ერთა თასი

17:59 | 12.02.2016 | ნანახია 1534 - ჯერ

ალფონსო ფეიხო: „საქართველოს წარმატებამ ევროპულ რაგბის ვერაფერი არგო“

ესპანეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალფონსო ფეიხო ამბობს, რომ „მსოფლიო რაგბი“ უსამართლოდ მოექცა ევროპულ ნაკრებებს, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წარმატებული თამაშის შემდეგ, ევროპელებს მსოფლიო თასზე დამატებითი ადგილი არ გამოუყო.

„საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩების შედეგები, 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ანუ 2017/2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გათვალისწინებული არ იქნება და დანარჩენი გუნდები თანაბარ პირობებში ვიქნებით. მაგრამ, საერთო ჯამში, შესარჩევი სისტემის შეცვლა ყველას დაგვაზარალებს. თუ საქართველო ასე კარგი იყო, რატომ არ ჰქონოდა ევროპას დამატებითი ადგილი?! აშშ-სა და კანადის ნაკრებებს იოლი შესარჩევი ეტაპი აქვს, მაშინ, როდესაც მეორე ევროპულ გუნდს კუნძულელებთან მოუწევს თამაში“ - უკმაყოფილოა ფეიხო.

61 წლის ფუნქციონერი, რომელიც 1999 წლის მსოფლიო თასზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, კავშირის პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. ის ამბობს, რომ ორი წლის წინ ესპანეთის რაგბის კავშირი გაბანკროტებული იყო, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება შეძლო და ნაჩვენები სპორტული შედეგების შედეგად სპონსორების მოზიდვა მოახერხა. ახლა ჯერი ესპანეთის რაგბის აკადემიის დაარსებასა და მეორე ნაკრების ჩამოყალიბებაზეა.

„18 თვის წინ, როდესაც ფედერაციაში მოვედი, ის სრული ბანკროტი იყო და დიდი ძალისხმევის ხარჯზე შევძელით 2015 წლის შემოსავლებით დასრულება. მოვიზიდეთ სპონსორები და გავაფორმეთ ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტებთან, თუმცა, საქართველო, რუმინეთი და რუსეთი, ფინანსურად ჯერაც ჩვენზე უფრო წელგამართულები არიან“ - ამბობს ფეიხო.

ესპანელი ამბობს, რომ ფინანსების ნაკლებობის გამო, ესპანელებს პრობლემები ექმნებათ პროფესიონალური კლუბებიდან მოთამაშეების გამოძახების კუთხით, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ დღეში 75 ევრო უნდა უხადონ და მოთამაშეების მთავარი შემოსავალი კლუბში მიღებული ანაზღაურებაა. ნატურალიზირებულ მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთების მიზეზებზე საუბრისას ალფონსო ამბობს:

„პირველ გუნდს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა შედეგები გვქონდეს და ამით ჩვენი შემსავლები გავზარდოთ. პარალელურად, შევქმნით მეორე ნაკრებს, სადაც მხოლოდ ესპანელები ითამაშებენ და პერიოდულად, პირველ გუნდში სრულად მოხდება ადგილობრივების ინტეგრირება. დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის კლუბის - „ენისეის“ ბიუჯეტი ესპანეთის რაგბის კავშირის ბიუჯეტს 3 მილიონი ევროთი აღემატება და შედეგად, მათ ჩელენჯ ქაფზე „ნიუკასლი“ და „ბრივი“ დაამარცხეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთა თასზე წარმატებით თამაშის იმედი გვაქვს“.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთი სოჭში რუსეთთან 76-ე წუთზე 20:17 დაწინაურდა, მაგრამ თამაში რომ განახლდა ლელო გაუშვა და 20:22 დამარცხდა. ხვალ ესპანელები რუმინეთს მასპინძლობენ, ხოლო 27 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ „ბორჯღალოსნებს“ ეწვევიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:50 | 13.02.2016
BEERTRANCE (1073)

ვერ უჩმახებთ მერე საკმარისად

18:47 | 12.02.2016
baqo22 (10)

ამათი ეკონომიკა რომ ჩვენ გვქონდეს 6 ერი ხომ აქეთ შეგვეხვეწებოდა 7 ერად დამატებაზე))))

18:35 | 12.02.2016
kommarkos (35)

აუ რას წუწუნებს, ესპანეთში რომ აქვთ შესაძლებლობა სპონსორების მოზიდვის ეგ რომ ჩვენ გვქონდეს ექვსი ერი იქეთ შეგვეხვერწებოდა,rugyonline.ru -სთან წერია 600.000 მოგება ჰქონიათ ამ წელს, ჩვენ კი სახელმწიფოს შევყურებთ რა ფინანსურ მოგებაზეა საუბარი.

0.085739