ლეგიონერები

23:00 | 20.01.2018 | ნანახია 2598 - ჯერ

გაჩეჩილაძის ლელო და “ენისეის” მარცხი ავჭალის სტადიონზე

ჩელენჯ ქაფის მე-6 ტურის მატჩში “ენისეი” თბილისში “ნიუკასლ ფალკონსს” დაუხვდა და ორი გარდასახული ლელოს სხვაობით დამარცხდა.

ავჭალის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მხიარული და სწრაფი თამაში იხილა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა კლუბმა ბევრი მორაგბე დაასვენა, კლასში არსებული დიდი სხვაობა მაინც იგრძნობოდა, თუმცა ციმბირელებმაც ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს სამი ლელო დაუდეს.

“ნიუკასლ ფალკონსის” რიგებში ითამაშა გამოცდილმა მგეზავმა ტობი ფლუდმა, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 60 კეპი აქვს მოხვეჭილი. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი 21 წლის გარემარბი ადამ როდვანი იყო, რომელმაც “ენისეი” სამჯერ დაალელოვა და შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ სრულიად დამსახურებულად იქნა დასახელებული.

რუსებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-7 წუთზე გილიბერტიმ ინგლისელთა შეცდომის წყალობით ლელოს დადება შეძლო, რომელიც ბუდიჩენკომ გარდასახა. “ნიუკასლის” უპირატესობა და კლასი სულ მალე გამოჩნდა და მე-18 წუთიდან მოყოლებული ოთხი ლელო გაიტანეს, რომელთაგან სამი ტობი ფლუდმა გარდასახა და ტაიმი 7:26 დასრულდა.

მეორე ნახევარში სამი ლელო ვიხილეთ. 63-ე წუთზე სიჩევმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 75-ე წუთზე როდვანმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა. შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოდ დასრულდა, “ენისეიმ” მეტოქის 5-იანთან მოწოდებული დერაფანი მოიგო და მოლი ჩამოაყალიბა, რომელიც მეტოქის ლელოში შეიჭრა და ბურთი მიხეილ გაჩეჩილაძემ დაამიწა.

გაჩეჩილაძის მსგავსად, მინდორზე 80 წუთი დაჰყრო ცენტურიონმა “ბორჯღალოსანმა” დავით კაჭარავამ, რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა.

ენისეი – ნიუკასლ ფალკონსი 19:33 (7:26)

ენისეი: 3 ლელო – გილიბერტი (7), სიჩევი (63), გაჩეჩილაძე (78); 2 გარდასახვა – ბუდიჩენკო (7; 64)

ნიუკასლ ფალკონსი: 5 ლელო – უილსონი (18), როდვანი (23; 37; 75), ფლუდი (34); 4 ლელო – ფლუდი (23; 35; 38; 76)

I პული

1. ნიუკასლ ფალკონსი 6 6 0 0 229:122 28
2. დრაგონსი 6 3 0 3 156:133 16
3. ბორდო 6 3 0 3 190:178 16
4. ენისეი 6 0 0 6 91:233 1


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.06821