გუშინ გაუწყეთ, რომ 6 ერის ჩემპიონატის დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე, უელსის ნაკრებს ტრავმების გამო, ორი წამყვანი მგეზავი დენ ბიგარი და რის პრისტლენდი გამოაკლდა. ახლა კი გეტყვით, რომ “დრაკონებს” ამავე მიზეზით, ჰავბექი რის ვები და ფულბექი ლიამ უილიამსი დააკლდებათ.
26 წლის უილიამსმა ტრავმა 18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებთან მოგებულ (13:6) ტესტ-მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. თავდაპირველი მდგომარეობით, ლიამი თებერვლამდე უნდა გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა სარეაბილიტაციო კურსი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და დიდი შანსია, რომ მან მიმდინარე წლის 6 ერის გათამაშება მთლიანად გამოტოვოს.
რაც შეეხება ვებს, 29 წლის 9 ნომერს მუხლი აქვს დაზიანებული და მოახლოებულ ტურნირზე ვერ ითამაშებს. უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა რისის ნაცვლად, ნაკრებში “კარდიფ ბლუზის” 22 წლის ჰავბექს ტომოს უილიამსს უხმო, რომელსაც უელსელთა კვართით ჯერ არ უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია