სტატიები

14:06 | 31.12.2017 | ნანახია 3484 - ჯერ

12 ოვალური თვე
2017 წლის შეჯამება

ახალი, 2018 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, თვალი გადავავლოთ 2017 წლის გამორჩეულ მომენტებს.

მიმოხილვა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატით დავიწყოთ, რადგან საქართველომ პირველად უმასპინძლა ასეთი დონისა და მასშტაბის საერთაშორისო ტურნირს. ჩვენს ქვეყანას პლანეტის 11 მოწინავე სარაგბო ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვია (+საქართველო) და ქომაგმა ჯამში 30 უმაღლესი დონის თამაში იხილა. ერთ ჯგუფს ქუთაისმა უმასპინძლა (6 თამაში), დანარჩენ ორ ჯგუფს და ფლეი ოფებს კი თბილისმა - ‘მიხეილ მესხისა’ და ‘ავჭალის’ სტადიონებმა.

მე-10 საიუბილეო ტურნირმა მსოფლიო რაგბისგან, მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებისა და ნაკრების ხელმძღვანელობისგან, ასევე სხვადასხვა რანგის სპეციალისტებისგან უმაღლესი შეფასება - 90 ქულა მიიღო! აქამდე ყველაზე მაღალი შეფასება - 87 ქულა, 2016 წელს მანჩესტერში გამართულ ტურნირს ჰქონდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა, პლეი ოფში დაამარცხა არგენტინა (26:25) და შარშანდელის მსგავსად ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულა. გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა დასკვნითი შეხვედრაც და ირლანდიასთან გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა (18:24), თუმცა ამ შეხვედრაში გაიბრწყინა გელა აფრასიძემ, რომლის ლელო ‘მსოფლიო რაგბის’ წლის ლელოს ნომინანტთა შორის მოხვდა.

აფრასიძემ კარიერა ‘მონპელიეში’ გააგრძელა და მიუხედავად იმისა რომ ესპუარების კონტრაქტი აქვს, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გაიბრწყინა თედო აბჟანდაძემ, რომელსაც 18 წელი ტურნირის მსვლელობისას, არგენტინასთან მატჩის დღეს შეუსრულდა, მან კარიერა ირლანდიაში, პრო 14-ის ‘ლენსთერის’ ერთ-ერთ საბაზო გუნდში, ‘ტერენორ კოლეჯში’ გააგრძელა, რომელიც ირლანდიის 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობს.

უმცროსი ბორჯღალოსნები 12-გუნდა ელიტაში დამკვიდრდნენ და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ, რომელსაც წელს საფრანგეთი უმასპინძლებს (30 მაისი - 17 ივნისი).

ბორჯღალოსნები: სამი ცენტურიონი

ბორჯღალოსნებმა 2017 წელი მაღალ დონეზე ჩაატარეს და რამდენიმე მიღწევა გააუმჯობესეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. გავმართეთ 11 ტესტი, რომელთაგან მოვიგეთ 8; ღირსეულად ვეთამაშეთ ორ ტიერ1-ის გუნდს; წელს, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ერთაბაშად სამმა ბორჯღალოსანმა: მერაბ კვირიკაშვილმა, დავით კაჭარავამ და გიორგი ჩხაიძემ შეაბიჯეს ასიანთა კლუბში - საქართველოს სახელით ასი მატჩი გამართეს და ცენტურიონების წოდება მოიხვეჭეს. წელსვე პირველი სანაკრებო კეპი 11-მა დებიუტანტმა მოიხვეჭა.

წლის დასაწყისში ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე; ივნისში გავემგზავრეთ პირველ პან-ამერიკულ ტურნეზე, დავფარეთ 42 800 კილომეტრი, სტუმრად პირველად ვძლიეთ კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს, ხოლო მრისხანე არგენტინას და ზოგადად პირველი დონის გუნდს პირველად გავუტანეთ 4 ლელო და მოვიხვეჭეთ 29 ქულა - 29:45.

თიბისი რაგბის სერია 2017

შემოდგომაზე ტრადიციულად მთელს სარაგბო სამყაროში ნეომბრის ტესტები გაიმართა. საქართველოში, წლის ამ უმნიშვნელოვანეს სერიებს პირველად მიენიჭა სპონსორის სახელი - თიბისის რაგბის სერიები.

სერიებზე კანადისა და აშშ-ს ნაკრებები გვეწვია, რომელთაც ზაფხულის ტურნეს დროს სტუმრად ვეთამაშეთ. პირველს ‘დინამო არენაზე’ სარეკორდო სხვაობით, 54:22 ვძლიეთ და ურთიერთშეხვედრებში პირველად დავწინაურდით - 4:3. მატჩში განსაკუთრებით გამოირჩა სოსო მათიაშვილი, რომელმაც 34 ქულა დააგროვა, რითაც გააუმჯობესა მერაბ კვირიკაშვილის 7 წლის წინანდელი რეკორდი. მისმა მეორე ლელომ კი მთელი სარაგბო სამყარო აალაპარაკა.

აშშ-ს ‘მიხეილ მესხზე; 21:20 ვძლიეთ და ბალანსი აღვადგინეთ (3:3), ხოლო შუალედში უელსს კარდიფში, ‘ფრინსიფალითი სთედიუმზე’ ვეწვიეთ და ბოლო წუთზე დანიშნული „ცრუ შერკინების“ შემდეგ მასპინძლებს ერთი გარდასახული ლელოთი, 7 ქულით ჩამოვრჩით - 6:13.

