თედო აბჟანდაძე რაგბის გულშემატკივარმა ადრეულ ასაკში გაიცნო. გაზაფხულზე მან ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზა და ნაკრებთან ერთად ფინალშიც გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა, ხოლო თვენახევარში უკვე 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო (შეჯიბრის მიმდინარეობისას შეუსრულდა 18 წელი). იქამდე კი, დიდი 10-ის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ქუთაისის “აიაში” მოახერხა მოხვედრა.
თედოს ჩამოთვლილ ტურნირებზე კარგი თამაში დაუფასდა და ნოემბერში ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც “ტერენურის” კოლეჯში ჩაირიცხა, რომელიც პრო 14-ის ბინადრის “ლენსტერის” ერთ-ერთი აკადემიად ითვლება. მისი ირლანდიური კარიერა კარგად დაიწყო და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ლელოს გატანაც მოახერხა, თუმცა ტრავმაც მიიღო, რომელიც საბედნიეროდ სერიოზული არ გამოდგა და თედო უკვე სრულფასოვნად ვარჯიშობს.
ახალგაზრდა მგეზავის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თედოს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელიც ქართველი ქომაგისთვის საინტერესო უნდა იყოს.
- ჩვენ გვერდს აქამდე შენთან არ უსაუბრია, ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ - შენი პირველი სარაგბო ნაბიჯების შესახებ გვითხარი, რა ასაკში დაიწყე რაგბის თამაში და რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
- 8 თუ 9 წლის ასაკში, თავიდანვე მომწონდა რაგბის თამაში, მსიამოვნებდა და თან კარგადაც გამომდიოდა. ფეხბურთზეც დავდიოდი, მაგრამ რაგბიში უკეთესი ვიყავი და ავირჩიე რაგბს გავყოლილიყავი.
- მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის შემდგომ, გულშემატკივრებში ჭორი გაჩნდა, თითქოს რაგბიზე გაყოლის ნაცვლად, სწავლას აპირებდი. მართლა ფიქრობდი რაგბისთვის თავის დანებებას, თუ უბრალო ჭორი იყო, რომელიც ქართველმა ქომაგმა აიტაცა?
- არა, არა ჭორი იყო. ნამდვილად არ ვაპირებ რაგბისთვის თავის დანებებას. უბრალოდ სწავლაც მინდა და რაგბიც, ორივე ერთად.
- 18 წელი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეგისრულდა, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყავი ამ ტურნირზე. იქამდე კი, უფრო პატარა ასაკში დიდი 10-ის ერთ-ერთ წამყვანი გუნდის "აიას" შემადგენლობაში მოხვდი. როგორ მიაღწიე ამ წარმატებას, ასეთ პატარა ასაკში?
- ჩემი აზრით, თავდაუზოგავი შრომით და ვარჯიშით. ყოველთვის ყველა ვარჯიშზე ვიყავი და უმიზეზოდ არასდროს ვაცდენდი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ყველა ვარჯიშზე ვყოფილიყავი და საკუთარ თავთან მემუშავა.
- სანამ შენს ახალ კლუბზე გადავიდოდეთ, დიდ 10-ზე და "აიაზე" გკითხავ. როგორ ფიქრობ, რამდენად უმჯობესდება ჩვენი ჩემპიონატის დონე და ტიტულის მოგების როგორი შანსი აქვს "აიას"?
- ჩემი აზრით, ყოველ წელს იმატებს დონე და უფრო ვითარდება დიდი 10. “აიას” წელს ძალიან კარგი შანსი აქვს ჩემპიონობის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი წრე წაუგებელი სერიით დაასრულა. ვნახოთ თუ მოახერხებენ პირველი ადგილის შენარჩუნებას.
- თედო, როგორ შეეგუე ახალ გარემოს ირლანდიაში და როგორ მოხვდი "ტერენურის" კოლეჯში?
- კარგად, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე შევეგუე. ჩემი გუნდელებიც დამეხმარნენ და ქართველებიც რომლებიც იქ ცხოვრობენ. აბდალაძეების ოჯახი და მაისურაძეების ოჯახი. აბდალაძეების ოჯახის შვილს ვახოს ირლანდიის 20 წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები. CV და ჩემი ვიდეო გავუგზავნე, მათაც მოვეწონე და წამიყვანეს.
- 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობ და ლელოს გატანაც მოახერხე, თუმცა "ბლექ როკთან" მატჩში ტრავმა მიიღე. პირველ ყოვლისა, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვითხარი და შემდეგ შეაფასე ჩემპიონატის დონე, რომელშიც თამაშობ.
- კი ეგრე იყო, ლელოს დადებაც მოვახერხე და ტრავმაც მივიღე. თუმცა, სერიოზული არაფერია. ახლა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. 20-წლამდელთა ჩემპიონატის დონე, დიდ ათთან დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ აქ ცოტა მაღალი ტემპია.
- "ტერენურის" კოლეჯი პრო 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანჩიზის "ლენსტერის" ერთ-ერთ აკადემიად ითვლება. არის იმის შანსი, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში "ლენსტერში" მოხვდე?
