შიდა რაგბი

20:34 | 4.02.2016 | ნანახია 1176 - ჯერ

ევროპის ერთა თასი - ჯერჯერობით უალტერნატივო

2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისა და მისი დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად მთელი სარაგბო სამყარო აღიარებს, რომ საქართველოს ნაკრები ყოფილი ერთა თასისთვის, აწ უკვე რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაზრდილია და უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს, მაგრამ ქართული რაგბის ქომაგთათვის ეს ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად რჩება.

„ბორჯღალოსნებისთვის“ უფრო მაღალ დონეზე თამაშის ბუნებრივი გზა ექვსი ერია, რომლის დირექტორმა ჯონ ფიენმა ყოველგვარი მორიდების გარეშე განაცხადა, რომ რაგბის განვითარებაზე ზრუნვა მისი მიზანი სულაც არაა და ფინანსურად მომგებიანი პროექტის შეცვლას არ აპირებს! პრინციპში, აქ მაინცდამაინც მოულოდნელი არაფერი იყო და საქართველოს ნაკრებსაც ყოველწლიურად, ჯერჯერობით ერთადერთი ოფიციალური ტურნირი - რაგბი ევროპის ჩემპიონატი დარჩა.

რას წარმოადგენს ეს ტურნირი, საიდან იღებს სათავეს, რა ცვლილებები განიცადა არსებობის 80 წლის განმავლობაში, ვფიქრობთ, ქართული რაგბის ქომაგისთვის საინტერესო უნდა იყოს და თქვენთან ერთად მცირედ ისტორიულ ექსკურსს მოვაწყობთ.

ბევრისთვის ალბათ სიახლეა, რომ ევროპის ერთა თასის დაარსებას საფუძველად უდევს საფრანგეთის გაღიზიანება რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიმართ - ფრანგებმა გადაწყვიტეს ეხელმძღვანელათ ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის, 1934 წელს ჩამოაყალიბეს ფირა და 1936 წელს, ბერლინში გაიმართა ერთა თასის წინამორბედი პირველი გათამაშება, რომელშიც ფრანგებისა და გერმანელების გარდა, იტალიელებმა ითამაშეს. 30-იან წლების მიწურულს მსგავსი ტურნირი კიდევ 2-ჯერ ჩატარდა (1937 წელს პარიზში და 1938 წელს ბუქარესტში) და ორივე ჯერზე გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ბოლო ტურნირისას სიახლე ის იყო, რომ იტალია რუმინეთმა ჩაანაცვლა.

მეორე მსოფლიო ომმა ტურნირის განვითარებას ხელი შეუშალა და 50-იან წლებში მისი აღდგენის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა, 1952 და 1954 წლებში ის მაინც გაიმართა და პირველ ჯერზე საფრანგეთსა და იტალიას დასავლეთ გერმანია, ხოლო მეორე ჯერზე ესპანეთი შეუამხანაგდა. 1965 წლისთვის ფირას წევრთა რიცხვი გაიზარდა და ფირა-მ ევროპის ჩემპიონატის აღდგენა გადაწყვიტა. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ის არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ პერიოდში საფრანგეთთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად, გათამაშებაში ჩაერთვნენ ჩეხოსლოვაკია, მაროკო და ესპანეთი. 7 შემთხვევაში პირველობა კვლავ ფრანგებს დარჩათ და ერთხელ მათი ჰეგემონია რუმინეთმა დაამხო (1968/1969 წლების სეზონში).

1973 წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირას ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებულები ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია. ამ პერიოდში, ერთდერთი გუნდი, რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც ოთხჯერ შეძლო ჩემპიონატის მოგება. რუმიუნელთა და იტალიელთა გარდა, მოწინავე სამეულში უკვე ხშირად ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრები.

1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო, თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო და რაგბიში დიდი ცვლილებები დაიწყო. 1997 წლამდე ფირა ევროპის ჩემპიონატი ინერციით მივიდა, რის შემდეგაც მისმა არსებული ფორმით გაგრძელებამ აზრი დაკარგა. 1999 წელს ფირა-აერ-მა თავის ჩემპიონატს რეორგანიზაცია ჩაუტარა, მან მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სტატუსი მიიღო და 2000 წლიდან ევროპის ერთა თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც დროდადრო იხვეწებოდა და საბოლოოდ იმ სახით ჩამოყალიბდა, რომლითაც ამჟამად არსებობს.

ამ პერიოდიდან ტურნირს გამოაკლდა იტალია, რომელიც ექვს ერში დააწინაურეს. სამაგიეროდ, ერთა თასის პირველი დივიზიონის გათამაშებაში რუმინეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ჰოლანდიისა და მაროკოს ნაკრებებთან ერთად, საქართველოც ჩაერთო. ამან ქართული რაგბის პროგრესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. პირველი გათამაშების გამარჯვებული რუმინეთი გახდა, ხოლო საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. ამავდროულად ჩატარდა მეორე და მესამე დივიზიონის გათამაშებები. 2001 წელს „ბორჯღალოსნებმა“ უკვე ყველა თამაში მოიგეს, მათ შორის პირველად და თანაც ბუქარესტში დაამარცხეს რუმინეთი (31:20) და პირველად გახდნენ ერთა თასის გამარჯვებული.

ამავდროულად ფორმატმა ცვლილება განიცადა და ტურნირი ორწლიანი გახდა, ოღონდ გამარჯვებული ხან ერთი და ხანაც ორი წლის ჯამში ვლინდებოდა. ასე გაგრძელდა 2009 წლამდე და ამ პერიოდში ორჯერ ჩემპიონი რუმინეთი, ორჯერ საქართველო (2007/2008 და 2008/2009 წლებში) გახდა, 2003/2004 წლების სეზონში კი, ერთა თასის ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ, რუმინეთისა და საქართველოს დავაში პორტუგალია ჩაერია და პირველობა არავის დაუთმო. 2010 წლიდან გათამაშება კვლავ ერთწლიანი გახდა და რუმინეთმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკანასკნელად ჩამოართვა. ბოლო ხუთი წელიწადია საქართველო ერთა თასის საუკეთესო გუნდია და „ბორჯღალოსნები“ წელს ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოსაპოვებლად იბრძვიან.

მოცემული მომენტისთვის ერთა თასი რამდენიმე დივიზიონად ტარდება: უმაღლესი, პირველი, მეორე და მესამე დივიზიონები, თუმცა მეორე და მესამე დივიზიონები კიდევ იყოფიან A, B, C და D ჯგუფებად, რაც თავისთავად სხვადასხვა დონეებია. დონეებს შორის გუნდების აღზევება და დაღმასვლა ხდება ორი წლის ჩემპიონატების შედეგების ჯამის მიხედვით: ბოლოადგილოსანი მომავალ ორწლიან ციკლს ქვედა დივიზიონში იწყებს, ხოლო გამარჯვებული ზედა დონეზე ადის. ასვლა არ ეხება მხოლოდ უმაღლესი დივიზიონის გამარჯვებულს და რეალურად, ის არც ევროპის ჩემპიონი ხდება.

საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ერთა თასის ყველა, ცამეტივე გათამაშების უმაღლეს დივიზიონში. „ბორჯღალოსნების“ მონაგარი რვა პირველი, ოთხი მეორე და ერთი მესამე ადგილი. სულ ქართველებმა ევროპის ერთა თასზე ჩაატარეს 81 შეხვედრა, საიდანაც მოიგეს 65, ფრედ დაამთავრეს 4 და წააგეს 12 მატჩი. სათამაშო ქულების შეფარდებაა 2420-1007, ლელოების 302-79.

პაატა ჭანია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080712