ლეგიონერები

19:03 | 18.01.2018 | ნანახია 2581 - ჯერ

EPCR-ის ახალი ლოკაცია - საქართველო

20 იანვარს საქართველო გახდება მე-10 ქვეყანა, რომელიც ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით, რანგით მეორე (ჩემპიონთა თასის შემდეგ) ტურნირის, ჩელენჯ ქაფის შეხვედრებს უმასპინძლებს.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი დაარსდა, ჩელენჯ ქაფის მატჩები ტურნირში მონაწილე ქვეყნებში - ინგლისში, საფრანგეთში, ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში, იტალიაში, რუმინეთსა და რუსეთში გამართულა, ხოლო არამონაწილე ქვეყნებიდან შვეიცარიაში. ახლა მათ რიცხვს საქართველო დაემატება და "ავჭალის" სტადიონი იქნება პირველი, რომელიც ერთ დღეს ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის ორ თამაშს მიიღებს.

ეპკრ-ს კონსულტანტის, ჯეიმს ქემპბელის განცხადებით, საქართველომ ეს უფლება ტურნირებისა თუ კონკრეტული თამაშების მაღალ დონეზე ორგანიზებით დაიმსახურა:

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისი ევროპული საკლუბო რაგბის ჩელენჯ ქაფის მატჩებს უმასპინძლებს. საქართველო მე-10 ქვეყანაა, რომელიც ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს. ევროპული საკლუბო რაგბის მთავარი მიზანია ტურნირის აუდიტორიის გაფართოება და ევროპის მასშტაბით ახალი ლოკაციების ათვისება. თბილისი კი არაჩვეულებრივი ადგილია მონაწილე გუნდების ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩასატარებლად.

„მადლობას ვუხდით საქართველოს რაგბის კავშირს ამ მატჩების მასპინძლობისათვის, რომელიც ბოლო პერიოდში პროფესიულ დონეზე ძლიერ განვითარდა. ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და სხვა სპონსორებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული რაგბის განვითარებაში და მისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ამ ყველაფრის შედეგი რეგულარულად ჩანს მოედანზე. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია რაგბის კლუბ "ბათუმის" წარმატება კონტინენტის ფარის გათამაშებაში.

„საქართველოსთვის ასევე მნიშნელოვანი მოვლენა იყო 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება და იმედი მაქვს, რომ 20 იანვარიც ჩელენჯ თასის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამატჩო დღედ დარჩება“.

20 იანვარს, 14 საათზე, დავით კაჭარავას და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი" "ნიუკას ფალკონზს" დაუპირისპირდება, ხოლო 17 საათზე, ლაშა მალაღურაძის, გიორგი ფრუიძისა და სოსო მათიაშვილის "კრასნი იარი" ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიშს" ეთამაშება. ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორის, ვეტერანი ბორჯღალოსანის, ლექსო გუგავას განცხადებით, საქართველოს ამ თამაშების მასპინძლობის თხოვნით ევროპულმა პროფესიულმა საკლუბო რაგბის ასოციაციამ მიმართა და აქ მიღებული გამოცდილება ქართულ რაგბს მომავალში დიდ სამსახურს გაუწევს:

„ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი განვითარებაზე ზრუნავს და მათ გვთხოვეს, რომ ამ ეტაპის ორი მატჩისთვის თბილისს ემსაპინძლა. წელიწადის ამ დროს ციმბირში ჩასვლა და თამაში წარმოუდგენელია. ეპკრ-მა გაითვალისწინა, რომ საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა და თბილისი ამ თამაშების ჩასატარებლად ამის მიხედვით შეირჩა. საქართველო ჩელენჯ ქაფის ამ ორი კონკრეტული თამაშისთვის ლოკაციაა და ის არ წარმოადგენს რომელიმე გუნდისათვის მასპინძელ ქალაქს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო დონეზეც განვვითარდეთ. საკლუბო თამაშების მასპინძლობა სანაკრებოსგან განსხვავებულია და ჩვენ, როგორც ამ თამაშების მასპინძლები, უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ“.

ჯეიმს ქემპბელმა არ გამორიცხა, რომ მომავალი ორი თამაშის მაღალ დონეზე მასპინძლობის შემთხვევაში, საქართველოში უფრო მაღალი დონის საკლუბო შეხვედრებიც გაიმართოს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090543