სიახლეები

18:16 | 27.12.2017 | ნანახია 2815 - ჯერ

კონტინენტის ფარი: ორი ნაბიჯი ჩელენჯ ქაფამდე

2018 წლის სარაგბო სეზონს იანვრის შუა რიცხვებში ‘ბათუმი’ გახსნის, რომელიც ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ ფლეი ოფში ჩაერთვება. ქართული კლუბებისთვის სადებიუტო ტურნირის პირველი, ჯგუფური ეტაპი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ორი მოგებით და 12 ქულით გადალახა. ზღვისპირელებმა იტალიურ კლუბებთან - ‘როვიგოსთან’ და ‘ვიადანასთან’ სტუმრად ითამაშეს, გამარჯვებასთან ორივეჯერ ახლოს იყვნენ, მაგრამ გამოცდილება დააკლდათ და ორივე თამაში მცირედით, ერთნაირი ანგარიშით დათმეს - 27:31.

‘ბათუმმა’ ‘როვიგოს’ 4 ლელოც გაუტანა და ჯამში ორ გასვლით შეხვედრაში 3 სატურნირო ქულა აიღო. შინ ბათუმის ‘რაგბი არენაზე’ მასპინძლებმა ორივე თამაში მოიგეს - გერმანიის ჩემპიონ ‘ჰაიდელბერგს’ 4 ლელოც დაუდეს (33:16) და ბონუსიც მიიღეს, ხოლო რუმინეთის ჩემპიონ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ გადამწყვეტ ბრძოლაში 20:17 აჯობეს. ჯამში ბათუმელთა მონაგარმა 12 ქულა შეადგინა და ქართულმა კლუბმა „ბ“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე იტალიის ჩემპიონი ‘კალვიზანო’ გავიდა, რომელმაც ასევე 12 ქულა მოაგროვა და მდევარს გატანილ-გაშვებული ქულათა სხვაობით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე ბათუმელთა მიერ ძლეული გუნდები - ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ და ‘ჰაიდელბერგი’ გავიდნენ. რუმინელებმა და გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ თითო თამაში წააგეს და მათი ძლევა სწორედ ქართველებმა მოახერხეს. რადგან „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ერგო, ფლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ‘ბათუმის’ მეტოქე სწორედ რუმინული კლუბი იქნება. მეორე წყვილი ‘ჰაიდელბერგმა’ და ‘კალვიზანომ’ შეადგინა.

ფლეი ოფის გზა

‘კონტინენტის ფარისა’ და ჩელენჯ ქაფის საგზურისთვის ექვსი გუნდიღა იბრძვის და როგორც ზევით ვახსენეთ, მეოთხედფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხი ითამაშებს. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ორ-ორი თამაში, მიმოსვლით გაიმართება და 13 იანვარს ‘ბათუმი’ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ბათუმში კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება. ერთი კვირის თავზე, 20 იანვარს განმეორებითი შეხვედრაა და რუმინეთის ჩემპიონი არა მშობლიურ ქალაქ ტიმიშოარაში, არამედ კლუჟში გვიმასპინძლებს. განმეორებითი თამაში ადგილობრივი დროით 14 საათზე იწყება.

მეოთხედფინალში გამარჯვებულები ნახევარფინალში გადიან და ერთმანეთს ეთამაშებიან, ანუ წარმატების შემთხვევაში ‘ბათუმის’ მეტოქე ‘ჰაიდელბერგისა’ და ‘კალვიზანოს’ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ციმბირული კლუბები - ‘ენისეი’ და ‘კრასნი იარი’ შეხვდებიან, როლებიც წელს ჩელენჯ ქაფზე თამაშობენ. ნახევარფინალებიც ორ-რაუნდიანია და თამაშები სავარაუდოდ 31 მარტსა და 21 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალში გამარჯვებულები 2018/2019 წლების სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. გარდა ამისა, ისინი გადიან ‘კონტინენტის ფარის’ ფინალში, რომელსაც 12 მაისს ესპანეთი, ბილბაო უმასპინძლებს. საგულისხმოა, რომ იმავე უქმეებზე ბილბაოში ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალებიც გაიმართება.

