შიდა რაგბი

11:00 | 12.01.2018 | ნანახია 4054 - ჯერ

"ჩვენი პროგრამა მინიმუმი კონტინენტის ფარის ფინალში გასვლაა" - ინტერვიუ გიორგი თხილაიშვილთან
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ტიმიშოარა" კონტინენტის ფარზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია"

მიმდინარე სეზონში ქართული სარაგბო კლუბი პირველად ასპარეზობს ევროტურნირზე და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებიუტი წარმატებული გამოვიდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ორრაუნდიან დაპირისპირებაში უკვე ნაცნობ მეტოქეს "ტიმიშოარა სარასენსს" შეხვდება, რომელიც აჭარულმა კლუბმა 16 დეკემბერს საკუთარ მოედანზე დაამარცხა (20:17).

ზემოხსენებულ მატჩამდე ერთი დღეღა დარჩა. "ბათუმი" პირველ მატჩს შაბათს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, ხოლო ერთ კვირაში მეტოქეს რუმინეთში ესტუმრება. ქართულ-რუმინული მორიგი დაპირისპირების მიმართ, ქართველი გულშემატკივრების ინტერესი ბუნებრივია, რომ დიდია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბათუმის სარაგბო სტადიონი გაივსება.

WorldRugby.Ge "ბათუმის" ერთ-ერთ ლიდერს და საქართველოს ნაკრების წევრს გიორგი (კოკი) თხილაიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 41-ჯერ აქვს ნათამაშები და 9 ლელო აქვს გატანილი. 26 წლის მესამეხაზელთან პირველ რიგში კონტინენტის ფარის მოახლოებულ მატჩზე ვისაუბრეთ, შევეხეთ სხვა საკითხებსაც, რომელთაც კოკიმ ამომწურავად უპასუხა და ინტერვიუ გულშემატკივრისთვის საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს.

- კონტინენტის ფარის პლეი-ოფის მატჩამდე ერთი დღეღა დარჩა, როგორია გუნდში განწყობა და რა არის "ბათუმის" მიზანი "ტიმიშოარასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

- განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს მთელს გუნდს. გავარჩიეთ ჩვენი წინა თამაში "ტიმიშოარასთან" და მომავალ ორ მატჩზე მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, რათა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

- ბევრი ტრავმირებული გყავდათ, რა ხდება ამ მხრივ? არის რაიმე კარგი ინფორმაცია? როგორც ვიცით, ტრავმები ურჯუკაშვილს, მამრიკიშვილს, კობახიძეს და თევდორაძეს აწუხებდათ.

- სამწუხაროდ, ბექა ურჯუკაშვილი ამ თამაშებზე ვერ დაგვეხმარება და ეს დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი გუნდისთვის. რაც შეეხება მამრიკიშვილს, თევდორაძეს და კობახიძეს, მათ გარკვეულწილად მოახერხეს ტრავმების მოშუშება, ასე რომ, "ტიმიშოარასთან" შეძლებენ თამაშს და ეს ძალიან დიდი მოტივაციაა მთელი გუნდისთვის, რადგან ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან.

- მომავალ მეტოქესთან უკვე ითამაშეთ და რას იტყვი, რა არის "ტიმიშოარას" ძლიერი და სუსტი მხარეები?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ტიმიშოარა" კონტინენტის ფარზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და მას ძალიან ბევრი ძლიერი მხარე აქვს. მაქსიმალურად დაბალანსებული შერკინება და ხაზის მოთამაშეები ჰყავთ და ძალიან მობილური გუნდია, მაგრამ სუსტი მხარეებიც აქვთ. ერთ-ერთი არის შერკინების სტატიკა, რაშიც ნამდვილად შეგვიძლია მათთან უპირატესობის მოპოვება.

- შენი აზრით, "ბათუმს"აქვს იმის პოტენციალი, რომ კონტინენტის ფარზე ყველა ეტაპი დაძლიოს და მომავალ წელს ჩელენჯ ქაფზე ითამაშოს?

- ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის კონტინენტის ფარის ფინალში გასვლა. შესაბამისად, ჩელენჯ ქაფზე მოხვედრა და ამ მიზნისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია. ტრავმების მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ ამ მიზანს მივაღწევთ და მომავალ წელს უფრო დიდი გამოცდილებით ვითამაშებთ ჩელენჯ ქაფზე.

- დიდ 10-ზე რას გვეტყვით, პირველი წრის შემდეგ "ბათუმი" ლიდერ "აიას" 10 ქულით ჩამორჩება. რა არის "ბათუმის" მიზანი ჩემპიონატში?

- ჩვენ წელს ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღვმოჩნდით. ორ ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას ერთი გუნდი და ეს ძალზე რთულია. თანაც, ეს პირველი პრეცენდენტია და შესაბამისად, ორივე ფრონტზე ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ გამოვედით ჯერჯერობით, მაგრამ დიდი 10 მთავარ ეტაპზე გადადის და შესაბამისად, მოვახდენთ მაქსიმალურ მობილიზებას, რადგანაც ევროტურნირთან ერთად, ჩვენთვის დიდ 10-ში ჩემპიონობა მთავარი მიზანია.

