ლეგიონერები

11:00 | 11.01.2018 | ნანახია 6151 - ჯერ

"საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა" - ინტერვიუ ილია კაიკაციშვილთან
იმ პერიოდში, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, ორმაგი მონდომებით ვვარჯიშობდი, რადგან პრო დ2 ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და არის, რადგანაც პირველ სეზონს ვატარებ ელიტურ დივიზიონში

ქართველ ბურჯებს უკვე დიდი ხანია, რაც საფრანგეთში სათანადოდ აფასებენ. ფრანგულ ელიტურ სარაგბო ლიგებში და ფედერალებში ძალიან ბევრი ბურჯი თამაშობს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მუდამ უდიდესი კონკურენციაა საქართველოს ნაკრებში.

პრო დ2-ში სულ რამდენიმე ტურის წინ დებიუტი ჰქონდა 24 წლის ქართველ მარჯვენა ბურჯს ილია კაიკაციშვილს, რომელიც "მასიში" ფედერალ 1-ის "ოშიდან" გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა პირველად მოედანზე გასვლა მხოლოდ 8 დეკემბერს "პერპინიანის" წინააღმდეგ მოუწია. ამის მიზეზი კი მძიმე ტრავმა ყოფილა, რომელიც ილიამ "მასიში" გადასვლისთანავე მიიღო და ამის გამო, 4 თვის გამოტოვება მოუწია.

კაიკაციშვილის ელიტური ფრანგული კარიერა მშვენივრად დაიწყო. მან პრო დ2-ში დღემდე 4 თამაშის ჩატარება მოასწრო და იმდენად კარგად ითამაშა, რომ 2-ჯერ ცნობილი სარაგბო გამოცემის "მიდი ოლიმპიკის" ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ილიას ასეთი კარგი ასპარეზობა, შეუმჩნეველი არც ქართველ გულშემატკივარს დარჩენია. მის მიმართ ინტერესმა ძალიან იმატა, ბევრმა ისიც დაწერა, რომ კარგი იქნება, თუ "მასის" ბურჯს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" რიგებში დებიუტი და თავის გამოჩენის საშუალება ექნება.

Worldrugby.ge ილიას, რომელიც ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველი სარაგბო ნაბიჯების შესახებ რომ გვითხრა, როდის დაინტერესდი პირველად რაგბით და რა ასაკის იყავი, როდესაც ამ სპორტით დაკავდი?

- პირველად რაგბით დავინტერესდი 18 წლის ასაკში. მანამდე ძიუდოთი ვიყავავი დაკავებული. ქობულეთში დავიწყე რაგბის თამაში, "პონტო" ჰქვია გუნდს. შემდეგ მალევე გადავედი "ბათუმში" და იქ 3 სეზონი ვითამაშე. შემდეგ იყო "ჯიქები" ერთი სეზონი და მერე წამოვედი საფრანგეთში, კერძოდ "ოშში", რომელიც ფედერალ 1-ში გამოდიოდა და იქ 2 სეზონი დავყავი. 2017 წელს კი "მასიში" გადმოვედი.

- საფრანგეთში თავდაპირველად როგორ მოხვდი და რამდენად გაგიჭირდა ადაპტაცია უცხო ქვეყანაში?

- საფრანგეთში აგენტის დახმარებით, როგორც ხდება ხოლმე. ძირათადად თვითონ აგენტები იჩენენ ინტერესს თამაშიდან გამომდინარე. რაც შეეხება ადაპტაციას, "ოშში" რო ჩავედი ქართველი დამხვდა თორნიკე ლომიძე, "ოშში" გამოდიოდა მაშინ. საწყის ეტაპზე ძალიან დამეხმარა ენის ბარიერის გადალახვაში. სასაუბრო ინგლისურიც ვიცოდი ცოტა და ესეც გამომადგა.

- ფედერალ 1-ში ბევრი ქართველი თამაშობს. რომ შეადარო დიდ 10-თან ფედერალ 1-ის დონე? რა არის მათ შორის სხვაობა და რატომ მიდის ამდენი ქართველი დიდი 10-დან ფედერალ 1-ში?

