ ბურთაობენ. საერთოდ მე არ მეგულება დაახლოებით ჩვენი დონის გუნდები, ვისაც ჩვენზე უკეთესი უკანა ხაზი არ ყავდეს. ჩვენი "პრობლემა" ძლიერი შერკინებაა, პარადოქსია მაგრამ ჩემი აზრით ასეა, სანამ ეს ასე იქნება ხაზი ვერასდროს წავა წინ. თან ურუგვაის მიზანი იქნება ამ ერთი (ერთადერთი) კონკრეტული თამაშის მოგება, ჩვენ კი სხვა მიზანი გვაქვს. გარდა ამისა ძალიან-ძალიან მებრძოლი მენტალიტეტის გუნდია. რაც ეხება ფიჯისთან შანსებს, ვფიქრობ 60-40-ზეა ფიჯის სასარგებლოდ, თუმცა შანსები ბუნებრივია ერთია და კონკრეტულ თამააშს როგორ ჩაატარებ მეორე, ასე რომ ყველაფერი წინაა, მთავარია განწყობა და მომზადება, მათ შორის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური

16:00 | 29.01.2018
GiorgiG83 (525)

საქართველო 40-60 ფიჯი
და
საქართველო 50-50 ურუგვაი?

და ფიჯი ურუგვაის შანსებს როგორ შეაფასებდი?

რანაირადაა ჩვენი და ურუგვაის ძალები თანაბარი გაფიცებ იქნებ ჩამოაყალიბო?

1 Mateo Sanguinetti (Los Cuervos) 25 წლის 44 კეპი
2 Germán Kessler (Los Cuervos) 23 წლის 32 კეპი
3 Mario Sagario (Carrasco Polo) 31 წლის 67 კეპი
4 Ignacio Dotti (Los Cuervos) 23 წლის 27 კეპი
5 Rodrigo Capó Ortega (Castres Olympique) 37 წლის 40 კეპი - ლეგიონერი
6 Juan Manuel Gaminara (Old Boys) 28 წლის 48 კეპი (კაპიტანი)
7 Franco Lamanna (Mazamet) 26 წლის 46 კეპი - ლეგიონერი / ფედერალი
8 Alejandro Nieto (Champagnat) 30 წლის 56 კეპი
9 Santiago Arata (Old Christians) 21 წლის 23 კეპი
10 Felipe Berchesi (Dax) 26 წლის 25 კეპი
11 Nicolás Freitas (Carrasco Polo) 24 წლის 20 კეპი
12 Andrés Vilaseca (Old Boys) 26 წლის 36 კეპი
13 Juan Manuel Cat (Old Boys) 21 წლის 14 კეპი
14 Leandro Leivas (Los Cuervos) 30 წლის 37 კეპი
15 Rodrigo Silva (Carrasco Polo) 25 წლის 43 კეპი

ახლა ამათ ჩვენი ნაკრების დონე შეადარე და 50-50 ზე დასვი შანსები

11:00 | 29.01.2018
ilarioni (138)

რატომ მიიჩნეოდა კანადა ამ მატჩი ფავორიტად ვერ ვხვდები. საშინელ წელს ატარებს. გარდა ამისა ურუგვაი ძალიან მებრძოლი გუნდია და მე 70% მეგონა კიდეც რომ ურუგვაი გავიდოდა. დამიჯერეთ არც მსოფლიოზე იქნება ურუგვაის დამარცხება ადვილი, მე პირადად შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. ერთადერთი თამაში, რომლის მოგება ურუგვაის შეეძლება ჩვენ წინააღმდეგ თამაშია და დარწმუნებული ვარ ბოლომდე ითამაშებენ მაგ თამაშს. კარგია, რომ მე-2 თამაში გვაქვს მაგათ წინააღმდეგ იმიტომ, რომ ბოლო თამაშში ძალები აღარ გვყოფნის ხოლმე, მოკლე სათადარიგო სკამის გამო.

11:43 | 29.01.2018
GiorgiG83 (525)

კანადის ფავორიტობა მისი სარაგბო ტრადიციებით და უფრო მაღალი კლასის შემსრულებელბით ითვლებოდა, თუმცა დიდია სტაგნაცია + ასაკში მყოფი მორაგბეები

ურუგვაისთან თუ ჩვენი შანსები 50/50_ზეა მაშინ ფიჯისთან 0/100 გვქონია

სათადარიგოთა სკამი ყველას თანაბარი სიგრძის აქვს მსოფლიოზე, განსხვავება შემსრულებლებშია

23:14 | 28.01.2018
dominici99 (94)

simboluri ikneba, urugvai ro shegxvdes da mekoc iyos nakrebsgi. 16 wlis mere srulpasovani revanshi acugot. ise ki, ra tqma unda mtavari safiqrali martlac fijia

23:12 | 28.01.2018
NIKA..01 (335)

ჩვენთვის სულერთია რომელი გავა,ორივეს უნდა მოვუგოთ.მთავარი საფიქრალი ფიჯია.

21:12 | 28.01.2018
ოვალური კორბენი (276)

ძალიანაც კარგი. გვახსოვს ბრიყვული წყენანი ურუგვაელებისგან და მათი სამაგალითოდ გვემა დამატებითი ინტრიგა იქნება მსოფლიოზე ჩვენთვის

20:55 | 28.01.2018
ogafa (407)

ორივეს მოუგებთ

20:21 | 28.01.2018
თორღვა პანკელი (387)

მართლაც ვავა კანადა.

20:17 | 28.01.2018
BEERTRANCE (1073)

ვავა კანადა.

0.097682