საფრანგეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გი ნოვესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, ჟაკ ბრუნელი დანიშნეს. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
63 წლის ნოვესი, რომელიც 1993-2015 წლებში “ტულუზას” წვრთნიდა, საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ჩაუდგა. გამოცდილ სპეციალისტს “სამფეროვნების” რიგებში წარმატებული მუშაობა არ გამოუვიდა. მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთმა 21-ჯერ ითამაშა, საიდანაც 7-ჯერ იმარჯვა, 13-ჯერ დამარცხდა და 1 მატჩი ფრედ ითამაშა.
ნოვესს ნოემბრის ტესტებზე წარუმატებელი თამაში აღარ აპატიეს. საფრანგეთმა შინ ახალზელანდიას უშანსოდ წააგო (18:38), ცუდ ფორმაში მყოფ სამხრეთ აფრიკასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა (აღსანიშნავია, რომ ფრანგები ივნისის ტესტებზე სამხრეთ აფრიკასთან სამჯერ დამარცხდნენ), ხოლო იაპონიასთან ფრედ 23:23 ითამაშეს და ტამურას გარდასახვა რომ გაეტანა, ფრანგები სამარცხვინო მარცხს იწვნიდნენ.
ჟაკ ბრუნელიც 63 წლისაა. 2001-2007 წლებში საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობდა, 2007-2011 წლებში “პერპინიანს” ედგა სათავეში, 2011-2016 წლებში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც 2016-2017 წლებში სამშობლოში დაბრუნდა და “ბორდოს” შერკინების მწვრთნელი გახდა, ხოლო გასული ზაფხულიდან “ბორდოს” მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა, რომელსაც ტოპ 14-ის მომავალ ტურში დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველ მატჩს საფრანგეთის ნაკრები 3 თებერვალს ჩაატარებს. “სამფეროვნები” 6 ერის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში “სტად დე ფრანსზე” ირლანდიის ნაკრებს მიიღებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია