ინგლისის ნაკრების და “სარასენსის” მორაგბემ ბილი ვუნიპოლამ, ჩემპიონთა თასის მე-5 ტურში “ოსპრეიზთან” ფრედ (15:15) დასრულებულ მატჩში მკლავი მოიტეხა და 2018 წლის 6 ერის გათამაშების გამოტოვება მოუწევს.
ტონგური ფესვების მქონე მოთამაშემ მუხლის ტრავმა, რომლის გამოც ოთხი თვე გამოტოვა, ახლახანს მოიშუშა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ მეორე თამაშს ატარებდა, თუმცა ახალი დაზიანება მიიღო და მოედანს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა. ბილის სრულფასოვანი გამოკვლევა ჯერ არ ჩატარებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მისი 6 ერში თამაში გამორიცხულია.
25 წლის მესამეხაზელი ინგლისის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს და 34 მატჩში 4 ლელო აქვს გატანილი. ის “სარასენსშიც” 2013 წელს ჩაირიცხა და 87 თამაშში მეტოქეები 14-ჯერ დაალელოვა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატი სტარტს 3 თებერვალს აიღებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია