ამბები

22:52 | 1.11.2014 | ნანახია 4093 - ჯერ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ლისაბონში, მასპინძელ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, 44:14 აჯობა და ტიტულის მფლობელი გახდა.

მთელმა შეხვედრამ ქართველი მორაგბეების უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” არ გარისკეს და პირველ ტაიმში ქულების ჯარიმებით აღებაზეც არ თქვეს უარი. საწყისი 20 წუთი უქულო გამოდგა, მერე კი, ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმით ანგარიში გახსნეს, მალე ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, 30-ე წუთზე კვლავ ჯარიმიდან იხეირეს, ხოლო შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეორედ გადალახეს მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი და გარდასახვით ანგარიში 20:0 გახდა.

ტაიმზე დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლებმა დაცვაში ქართველთა უყურადღებობით ისარგებლეს, ერთი ლელო გაქვითეს და გარდასახვაც გამოიყენეს - 20:7. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო და 10 წუთში ორი ლელოც გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვები მოყვა. აქ ევროპის ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეული იყო, მაგრამ პორტუგალიამ თავისი მეორე ლელო მალევე რომ გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა, “ბორჯღალოსნებმა” ბოლომდე მოინდომეს, მასპინძელთა ჩათვლის მოედნის ხაზი კიდევ ორჯერ გადაკვეთეს და 44:14 იმარჯვეს.

მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ მოუწევს ლისაბონში ჩასვლა და ამჯერად ევროპის ჩემპიონის სტატუსით მსოფლიო თასის “ალაფაზე” ითამაშებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094865