შიდა რაგბი

17:25 | 13.01.2018 | ნანახია 3101 - ჯერ

კონტინენტის ფარი: “ბათუმი” “ტიმიშოარასთან” დამარცხდა

კონტინენტის ფარის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ბათუმი” საკუთარ მოედანზე “ტიმიშოარა სარასენსს” დაუხვდა და 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, რაშიც უდიდესი წვლილი საშინელ ამინდს მიუძღვის. მთელი თამაშის განმავლობაში ძლიერად წვიმდა, მინდორი მალევე ატალახდა, რამაც მატჩის სცენარზეც ძალიან იმოქმედა. ამინდი ცუდად აისახა სატელივიზიო ტრანსლაციაზეც, კადრი ხშირად ქრებოდა და მაყურებელმა თამაშის ყურება სრულფასოვნად ვერ შეძლო.

გუნდებს გაშლილი თამაში უჭირდათ, ბევრი იყო ტექნიკური წუნი და ბურთი წინ ხშირად უვარდებოდათ. საბოლოო ჯამში, ასეთ პირობებში თამაშისთვის უკეთესად მომზადებული, უფრო გამოცდილი “ტიმიშოარა” აღმოჩნდა, რომელიც სათამაშო უპირატესობას ფლობდა და შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულებაც შეძლო.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. 33-ე წუთზე ჯოდი როუზმა არეკნით ანგარიში გახსნა, რომელსაც სამ წუთში ჯარიმით ბახვა კობახიძემ უპასუხა და გუნდები გასახდელში ყაიმით გავიდნენ.

მეორე ნახევარი სტუმართა შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო: 49-ე წუთზე მსაჯმა წესების დარღვევისთვის გიორგი თხილაიშვილი გაასინბინა. რუმინელებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს, კარგად მოაწოდეს და მოლი ჩამოაყალიბეს, რომელსაც ანდრეი რედოი მოწყდა, მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა. გარდასახვა სტუმრებს გაუცუდდათ.

დარჩენილ დროში გუნდებმა სამ-სამი ქულის მოპოვება შეძლეს. 58-ე წუთზე სხვაობა ბახვა კობახიძემ შეამცირა, ხოლო 75-ე წუთზე გაბრიელ კონაკემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:11.

განმეორებითი შეხვედრა რუმინეთში ერთ კვირაში გაიმართება და “ბათუმს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 5 ქულაზე მეტით მოგება დასჭირდება.

ბათუმი – ტიმიშოარა სარასენსი 6:11 (3:3)

ბათუმი: 2 ჯარიმა – კობახიძე (33; 58)

ტიმიშოარა სარასენსი: 1 ლელო – რედოი (50); 1 არეკნი – როუზი (33); 1 ჯარიმა – კონაკე (75).


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:25 | 15.01.2018
sabonis (74)

სანაკრებო წინსვლა კარგია, მარა საკლუბოსაც უნდა მიეხედოს თორემ ადრე თუ გვიან მეშინია ამან ცხვირი არ წაკვატეხინოს.

10:50 | 14.01.2018
BEERTRANCE (1073)

ასე თუ ისე პირველად ვმონაწილეობთ და ბოლომდე მზად ვერ ავღმოჩნდით. იმედია გაისად უეთესად ვიასპარეზებთ.

23:46 | 13.01.2018
tokageo (45)

კლასით ამ ეტაპზე ტიმოშოარა გვჯობია, უნდა ვაღიაროთ. თუმცა მათაც აქვთ დროდადრო ჩავარდნები. შარშან სხვათაშორის საბოლოო პლეი-ოფი რუსთავში მოუგო კრასნი-იარს 5 ქულით და მერე სახლში 9 ქულით წააგო.
თუ ბიჭებს თამაში წაუვიდათ და ისინიც ცუდ ფეხზე ადგნენ სულაც არაა შეუსრულებლი მისია. დღევანდელი ამინდი ბათუმს არ აწყობდა, აი იქ კიდევ ასეთი ამინდი მისწრება იქნებოდა დღეს რო მოგვეგო, მაგრამ......
სამწუხაროთ ბევრი "მაგრამ" და "თუ"-ა ჩემს კომენტარში

22:39 | 13.01.2018
პანტელეიმონი (1218)

დასანანია, იმედია მეორე მატჩში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

22:16 | 13.01.2018
NIKA..01 (335)

ძალიან სამწუხაროა თან თამაშით წავაგეთ და არა მხოლოდ ანგარიშით.სახიფათო მომენტი სალელოვე ფაქტიურად ვერცერთხელ შევქმენით.ხმალაძისგან არ ველოდი ამდენ შეცდომას.ნუ რაც არის არის.ახლა საჭიროა მეტი ომონდომებით მოემზადონ საპასუხო მატჩისთვის და მოედანზე დაიხარჯონ არა 100 არამდე 110%-ით

18:35 | 13.01.2018
dede (87)

დავმარცხდებით აბა რა იქნება ბორჯღალოსნები რომ რუსეთის ჩემპიონატში გარბიან, რაღაც უნდა მოვიფიქროთ საკლუბო დონეზე

18:21 | 13.01.2018
თორღვა პანკელი (387)

სამწუხაროა სამწუხაროა! რას ვიზამთ, ცოტა ქაოტურად კი შევედით ამ ტურნირში, არა უშავს ერთი თამაში კიდევაა და ვინ იცის, ეს არაა მთხლე ბურთი, ძალიან რთული იქნება აწი საბოლოო გამარჯვება ამ გუნდთან მაგრამ რაგბისტების იმედი ყოველთვის მაქ.

0.090489