ცხოვრებაში მშვიდი და თავშეკავებული კონსტანტინე მიქაუტაძე, რადიკალურად იცვლება მოედანზე გასვლისას. ქართველი მეორეხაზელი დღეს თანამემამულე მიხეილ ნარიაშვილთან და გელა აფრასიძესთან ერთად, ინგლისის მოქმედი ჩემპიონის “ექსეტერ ჩიფსის” წინააღმდეგ ითამაშებს. ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში გამგზავრებამდე, “მონპელიეს” ოფიციალურმა ვებგვერდმა კონსტანტინესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
- როგორ მოემზადეთ მომავალი მატჩისთვის?
- ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან წაგების შემთხვევაში ყველაფერი თითქმის დასრულებული იქნება. ამიტომაც, ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის.
- “ექსეტერს” ბევრი პრობლემა აქვს...
- ჩვენ “ექსეტერთან” საშინაო შეხვედრა 24:27 დავთმეთ, სადაც ვიგებდით 60 წუთის განმავლობაში, მაგრამ უკანასკნელ 20 წუთში ყურადღება მოვადუნეთ და ამისთვის დავისაჯეთ. ამიტომ, მთელი თამაში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. “ექსეტერი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონია. მასთან ძალიან რთული შეხვედრა გველის, რადგან საკუთარ კედლებში და თავიანთი ქომაგების წინაშე ითამაშებენ.
- პირადად შენ როგორ ხარ მომზადებული?
- ვფიქრობ, რომ პერსონალურად და მთლიანად კოლექტივიც ძალიან კარგად ვართ მომზადებულნი, მაგრამ ეს დღეს უკეთ გამოჩნდება. საუბარი იოლია, თუმცა თამაშის დროს ყველაფერი უკეთესად ჩანს.
- “ტულონში” თამაშისას ჩემპიონთა თასი უკვე მოგებული გაქვთ. როგორ შეგიძლიათ ამ წარმატების განმეორება?
- რეალურად, ეს საკმაოდ მოკლე ტურნირია. ჩემპიონთა თასზე ყველა მატჩი ფინალია. თუ შეხვედრას წააგებ, შესაძლოა ყველაფერი სწრაფად დასრულდეს, ხოლო ტოპ 14-ში მეტი შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. ჩემპიონთა თასზე ყოველთვის მაქსიმალური მოტივაციაა საჭირო და ერთი მოთამაშეც რომ გაკლდეს, გამარჯვება ძალიან რთულია. ამ ტურნირზე ძალიან ძლიერი გუნდები თამაშობენ, რომლებიც მხოლოდ მოგებისთვის იბრძვიან.
- ახალგაზრდა ქართველს გელა აფრასიძეს “მონპელიეს” ძირითად გუნდში დებიუტი ექნება. რას იტყვით მის შესახებ?
- გელა ძალიან ახალგაზრდაა და ამ დონეზე ჯერ არ უთამაშია. ნორმალურია, რომ ის მცირე წნეხს განიცდის, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ისევე როგორც მთელი გუნდისთვის. გელა კარიერას ახლა იწყებს და საქართველოს ნაკრებში რამდენიმე მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც მცირე გამოცდილება მიიღო. მე და მიშა (ნარიაშვილი) ყველანაირად ვეცდებით, რომ მას დავეხმაროთ, თავი კარგად იგრძნოს და ზედმეტი ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ "ექსეტერ ჩიფსის" და "მონპელიეს" დაპირისპირება დღეს საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
III პული
1. | ლენსტერი | 4 | 4 | 0 | 0 | 98:60 | 18 | |
2. | მონპელიე | 4 | 2 | 0 | 2 | 106:99 | 13 | |
3. | ექსეტერ ჩიფსი | 4 | 2 | 0 | 2 | 76:79 | 9 | |
4. | გლაზგო უორიორსი | 4 | 0 | 0 | 4 | 81:123 | 2 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კოტე გვეიმედები ! ! !
წარმატებები ძმებო!
წარმატება ჩვენს ლომებს, განსაკუთრებულად აფრასიძის დებიუტი მიხარია.