ლეგიონერები

23:55 | 20.01.2018 | ნანახია 3475 - ჯერ

ფრუიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, “კრასნი იარი” ბრძოლაში დამარცხდა

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში “კრასნი იარმა” თბილისში, ავჭალის სტადიონზე “ლონდონ აირიშს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ერთი კვირის წინ რედინგში გამართულ შეხვედრაშიც კრასნოიარსკულმა კლუბმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 54-ე წუთამდე უგებდა კიდეც, თუმცა დასკვნით 25 წუთში ძალები აღარ ეყო და საბოლოოდ 30-ქულიანი სხვაობით 17:47 დამარცხდა.

ციმბირელებმა ამჯერად კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეუქმნეს ინგლისურ კლუბს და თავისუფლად შეეძლოთ რომ არ წაეგოთ. ანგარიში მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმით ლაშა მალაღურაძემ გახსნა. “ლონდონ აირიშმა” მეტოქეს სათანადო პასუხი მალევე გასცა, მე-9 წუთზე 5-იანთან მოწოდებული დერეფანი მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, შემდეგ კი ბურთი გამოიტანეს და შეტევა გაშალეს, რაც მეთ უილიამსის ლელოთი დასრულდა, ხოლო გარდასახვა ატკინსმა შეასრულა ზუსტად. 26-ე წუთზე რუსები კვლავ წინ გავიდნენ, მრავალფაზიანი მიძალება ვიქტორ არჰიპმა დააბოლოვა სათანადოდ, ხოლო მალაღურაძე კვლავ ზუსტი აღმოჩნდა და წინა მატჩის მსგავსად, “კრასნი იარმა” საწყის 40 წუთში “ლონდონ აირიშს” მოუგო.

მეორე ნახევარი ქართველი გულშემატკივრებისთვის ცუდად დაიწყო, რადგან 41-ე წუთზე ლაშა მალაღურაძე მძიმედ დაშავდა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა. “კრასნი იარმა” კი 43-ე წუთზე საკუთარი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა: ნომინალურმა მასპინძლებმა ხელდახელ შესანიშნავი შეტევა გაათამაშეს და ლამაზი ეპიზოდი რუსეთის მოქალაქის, გრიგოლ ცნობილაძის ლელოთი დასრულდა, რომელიც აპიკოტოამ გარდასახა.

წინა მატჩის მსგავსად, “კრასნი იარი” ინგლისურ ტემპს და დონეს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა, დასკვნით ნახევარ საათში რუსებმა სამი ლელო გაუშვეს, 17:24 წააგეს და ბონუს-ქულას დასჯერდნენ.

უნდა ითქვას, რომ კრასნოიარსკულ კლუბს შეეძლო მატჩი ფრედ დაესრულებინა, მაგრამ 79-ე წუთზე მეტოქის 5-იანთან საკუთარი დერეფანი წააგეს და მშვენიერი შანსი გაუშვეს ხელიდან.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და სასიხარულო კი ის არის, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი შუამარბი გიორგი ფრუიძე დასახელდა, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან აქტიური და საიმედო იყო. კარგად ითამაშა დაცვაში, ერთ ეპიზოდში აშკარა ლელოსგან იხსნა საკუთარი გუნდი და შეტევებსაც საკმაოდ ამწვავებდა.

კრასნი იარი – ლონდონ აირიში 17:24 (10:7)

კრასნი იარი: 2 ლელო – არჰიპი (26), გ.ცნობილაძე (42); 1 ჯარიმა – მალაღურაძე (3); 2 გარდასახვა – მალაღურაძე (27), აპიკოტოა (43);

ლონდონ აირიში: 4 ლელო – მ.უილიამსი (9), ფოული (52; 66), ლოადერი (71); 2 ლელო – ატკინსი (10;67)

1. ედინბურგი 5 5 0 0 272:81 24
2. ლონდონ აირიში 6 3 0 3 169:154 16
3. სტად ფრანსე 5 2 0 3 134:156 12
4. კრასნი იარი 6 1 0 5 106:290 6


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:59 | 22.01.2018
maxo_65 (458)

13-ზეც მაგრად დგას ფრუიძე..ნაკრებში უნდა დაბრუნდეს..

11:35 | 21.01.2018
ogafa (407)

“კრასნი იარი”

01:46 | 21.01.2018
თორღვა პანკელი (387)

კაი მორაგბეა ფრუიძე და ფორმაშიცაა, წარმატებები გიორგი.

01:07 | 21.01.2018
temuchin (431)

ყოჩაღ გიორგი, იმედი მაქვს ნაკრების შემდეგ თამაშებზე გიხილავთ.

0.111536