ციფრები...

11 ტესტში ნაკრების კვართი 50-მა მორაგბემ მოირგო და აქედან სამი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ცენტურიონი გახდა - გერმანიასთან მერაბ კვირიკაშვილი, კანადაში დავით კაჭარავა და შინ აშშ-სთან გიორგი ჩხაიძე. შედგა 11 ახალბედას დებიუტი - ბეკოშვილი, მატარაძე, ჭყოიძე, ცუცქირიძე, ტაბიძე, აფრასიძე, მჭედლიშვილი, მათიაშვილი, ლიპარტელიანი, მოდებაძე და კვესელაძე.

წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 67 ქულა კვირიკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო 4-4 ლელო ერთბაშად ოთხმა მორაგბემ გაიტანა: კოშაძე, მათიაშვილი, თხილაიშვილი და გორგაძე.

წელსვე გაირკვა ბორჯღალოსნების მეტოქეების ვინაობა 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე. მილთონ ჰეიგის შეგირდები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და ამერიკის მეორე გუნდთან (კანადა, ან ურუგვაი; გაირკვევა 3 თებერვალს) ითამაშებენ.

18-წლამდე: უფრო ახლოს საფრანგეთთან

18-წლამდე ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სადაც საფრანგეთს უწინდელზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

წელს ტურნირში კანადის, აშშ-სა და იაპონიის ნაკრებები ჩაერთო და მას ევროპის ღია ჩემპიონატი ეწოდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომელთა ხაზის თამაში განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო, ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხეს ორი არაევროპელი - კანადა 43:3 და იაპონია 42:17.

ფინალში ნაცნობ საფრანგეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით გაუტანეს ორი ლელო და ნაკლები სხვაობით ჩამორჩნენ - 18:36.

ქართული კლუბი ევროთასებზე

დიდი 10-ის გასული სეზონი 15 წლის წინ დაარსებულმა კლუბმა გორის ‘ჯიქმა’ მოიგო, თუმცა უსახსრობის გამო ევროტურნირებზე ვიცე-ჩემპიონი ‘ბათუმი’ ჩაერთო.

ზღვისპირელებმა ‘კონტინენტის ფარის’ პირველი, ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახეს. მართალია გამოუცდელობის გამო ბათუმელებმა იტალიაში ორი მოსაგები თამაში (‘როვიგოსთან’ და ‘ვიადანასთან’) ერთნაირი ანგარიშით დათმეს - 27:31, მაგრამ იქიდან ჯამში 3 ბონუს-ქულა წამოიღეს.

‘ბათუმმა’ მშობლიურ ქალაქში ბონუსით სძლია გერმანიის ჩემპიონ ‘ჰაიდელბერგს’ (33:16), ხოლო გადამწვეტ მატჩში 20:17 დაამარცხა რუმინეთის ჩემპიონი ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 13 და 20 იანვარს კვლავ რუმინულ კლუბს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ფლეი ოფში გასულმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ და ‘ჰაიდელბერგმა’ ჯგუფურ ეტაპზე თითო შეხვედრა დათმეს და ორივეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა სძლია.

ბათუმს წინ ოერ-მატჩა პლეიოფი აქ, რომელშიც უკვე კარგად ნაცნობ ტიმიშოარა სარასენს შეხვდება შინ და გარეთ. პირველი მატჩი ბათუმი არენაზე 2018 წლის 13 იანვარს გაიმართება.

მადლობა კაპიტანო

2017 წლის მაისში ყველა დროის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და იქვე დასძინა, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის გამოსათხოვარ მატჩს გამართავდა:

„არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა, მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!“.

იყო ვარაუდი, რომ ეს თამაში 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისა იქნებოდა, თუმცა მამუკამ ტრავმა მიიღო და მისი მოედანზე გასვლა მინიმუმ 4 თვით გამოირიცხა.

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში ‘ლელოში’ დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და ‘ჰაინეკენის თასის’ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

2014 წლიდან ‘ტულონში’ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ‘რასინგს’ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

მამუკამ ბორჯღალოსანთა კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.

მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

გორგოძეს ბორჯღალოსნების კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:31 | 04.01.2018
mitro (18)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=lxaP4pTC4Ec')>0?'https://www.youtube.com/watch?v=lxaP4pTC4Ec':'https://www.youtube.com/watch?v=lxaP4pTC4Ec'))
განხილვაა ჩვენი ჯგუფის მსოფლიოზე.....

22:36 | 02.01.2018
buratino (480)

ყველას გილოცავთ ახალ წელს და დღევანდელ დღესაც (ბედობას)! ვისურვებდი რომ 2018 წელიწადს
ქართულ რაგბს ხშირ-ხშირი გამარჯვებები დაებედოს, რისი გვირგვინიც შემდგომი (2019) წელი უნდა გახდეს

10:22 | 02.01.2018
miriani (151)

პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს და ღმერთმა ქნას წლევანდელი წელი გასულზე გაცილებით უკეთესი და წარმატებული იყოს!

18:27 | 01.01.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია 2018 წელი უფრო წარმატებული იქნება, და იმედია იტალიას გავაგორეთ.

21:35 | 31.12.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ახალ წელს ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.080335