ჩემპიონატები

5:00 | 7.01.2018 | ნანახია 2182 - ჯერ

ტონგას ყველა დროის საუკეთესო მელელოვე ამერიკაში ითამაშებს

ტონგას ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე, ფეტუ’უ ვაინიკოლო კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს.

2017 წელს ამერიკის სარაგბო ჩემპიონატი, ამერიკის მთავარი სარაგბო ლიგა ჩამოყალიბდა, რომელშიც შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და სტარტს აპრილში აიღებს. ერთ-ერთი გუნდი კი “იუტა უორიორსია”, რომელშიც გამოცდილი ტონგელი ითამაშებს. ტრანსფერი უკვე შედგა და ეს ზემოხსენებული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“მოუთმენლად ველი ახალ შესაძლებლობას და “იუტა უორიორსში” თამაში დაწყებას. ყველამ იცის, თუ როგორი დიდი პოტენციალი გააჩნია რაგბს ამერიკაში.

მე მითამაშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით უძლიერეს ტურნირებზე, თუმცა არასდროს ვყოფილვარ მზარდი კლუბის ნაწილი თავიდანვე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა”, - განაცხადა 32 წლის გარემარბმა.

ვაინიკოლო ტონგას ღირსებას 2011 წლიდან იცავს და 27 მატჩში 17 ლელო აქვს გატანილი, რაც მისი ქვეყნისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, 2007-2010 წლებში ახალი ზელანდიის ჩემპიონატში თამაშობდა, სადაც ჯერ “ნორთლენდის” ღირსებას იცავდა (2007-2008, 19 მატჩი, 10 ლელო), შემდეგ კი “ოტაგოს” მიაშურა (2009-2010, 13 მატჩი, 1 ლელო). პარალელურად 2008-2010 წლებში “ჰაილენდერსში” ასპარეზობდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 13 ლელო გაიტანა.

მან 2011 წელს კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა და ირლანდიურ “კონახტში” გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 37-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 7-ჯერ დაალელოვა. 2013 წელს უკვე ინგლისს მიაშურა და ორი წელი “ექსეტერ ჩიფსში” ითამაშა (29 მატჩი, 10 ლელო), საიდანაც 2015 წელს საფრანგეთში წავიდა და “ოიონაში” ჩაირიცხა, სადაც მხოლოდ 8 კეპი მოიხვეჭა და 1 ლელო დადო. ტონგელი მორაგბე მიმდინარე სეზონში ფედერალ 1-ის “ვალანსში” თამაშობდა, რომლის მაისურიც 6-ჯერ მოირგო და 1 ლელო გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსთან წაგებულ (10:17) მატჩში, ტონგელთაგან ლელოს გატანა სწორედ ვაინიკოლომ მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081404