შიდა რაგბი

21:46 | 20.01.2018 | ნანახია 2428 - ჯერ

“ბათუმმა” კონტინენტის ფარზე გამოსვლა დაასრულა

“ბათუმი” კონტინენტის ფარის 2017/2018 წლების გათამაშებას გამოეთიშა. აჭარულმა კლუბმა საშინაო შეხვედრის მსგავსად, მეორე 1/4 ფინალური შეხვედრაც წააგო და ნახევარფინალში “ტიმიშოარა” ითამაშებს.

ზღვისპირელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ხუთი ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული რომ იქნებოდა, თამაშამდეც ცხადი იყო. შეხვედრა რუმინელების უპირატესობით დაიწყო და მე-7 ლელოს გატანა შეძლეს: მათ შეტევა კარგად გაშალეს, მარჯვენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და მადილინ ლემნარუს შეჩერება ვეღარავინ მოახერხა. გარდასახვა ტავიტა მანუმუამ ვერ გაიტანა, თუმცა 28-ე წუთზე ჯარიმა შეასრულა ზუსტად და “ტიმიშოარამ” ორი მატჩის ჯამში 13-ქულიანი ჰანდიაკაპით დაწინაურდა.

ამის შემდეგ შეტევისთვის “ბათუმმაც” მოიცალა და 35-ე წუთზე დერეფრიდან აგორებული მოლი სათანადოდ ბექა მამრიკიშვილმა დააბოლოვა, გარდასახვა კი ბახვა კობახიძეს გაუცუდდა. ტაიმი ასე რომ დასრულებულიყო, სტუმართათვის ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე დაჯარიმდნენ და მასპინძლებმა ბურთი აუტში 5-იანთან ჩააგდეს, მოწოდებული დერეფანი იოლად მოიგეს, მოხსნილი ოვალი პოპარლანს გადააწოდეს და მასპინძელთა მეორეხაზელმა ქართული კლუბი მეორედ დაალელოვა, გარდასახვა მანუმუამ კვლავ ააცილა და ტაიმი 13:5 დასრულდა.

მეორე ნახევარი აჭარლებისთვის იმედის მომცემად დაიწყო, 49-ე წუთზე მეტოქის 5-იანთან მოგებულ დერეფანს რამდენიმე მიძალება მოჰყვა, რომელიც სანდრო ქოიავას ლელოთი დასრულდა. ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. “ბათუმს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთი გარდასახული ლელო სჭირდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ დარჩენილ დროში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და სხვაობის გაზრდა შეძლეს: 59-ე წუთზე მარიან დრენჩანუმ მორიგი ლელო გაიტანა, რამაც ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტა. თანაც, ხუთ წუთში მაღალი ბოჭვის გამო გიორგი გოგიტიძე გაასინბინეს, ამან კი სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 73-ე წუთზე გაბრიელ კონაჩმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ “ტიმიშოარამ” 21:12 იმარჯვა.

“ბათუმზე” კი მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება. წელს პირველად მოხდა, რომ ქართულმა კლუბმა ევროტურნირზე ითამაშა და სადებიუტო სეზონშივე ჯგუფიდან გასვლა შეძლო, რაც ნამდვილად კარგი შედეგია და მომავალი წლისგან კიდევ უფრო მეტს ველით.

ტიმიშოარა – ბათუმი 21:12 (13:5)

ტიმიშოარა: 3 ლელო – ლემნარუ (7), პოპარლანი (38), დრანჩანუ (59); 2 ჯარიმა – მანუმუა (28), კონაჩი (73)

ბათუმი: 2 ლელო – მამრიკიშვილი (35), ქოიავა (49); 1 გარდასახვა – კობახიძე (50)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:03 | 22.01.2018
maxo_65 (458)

ძალიან მომწონს ბათუმის კვაჭი მამრიკიშვილი, მაღალ დონეზე ატარებს თამაშებს..ასევე 8 ნომერი, ურჯუკაშვილს არ უთამაშია მაგრამ ისიც კარგი ბიჭია, თუთბერიძეც მინდა გამოვყო 9 ნომერი, შეიძლება ამ ბიჭების გასინჯვა ნაკრებში, კარგი იყო 1-იც ერისთავი, თხილაიშვილზე არაფერს ვამბობ...

19:58 | 22.01.2018
maxo_65 (458)

არადა მეორე წყვილიდან ჰაიდელბერგი გაძვრა, ვისაც ბათუმმა 30 ქულაზე მეტი მოუგო..