- ფედერალ 1 ახლა ორ დონედაა დაყოფილი. ეგრეთ წოდებული ელიტ ჯგუფი უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე შემდეგი. ჩემი აზრით, ფედერალ 1, ანუ არა ელიტ ჯგუფი დიდი 10-ის დონეზეა. ამიტომაცაა, რომ დიდი 10-ის ბევრი მოთამაშე მიდის ფედერალ 1-ში. ელიტ ჯგუფი, რომელშიც შარშან ვითამაშე, ცოტათი ჩამოუვარდება პრო დ2-ს.

- ფინანსური კუთხით ფედერალ 1-ის და დიდი 10-ის კლუბების ხელფასებს შორის დიდი სხვაობაა? ერთ-ერთი ფაქტორი ესეც ხომ არაა, მოთამაშეების წასვლის?

- ჩემი აზრით, უფრო პერსპექტივის გამო მოდიან ფედერალ 1-ში, რადგან შემდეგ ელიტა შეამჩნევს, თუ თავს გამოიჩენენ. რაც შეეხება ფინანსებს, შეიძლება დიდ 10-ის ზოგიერთ კლუბში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე ფედერალ 1-ში.

- "მასის" შემადგენლობაში ბოლო პერიოდია რეგულარულად თამაშობ, თუმცა თავიდან შემადგენლობაში არ ჩანდი. რა იყო ამის მიზეზი? ტრავმა, თუ მწვრთნელის გადაწყვეტილება?

- პირველივე ვარჯიშზე, როდესაც აქ ჩამოვედი, ტრავმა მივიღე, რამაც ნახევარი სეზონი გამომატოვებინა. დაახლოებით 4 თვე დამჭირდა რეაბილიტაციისთვის და ეს 4 თამაშია რაც დავბრუნდი.

- დაბრუნება მართლაც შესანიშნავი გამოგივიდა. 4 მატჩიდან, 2-ჯერ "მიდი ოლიმპიკმა" პრო დ2-ის ტურის სიმბოლურში შეგიყვანა. რის ხარჯზე შეძელი ასეთ კარგ ფორმაში შესვლა, ძალიან მოკლე დროში?

- პირველად მივიღე ასეთი მძიმე ტრავმა ჩემს კარიერაში და ეს ერთგვარ სტიმულად იქცა. იმ პერიოდში, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, ორმაგი მონდომებით ვვარჯიშობდი, რადგან პრო დ2 ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და არის, რადგანაც პირველ სეზონს ვატარებ ელიტურ დივიზიონში.

- "მასის" შესახებ რას გვეტყვი ილია? ამჟამად გუნდი მე-12 ადგილზეა და რა არის კლუბის მიზანი ამ სეზონისთვის?

- ამ სეზონისთვის "მასის" მიზანია პრო დ2-ში ადგილის შენარჩუნება.

- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. საქართველოს ნაკრებში არასდროს გითამაშია, თუმცა ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, არაერთი ქომაგმა თქვა, რომ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებ. მილტონ ჰეიგი კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ახალბედებს თავის გამოჩენის საშუალებას ხშირად აძლევს, თანაც, იმ ფონზე, რომ სოსო ბეკოშვილი და დავით ქუბრიაშვილი ტრავმირებულნი არიან. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ნაკრებში თამაშისთვის?

- როგორც ყველა ქართველი მორაგბისთვის, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. დანარჩენი, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია.

- ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე დიდი კონკურენცია 1 და 3 ნომრებზე მოდის. შენი მხრიდან რა იქნება საჭირო, რომ ამ კონკურენციის დაძლევა შეძლო?

- რა თქმა უნდა, კონკურენცია ამ პოზიციებზე ძალიან დიდია და ეს ნაკრებისთვის ძალიან კარგია. ჩემი მხრიდან ძალიან დიდი მონდომება იქნება საჭირო ამ გამოწვევისთვის, რომელსაც არ დავიშურებ.