რა მოხდება ფრის შემთხვევაში

დებულების 2.5.3 და 2.5.4 მუხლების, ასევე მე-2 და მე-3 დანართების თანახმად:

ფლეი ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში ბონუსი (4 ლელოს გატანისა და 7 და ნაკლები ქულის სახვაობით მარცხისთვის) არ გაიცემა და გამარჯვებული გამოვლინდება ორი მატჩის ჯამური ანგარიშით;

თუ ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, მეორე შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებიდან 5 წუთში დაიწყება დამატებითი დრო – ორჯერ 10 წუთი 1-წუთიანი შესვენებით;

თუ ამის შემდეგაც ფრეა, შედარდება ორივე მატჩის 180 წუთში (80+80+20) გატანილი ლელოები;

თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია, მოეწყობა შუთაუთი:

გუნდი გამოჰყოფს სამ მოთამაშეს, რომლებიც კარში 22 და 40 მეტრიდან, სამი პოზიციიდან - კარის პირდაპირ და ორივე კიდიდან 15 მეტრზე - რიგრიგობით დაარტყამენ;

თუ საწყისი 6-დარტყმიანი სერიაც ფრედ დასრულდა, შეჯიბრი გამარჯვებულის გამოვლენამდე გაგრძელდება თითო დარტყმით - 40 მეტრიდან, კარის პირდაპირ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:49 | 29.12.2017
buratino (480)

ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, "ბათუმი"-ს შანსები მცირეა. თუნდაც მარტო მოკლე სკამი და სიღრმეების არქონა განაპირობებს ამას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ "ტიმიშოარა-სარასენსი" და "როვიგო" გაცილებით გამოცდილი და ევროთასებზე გამოწრთობილი გუნდებია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რომ საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად პატრიოტ სპორტსმენებთან (ასეთებად უპირველესად მიმაჩნია მორაგბეები), მაინც შეგვიძლია იმედი გვქონდეს

16:26 | 28.12.2017
temuchin (431)

ახლა გვიანია, მაგრამ როგორმე რომ მოგვეგერიებინა ის ბოლო შეტევა ვიადანასთან ახლა გაცილებით დიდი და მე მგონია რომ 99% იანი შანსი გვექნებოდა ჰაიდელბერგის ძლევის და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გასვლისა. რაც არის არის, ყოველ შემთხვევაში ბოლო თამაშისგან განსხვავებით ახლა რუმინელებს ასმაგი მოტივაცია ექნებათ რადგან აქ უკვე თავი ქუდში ვეღარ ეგულებათ. მაინც სიურპრიზივით ველოდები იმას რომ ბათუმი ცოტა დაგრძელებული და ხარისხიანი სკამით შეხვდება მომდევნო მატჩებს და კიდევ ერთხელ გაგვახარებს ჩვენ და გააოცებს ევროპას.

07:25 | 28.12.2017
ogafa (407)

წარმატებები

23:10 | 27.12.2017
თორღვა პანკელი (387)

ბათუმს ფინანსურად ყველაზე მეტი საშვალება და უკეთესი ბერკეტები აქვს ევროთასებზე საასპარეზოთ, საჭიროა მხოლოდ შემადგენლობის მძლავრად გაძლიერება, როგორც ძირითადის ასევე სათადარიგოების, რაც სავსებით შესაძლებელია.

20:05 | 27.12.2017
გუგა80 (177)

ანუ ჩელენჯ ქაფამდე ტიმიშოარა და (სავარაუდოდ) კალვიზანო უნდა გამოვთიშოთ პლეიოფებში. ეს ჩემი აზრით ამ ბათუმისთვის ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა მიღწეულიც არ არის ცუდი და მომავალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონმა აუცილებლად უნდა მიიღოს მინაწილეობა ამ ტურნირში და უკვე ჩელენჯზე რეალურად გასვლა უნდა დაისახოს მიზნად.

19:24 | 27.12.2017
პანტელეიმონი (1218)

კარგი იქნება, თუ მოხერხდება "ბათუმი"-ს გაძლიერება და შედეგად პოზიციებზე სიღრმეების შექმნა.

0.080654