- საკლუბო რაგბის განვითარებაზე ბევრი საუბარია. დიდი 10 რომ პროგრესირებს, ამაზე ყველა თანხმდება და "ბათუმის" ევროტურნირზე გამოსვლა ამის ნათელი მაგალითია. თუმცა, ბევრი თვლის, რომ დროა შეიქმნას ქართული ფრანჩიზი და რომელიმე მაღალი დონის ჩემპიონატში, მაგალითად პრო 14-ში ჩაერთოს. როგორ ფიქრობ, თუ დადგა ამის დრო და რას მოუტანს ფრანჩიზის ჩამოყალიბება ქართულ რაგბს?

- საკლუბო რაგბის განვითარება პირდაპირ არის მიბმული ეროვნული ნაკრების წარმატებასთან. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს თუ ჯერ არ უშვებენ 6 ერის ჩემპიონატში, ეს შეიძლება იმით დაკომპენსირდეს, რომ ძლიერმა ქართულმა კლუბებმა ითამაშონ ევროტურნირებზე სისტემატურად და ეს არ უნდა იყოს ერთი გუნდი. ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბევრი გუნდი საკმაოდ კარგად გამოვა ევროტურნირებზე და კარგ შედეგსაც აჩვენებს, უბრალოდ ამისთვის უნდა გამოინახოს სახსრები, ამას უნდა მიეცეს სისტემატიური ხასიათი და ცალკ-ცალკე ყველა გუნდი გაძლიერდება, დიდ გამოცდილებას მიიღებს და შესაბამისად, მოიმატებს შიდა ჩემპიონატის დონეც.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 კვირაღა რჩება. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველოს ნაკრებმა შედარებით სუსტ გუნდებთან თამაშით?

- საქართველოს ნაკრებისთვის ყველა თამაში გამოცდილების დაგროვების კარგი საშუალებაა. მით უმეტეს, როცა თამაში შედარებით სუსტ გუნდებთან გვექნება, შეიძლება ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცეს თამაშის საშუალება და ამით უფრო მეტი ახალი და ნიჭიერი მოთამაშე შეემატება ეროვნულ ნაკრებს.

- 2019 წლის მსოფლიო თასზე ძალიან რთული ჯგუფი გვერგო. რა იქნება ჩვენი ნაკრების მიზანი?

- ჩვენი მიზანი მინიმუმ 2015 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგის განმეორებაა. ძალიან რთული ჯგუფის მიუხედავად, იმედია, ეს მიზანი მიუღწეველი არ დაგვრჩება.

- შენი აზრით, ჩვენი ნაკრები 6 ერისთვის მზად არის?

- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები უკვე მზად არის უფრო ძლიერ ტურნირზე საასპარეზოდ, ვიდრე რაგბი ევროპის ჩემპიონატია. თუ 6 ერზე ჩვენი თამაში ჯერჯერობით შეუძლებელია, ამის დასაკომპენსირებლად შეიძლება შეიმუშავონ რაიმე ფორმატის ტურნირი, სადაც მოხდება ჩვენი მსგავსი განვითარების გუნდების ჩასმა. მაგალითად, ისეთი ნაკრებები, როგორებიცაა იაპონია და ფიჯი. უფრო ხშირად გვექნება ერთმანეთთან თამაშის საშუალება და ამის შემდეგ, ჩვენ უკვე ნამდვილად შევძლებთ იგივე 6 ერის ქვეყნებს გავუწიოთ კონკურენცია და ვიქნებით მზად ამ ტურნირისთვის.

- შენს საკლუბო კარიერაზე გკითხავ, არის შანსი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა უცხოეთში განაგრძო? თუა რაიმე ვარიანტი ამ ეტაპზე?

- ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი სიახლე არ არის, მაგრამ თუ რეალური შემოთავაზება არ გამოჩნდება, მე ჩემს კლუბში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და კარიერასაც აქ გავაგრძელებ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:57 | 12.01.2018
პანტელეიმონი (1218)

კოკი, გვეამაყები მეგობარო ! ! !

16:15 | 12.01.2018
თორღვა პანკელი (387)

კოკი შე ჯიგრის ყაურმა! უსიკვდილოდ მოვალ ამ თამაშზე! იმედია ტრიბუნები გაივსება და მოვახერხებთ ისეთი ჰანდიკაპით მოგებას სახლში რომ ორი მატჩის ჯამში ჩვენ ვიქნებით შემდეგ ეტაპზე, რაგბი ჩვენი თამაშია!

14:14 | 12.01.2018
krasni (587)

კოკი მაგარია.

12:38 | 12.01.2018
erovnuli-nakrebi (224)

ისე ტიმოშუარას როგრო ხვდება? სულ რამდენი გუნდია ამ ტურნირზე?

12:17 | 12.01.2018
temuchin (431)

კაი კაცი ხარ კოკი, ძალიან გაფასებ! წარმატებები ბათუმს!

0.140202