ამბები

19:38 | 1.11.2014 | ნანახია 2568 - ჯერ

“ყოჩები” ისევ უძლეველია

ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “ლელო სარასენსი” 21:12 დაამარცხა და 25-ე პირველობის ერთადერთ უძლეველ გუნდად რჩება.

ქვემოქართლელებს იოლი თამაშები არც აქამდე ჰქონდათ, მაგრამ ქვეყნის ორგზის ჩემპიონთან თამაშს მაინც განსხვავებული ხიბლი და მოლოდინი ახლდა. ტრიბუნაზეც 1500 მაყურებელი შეიკრიბა, რომელთა ნაწილს ბოლნისიდან საგანგებოდ ჩამოსული გულშემატკივარი შეადგინდა და ყველამ ერთად იხილა, რომ “ყოჩების”ლიდერობა დამსახურებულია. “ლელო სარასენსმა” ამ შეხვედრაში შეცდომები მრავლად დაუშვა, ამით ბოლნისელებმა სათანადოდ ისარგებლეს და მონაგარს კიდევ 4 ქულა შემატეს.

მართალია ლელო არ გასულა, მაგრამ შეხვედრა ლიდერების შესაფერისი გამოდგა. ჩათვლის მოედნის აღების შანსი თბილისელებს უფრო ჰქონდათ ვიდრე სტუმრებს, რომლებსაც ლაშა ხმალაძის ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად ორი ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ შერკინებაში დომინირებამ და გადამწყვეტ მომენტებში მეტოქის დერეფნების მოგებამ, ასევე რამდენიმე გამონაკლისის გარდა უაღრესად კონცენტრირებულმა თამაშმა დაცვაში, “ყოჩების”გამარჯვება განაპირობა.

დასაწყისი ისეთი იყო, ბოლნისელებს კარგს არაფერს რომ უქადდა. საწყის 10 წუთში სტუმრები 4-ჯერ დაჯარიმდნენ, აქედან ორი კარში დასარტყმელ პოზიციაზე და ირაკლი ყიასაშვილიც არ შემცდარა - 6:0. მე-17 წუთზე პირველად გამოჩნდა, რომ “ლელო სარასენსის” შერკინება მეტოქისას ვერ უმკლავდებოდა, მაგრამ თემო სოხაძეს კარის წინ 45 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. თუმცა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ბოლნისელებმა შერკინების უპირატესობა სათანადოდ გამოიყენეს, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს ოთხჯერ მიეცა ჯარიმის შესრულების შანსი, ამჯერად არცთუ იოლი პოზიციებიდან აღარ შემცდარა და ტაიმი სტუმრებმა 12:6 მოიგეს.

ზედ შესვენების წინ ხმალაძემ თანაგუნდელს სუფთად რომ გააჭრევინა ხაზი, ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მოიერიშე ცოტა დაიბნა, მცველებმაც თავი არ დაზოგეს და საკუთარი ჩათვლის მოედანი წითელ ზოლში დაიცვეს. მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. დავით ხიდეშელს მოთმინებამ უმტყუნა და რაქში დაჯარიმდა, ყიასაშვილმა კი კარის წინ 30 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. 51-ე წუთზე “ლელო სარასენსი” უკვე რაქში დაჯარიმდა და სოხაძემ 6-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საკუთარ დერეფნებს აგებდნენ და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ.

რადგან დერეფნებში არაფერი გამოდიოდა, 62-ე წუთზე ყიასაშვილმა 43 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა და ამ მატჩში ბოლოჯერ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. სტუმრებს დაახლოებით 5 წუთი დაჭირდათ იმისათვის, რომ მეტოქის შეცდომით ესარგებლათ და სოხაძემ ანგარიში 18:12 გახადა. აქ უკვე ელგუჯა სურგულაძეს უმტყუნა ნერვებმა, თამაში რომ განახლდა სოხაძე კისერში შებოჭა და სინბინით დაისაჯა. მალევე დაზარელებულს ჯარიმით საქმის დამთავრების შანსი მიეცა, თუმცა ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა და დასკვნითმა წუთებმა დაძაბულობა შეინარჩუნა.

მაგრამ ეს დღე ჩემპიონის არ იყო, მათ კვლავ ვერ შეძლეს მეტოქის 22-ში საკუთარი დერეფნის მოგება, მერე ნიკო აფციაურმა იქით გაუჭრა ხაზი, რაქიდან ბურთი შავლეგ მახარაშვილს მიუვიდა და საშუალო მანძილიდან გატანილი არეკნით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 21:12 და “ყოჩებმა” “ხარებთან” 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, რომელმაც რუსთავში “ჯიქები” 14:6 დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

VII ტური

1 ნოემბერი

რუსთავი. ახალი.

ხარები (რუსთავი) - ჯიქები (თბილისი) 14:6

თბილისი. “ავჭალა”. 1500 მაყურებელი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 12:21 (6:12)

1 ყოჩები 7 7 0 0 173-84 29
2 ხარები 7 5 1 1 155-94 24
3 ლელო სარ. 7 3 2 2 115-110 16
4 ჯიქები 7 3 1 3 75-93 15
5 ლოკომოტივი 5 3 0 2 79-63 14
6 აია 6 2 0 4 90-109 11
7 არმია 6 2 0 4 72-115 10
8 არმაზი 5 2 0 3 82-86 10
9 ბათუმი 6 2 0 4 99-118 10
10 თიბიეს უნივ. 6 0 0 6 82-140 3

თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

2 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) გადაიდო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108346