ლეგიონერები

18:37 | 22.01.2018 | ნანახია 2159 - ჯერ

ლეგიონერები: შვიდი გუნდით ევროპაში

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი გავიდა.

პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა", რომელმაც დასკვნით ტურში ინგლისური "ჰარლიქუინსი" 16:7 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. "ლა როშელმა" 6-იდან 4 თამაში მოიგო და ჯამში 20 ქულა დააგროვა.

მეორე ჯგუფში 5 გამარჯვებით და 22 ქულით პირველი ადგილი დაიკავა დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა". დასკვნით ტურში "ვულკანებმა" უელსური "ოსპრეიზი" 24:7 დაამარცხეს. ზირაქაშვილმა პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა.

მეოთხე ჯგუფში, დასკვნით ტურში პარიზულმა "რასინგმა" "ლესთერ თაიგერსი" ინგლისში 23:20 დაამარცხა, 19 ქულით სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა და მეოთხედფინალში გავიდა. "რასინგის" შემადგენლობაში 58-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

19 ქულით და მეორე ადგილით დაძლია ჯგუფური ეტაპი ლევან ჩილაჩავასა და მამუკა გორგოძის "ტულონმა". ტულონელები დასკვნით ტურში "სკარლეტს" უელსში ეწვივნენ და 27:30 დამარცხდნენ, თუმცა ბონუს-ქულამ მეორე ადგილის დაკავების და მეოთხედფინალში გასვლის საშუალება მისცა.

ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან ჯგუფური ეტაპი მხოლოდ "მონპელიემ" ვერ გადალახა, რომელმაც დასკვნით ტურში ირლანდიური "ლენსტერი" მიიღო და 14:23 დამარცხდა. მიხეილ ნარიაშვილმა (59 წუთი) და კოტე მიქაუტაძემ (72 წუთი) თამაში ძირითადში დაიწყეს, ხოლო გელა აფრასიძემ შეცვლაზე 6 წუთი ითამაშა.

სამი გუნდი ჩელენჯ ქაფზე

ჩელენჯ ქაფის ფლეი ოფში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი გავიდა. ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფმა" "ლიონი" საფრანგეთში 21:18 დაამარცხა და 21 ქულით მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეოთხე ჯგუფში "სტად ფრანსემ" "ედინბურგს" 17:10 მოუგო და 17 ქულით საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის მოხვდა. ზურაბ ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 48 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო.

დასკვნით ტურში "ბრივმა" "ვუსტერი" 33:7 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და 17 ქულით (მეორე ადგილი) ფლეი ოფში გავიდა. "ბრივის" შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო კახა ასიეშვილმა მოედანზე 59 წუთი გაატარა. 55-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში სოსო ბეკოშვილი.

"აჟენი" "ძებრეს" იტალიაში ეწვია და 30:38 დამარცხდა. პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშეს ბურჯებმა - ვახტანგ ახობაძემ და გიორგი თეთრაშვილმა.

სტუმრად "ნიუპორტთან" 17:33 დამარცხდა "ბორდო". ფრანგთა შორის შეცვლაზე 74-ე წუთიდან ითამაშა ლაშა ტაბიძემ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:29 | 22.01.2018
temuchin (431)

მჭედლიძე სად დაიკარგა? რა ჩავარდნა აქვს ასეთი და რა მიზეზით, დაწერეთ გთხოვთ, ძალიან გვაინტერესებს.

00:33 | 23.01.2018
ika (35)

გამარჯობა, მჭედლიძემ ტოპ 14-ის წინა ტურში ითამაშა. ტრავმა არ აქვს, სავარაუდოდ ოპტიმალურ ფორმაში არაა და მაგიტო არ თამაშობს ხშირად

17:44 | 23.01.2018
temuchin (431)

მადლობა, სამწუხაროა იმედია თავში ავარდნის გამო არ მოსვლია, ძალიან საიმედო მორაგბედ მიმაჩნია და არ მინდა იმედები გაგვიცრუოს გულშემატკივარს.

0.094378