22:21 | 21.01.2018
NIKA..01 (335)

რა დაფინანსებაზეა საუბარო,როდესაც არმიას წლიურად საწყალ 400 000 ლარიან დაფინანსებასაც აღარ აძლევენ.სირცხვილი თავდაცვის სამინისტროს!სირცხვილი ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა და არ აფინანსებს ქართულ რაგბს!წლიურად 3-5 მილიონიანი დაფინანსებით დარწმუნებული ვარ ქართული გუნდები რეგულარულად და საკმაოდ წარმატებით ითამაშებდნენ ჩელენჯ ქაფზე.მაგრამ ჩვენი მაწაუკი,ძუნწი,უსულგულო ბიზნესმენების შემყურე მაგის იმედი არ მაქვს.

00:20 | 21.01.2018
თორღვა პანკელი (387)

დიდი მადლობა ბათუმს! ვინც ბათუმის კრიტიკას მიდგება, ან რაგბი არ ესმის ან ნამუსი არააქვს, ამ გუნდმა ასეთი დონის ტურნირზე პირველად შეაბიჯა და რაც შეეძლო და არ შეეძლო ყველაფერი გააკეთა. არ მინდა კრიტიკა მაგრამ კრიტიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია დღევანდელი სიტუაცია საქართველოს ჩემპიონატში რაგბში, ვერ წარმომიდგენია დღევანდელი ქართული რაგბის განვითარება ამ მწირი დაფინანსებით და არა მარტო ფინანსური არამედ ყველა მიმართულებით. ქართულ რაგბს უსაძღვრო პოტენციალი გააჩნია! პირველ რიგში ეს პოტენციალი იქედან გამომდინრეობს რომ ეს სპორტი მართლაც სისხლში გვაქვს! საქართველოში არ იყო არც ფეხბურთი, არც ხელბურთი და არც კალათბურთი, როცა ჩვენი წინაპრები ლელო ბურთს თამაშობდნენ! 90-იან წლებში და მერეც, რის ხარჯზე მოახერხეს ქართველმა რაგბისტებმა და რაგბის მამებმა ხრეშიან მოედნებზე და გამოფხეკილი ჯიბეებით რომ რაგბი აქამდე ასეთი სახით მოეტანათ არ ვიცი. მესმის რომ ქვეყანას არ ულხინს და მეც კარგად ვხედავ ქვეყანაში რა სიტუაციაა, ვის ცხელა რაგბისთვის, პირველ რიგში განათლებაში და მეცნიერებაშია ყველა თანხა ჩასაყრელი რაც კი გაგვაჩნია და გვაბადია! სწორედ გაუნათლებელობაა საქართველოს პირველი პრობლემა რის გამოც დაგვაჯდა თავზე ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული დაუპატიჟებელი სტუმარი, რომლებიც საერთოდ აღარ გრძნობენ თავს სტუმრებად და კაი ხანია მასპინძლები არიან, მაგრამ ეს სხვა თემაა. არც არავინ არ ითხოვს რომ მაინც და მაინც ბიუჯეტიდან გამოიყოს ეს ქართული კლუბების დასაფინანსებელი თანხები. არ მაქვს ილუზია რომ აუცილებლად მივა ჩემი სათქმელი ადრესატამდე მაგრამ მაინც ვწერ, ისევ და ისევ ქართველ ბიზნესმენებს მივმართავ, დააფინანსეთ რა ქართული საკლუბო რაგბი! ერთი კლუბი მაინც დააფინანსეთ, ბათუმი სადღაც მეხუთე ადგილზეა ჩემპიონატში, სხვას რომ ქონოდა ეს რესურსი რაც ბათუმს, გაცილებით კარგი შედეგი იქნებოდა. არავინ არ ითხოვს 250 000 000-ს რაგბისთვის! საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს დაფინანსების 5%-ი რომ მივცეთ ნებისმიერ სარაგბო კლუბს საქართველოში, რომელიც მოწინავე პოზიციებზეა, ნებისმიერი კლუბი მყისიერად დადებს შედეგს ევროტურნირებზე და რაგბი იმაზე წინ წავა ვიდრე დღესაა.

00:43 | 22.01.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

12:36 | 21.01.2018
maxo_65 (458)

100%

01:04 | 21.01.2018
temuchin (431)

გაიხარე მეგობარო 100% იანი ხარ!

0.101961