ჩემპიონატები

15:00 | 23.01.2018 | ნანახია 1434 - ჯერ

პოკოკს სამი თვე გაუცდება

ავსტრალიის ნაკრების მესამეხაზელი დავიდ პოკოკი ტრავმირებულია. “ბრამბიზის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის მორაგბეს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და თამაშს სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, დავიდი სუპერ რაგბის სტარტს გამოტოვებს, რომელიც 17 თებერვალს დაიწყება და რეგულარული ჩემპიონატი 14 ივლისამდე გასტანს.

შეგახსენებთ, რომ პოკოკს ერთწლიანი შვებულება ჰქონდა აღებული, მეუღლესთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა სასწავლებლად და გასული სეზონის “ზე რაგბიში” არ უთამაშია. მან კარიერა 2017 წლის აგვისტოს მიწურულს განაახლა და მას შემდეგ იაპონური “პანასონიკ უაილდ ნაითსის” ღირსება 11-ჯერ დაიცვა და 1 ლელო გაიტანა. (სამხრეთ ნახევარსფეროში მორაგბეებს ორი კლუბი ჰყავთ: ერთი სუპერ რაგბიში და ერთი რომელიმე ჩემპიონატში, მაგ: ახალი ზელანდიის “მიტრე 10”-ში, ავსტრალიის ნაციონალურ რაგბის ჩემპიონატში, იაპონიის ჩემპიონატში და ა.შ.).

ცნობისთვის, პოკოკი “ბრამბიზში” 2013 წელს “ვესტერნ ფორსიდან” (2006-2012, 69 მატჩი – 8 ლელო) გადავიდა. მან ამ დროის განმავლობაში “ველის რაშების” მაისურით 30-ჯერ ითამაშა და 10 ლელო გაიტანა. “ვოლაბების” კვართი პირველად 2008 წელს მოირგო, მას შემდეგ 66 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები 7-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085534