- 2019 წლის მსოფლიო თასზე რომ ისაუბრო, ურთულესი ჯგუფი გვერგო, შენი აზრით, რისი მიღწევა შეუძლია რეალურად საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუფში?

- ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს შეუძლია წინა მსოფლიოს თასზე ნაჩვენები შედეგის განმეორება და 2 თამაშის მოგება. თუ გავიხსენებთ, უელსთან ბოლო მატჩს, ამაში უფრო დავრწმუნდებით. რა თქმა უნდა, მსოფლიოზე სხვა შემადგენლობით და შემართებით გამოვა ყველა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა ბევრჯერ გამოავლინა.

- როგორ ფიქრობ, 6 ერისთვის არის თუ არა მზად ჩვენი ნაკრები?

- ჩემი აზრით, შანსი გვჭირდება ამის დასამტკიცებლად და ძალიან კარგი ტესტი იქნება იტალიასთან ნოემბერში.

- დიდი 10-ის შესახებაც გკითხავ. ბევრისგან გამიგია, რომ ჩემპიონატის დონე იმატებს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე?

- ეს თვალშისაცემია. ძალიან იმატა ხარისხმა და ეს ძალიან კარგია, რომ ხაზზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება, რაც თამაშს ალამაზებს და დონესაც ამაღლებს. ვიცით, რომ შერკინებაში ძლიერები ვართ. ახლა მთავარია, იგივე პროგრესის გზა ხაზმა გაიაროს.

- "ბათუმმა" კონტინენტის ფარის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა და გარკვეულწილად ამ მხრივაც გამოჩნდა საკლუბო რაგბის პროგრესი, თუმცა ბევრი თვლის რომ ეს საკმარისი არ არის და დრო მოვიდა, ქართული ფრანჩიზი შეიქმნას, რომელიც მაღალი დონის ტურნირში, მაგალითად პრო 14-ში ითამაშებს. რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ფრანჩიზის შექმნა და რას მოუტანს ეს ქართულ რაგბს?

- ეს ძალიან წაადგება ქართულ რაგბს. იგევე არგენტინელების მაგალითი რომ ავიღოთ, "ხაგუარესის" მონაწილეობა სუპერ რაგბიში თვალსაჩინოა მათი პროგრესისთვის.

- უცხოური რაგბიდან, ყველაზე მეტად რომელი ნაკრები იწვევს შენს სიმპატიებს?

- რა თქმა უნდა "ოლ ბლექსი". გასაოცარია მათი კონცენტრაცია თითოეული მატჩისთვის. მათი ჩაგდებული თამაში იშვიათობაა.

- ვინ არის შენთვის გამორჩეული მორაგბე, რომლის თამაშის ყურება ყოველთვის გსიამოვნებს?

- ტად ფურლონგი. ის ძალიან კარგია შერკინებაშიც და ღია თამაშშიც. და რა თქმა უნდა დავით ზირაქაშვილი.

- საკლუბო დონეზე თუ გყავს ფავორიტი გუნდი, რომელში თამაშიც შენი ოცნებაა?

- ალბათ, "მონპელიე".

- ბოლო შეკითხვას დაგისვამ, რას ეტყვი იმ ქომაგს, რომელთაც შენი სჯერა და ეიმედება?

- იმას, რომ იმედს არასდროს გავუცრუებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ გასახარებლად.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:03 | 13.01.2018
თორღვა პანკელი (387)

წარმატებები ილია! ღმერთმა გაშოროს ტრავმები და გისურვებ მალე მოგერგოს ბორჯღალოსნების ჯაჭვის პერანგი.

21:25 | 12.01.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ილია ! ! !

12:19 | 11.01.2018
BEERTRANCE (1073)

ტრავმები არიდოს ღმერთმა, მიეცემა შანსი და იმედია გამოიყენებს.

11:19 | 11.01.2018
temuchin (431)

მიხარია, რაგბის ნიჭის გარდა ინტელექტი ეტყობა ამ ბიჭს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. წარმატებები ილია გენაცვალე!

0.124357