- ამ სეზონში არა, რადგანაც ირლანდიის ნაკრები 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენ ჯგუფშია და ასე განაცხადეს.
- რადგან მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი ახსენე, ამაზე გკითხავ. სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია. სამივე გუნდი უძლიერესია, რომლებთანაც თამაში წლევანდელ ტურნირზეც მოგვიწია, თუმცა მას შემდეგ ჩვენი ნაკრები რამდენიმე ძლიერმა მოთამაშემ დატოვა, თუნდაც კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა. რა იქნება ჩვენი გუნდის მიზანი 2018 წლის მსოფლიოზე და რომელ მეტოქეს თვლი ჯგუფში ყველაზე ძლიერად?
- ჩემი აზრით, ნაკრებიდან წასულ მოთამაშეებს ღირსეული შემცვლელები ეყოლებათ. არ ვიცი, მიზანი ალბათ ისევ ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება. ჯგუფში ყველაზე ძლიერი კი ალბათ სამხრეთ აფრიკის ნაკრებია.
- ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზეც გაქვს ნათამაშები, შემდეგ 20-წლამდელთა მსოფლიოზე. ეს ორი ტურნირი რომ შეადარო, რამდენად დიდი სხვაობაა მათ შორის და რა მოგცა ამ ორმა გათამაშებამ, როგორც ახალგაზრდა მორაგბეს?
- ძალიან დიდი სხვაობაა, ძალიან. მსოფლიოზე სულ სხვა ტემპი იყო და სულ სხვა წნეხი. ამ ორმა გათამაშებამ კი, პიროვნულად გამზარდა და დამაჯერა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში და მოგება.
- თედო, ბოლოსკენ ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ. როგორ ფიქრობ ხარ თუ არა უკვე მზად, ძირითად ნაკრებში თამაშისთვის ამ ეტაპზე?
- არ ვიცი, მაგაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია.
- ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენ და მსოფლიო თასზე მოხვედრის საკმაოდ რეალური შანსი უნდა გქონდეს, თუმცა კონკურენტები ძლიერები გყავს ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, რეზი ჯინჭველაშვილი. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ეს კონკურენცია დაძლიო და პლანეტის ყველაზე ძლიერ ტურნირზე მოხვდე?
- ალბათ ისევ თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
- ბოლო შეკითხვას დაგისვამ, რას ეტყვი იმ ქომაგს, რომელსაც შენი სჯერა და ქართული რაგბის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ მიგიჩნევს?
- მადლობის მეტი რა მეთქმის, ვპირდები, რომ გავამართლებ მათ იმედებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი, თედო! შენ და შენნაირები ქართული რაგბის მომავალი ხართ
წარმატებები ჩემო პატარა ძამიკო...მონდომება და თავდაუზოგავად ვარჯიში, ესაა მთავარი გარანტი წარმატებისთვის...მჯერა არც ერტი გაკლია და არც მეორე...
აბა შენ იცი და მრავალჯერ გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი, განსაკუთრებით შენი მშობლიური ქუთაისი!
ღმერთი შენკენ!
ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომელზეც გვჭირდება, სულ სხვა ხედვის, სხვა მომზადების და მენტალობის მქონე მოთამაშეები, რომლებიც მზად იქნებიან ითამაშონ დიდი რაგბი. განსაკუთრებით ეხება ეს უკანა ხაზის მოთამაშეებს. სადაც ძალიან-ძალიან გვიჭირს. რაც ძალიან კარგად გამოჩნდა უელსის წინააღმდეგ თამაშში. ასე რომ რაც მეტი უკანახაზელი წავა საზღვარგარეთ და მიიღებს მსგავს მასტერკლასს, გაეცნობა იქ არსებულ სამწვრთნელო თუ ზოგადად რაგბისადმი მიდგომებს, რაც რადიკალურად განსხვავდება საქართველოში მაგ ასაკში არსებული მიდგომებისგან, მით უფრო არ დააყოვნებს შედეგი, თუმცა შედეგი უფრო უკეთესი იქნებოდა კიდევ უფრო ადრიდანვე, რომ ხდებოდეს მსგავსი მივლინებების უზრუნველყოფა, რაც მესმის, რომ ალბათ შეუძლებელია. თედოს კიდევ მე პირადად ვუსურვებდი, რომ არა მარტო ისწავლოს, არამედ გაითავისოს იქ არსებული მიდგომები და მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს იქ გატარებული დროისგან. ისე ბიზნესმა, რომ იაქტიუროს და მეტი გააკეთოს ამ მიმართულებით ცუდი არ იქნებოდა. ვინმემ თუ იცის რა ჯდება ყოველთვიურად ეს მივლინება?
დიდ რაგბის ითამაშებს, წარმატებები თედოს
გენაცვალე თედო! წარმატებები ჯიგარო!
წარმატებას გისურვებ თედო ! ! !
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ბევრჯერ გაგეხარებიოს ქართველი ქომაგები.
წარმატებები