შიდა რაგბი

16:49 | 17.12.2017 | ნანახია 5234 - ჯერ

საკლუბო რაგბის პირველი წარმატება: “ბათუმი” კონტინენტის ფარის პლეი-ოფშია (+VIDEO)

ქართული საკლუბო რაგბისთვის სადებიუტო ევროსეზონი უკვე წარმატებულია. “ბათუმმა” კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე “ტიმიშოარა სარასენსს” სძლია და პლეი-ოფის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

მთლიანობაში, აჭარული გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და გამოუცდელობა რომ არა, შეიძლებოდა ყველა თამაშიც მოეგო. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა საკუთარ მოედანზე “ჰაიდელბერგის” წინააღმდეგ და დამაჯერებლად 33:16 იმარჯვა. ასევე ორჯერ ძალიან ახლოს ვიყავით იტალიაში მოგებასთან, თუმცა “როვიგოსთან” და “ვიადანასთან” ჩატარებული შესანიშნავი ტაიმების შემდგომ, ძალა და გამოცდილება დაგვაკლდა და ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით 27:31 დავმარცხდით.

უმნიშვნელოვანესია, რომ დაშვებული შეცდომები სათანადოდ იქნას გაანალიზებული და ამის გამოსწორება მოხდეს. ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბმა, დავით გუგუშვილის ხელმძღვანელობით აშკარად ბევრი იშრომა, სათანადო დასკვენები გამოიტანა და გადამწვეტ მატჩში აჭარლებმა საკმაოდ ძლიერ “ტიმიშოარასთან” გაიმარჯვეს.

შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო, მე-7 წუთზე სტუმართა მიძალება ქევინ ლეიტერსის ლელოთი დასრულდა, რომელიც ტევიტა მანუმუამ გარდასახა.

“ბათუმელებმა” ცუდი დასაწყისის შემდეგ, ნელ-ნელა თამაშის დალაგება მოახერხეს და 23-ე წუთზე ბახვა კობახიძემ ჯარიმით სხვაობა შეამცირა. ტაიმის დასკვნითმა 10 წუთმა კი მთლიანად მასპინძელთა დომინირებით ჩაიარა: ბათუმელები მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ და ბექა ურჯუკაშვილმა ლელოში შეჭრა და დამიწება მოახერხა, რომელიც მსაჯებმა ვერ დააფიქსირეს და ვიდეორეფერეის არარსებობის გამო ლელო გაუქმნა, თუმცა “ბათუმმა” ლელო მაინც მალე დადო: 5-იანთან შერკინებას მასპინძელთა მიძალება მოჰყვა, რომელიც იმით დასრულდა, რომ ბექა მამრიკიშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა, გარდასახვა კი ბახვა კობახიძემ ზუსტად შეასრულა და ტაიმი 10:7 მოვიგეთ.

პირველი ნახევრის მსგავსად, მეორე ტაიმიც მასპინძელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო: 44-ე წუთზე ტევიტა მანუმუამ რაქიდან აიტაცა ბურთი, შემდეგ ფრთაზე ფეხით გადაკიდა, თავადვე მიჰყვა და თავის გუნდი დააწინაურა, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა და ორქულიანი სხვაობა დარჩა.

აჭარლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მაინც მოიპოვეს: 55-ე წუთზე მეტოქის 5-იანთან შერკინება დაინიშნა, რომლიდანაც ხვიჩა ბუჯიაშვილმა გამოიტანა ბურთი და ზურაბ თუთბერიძეს გადააწოდა, რომელმაც მეტოქის დაცვაში შექმნილი სივრცე შესანიშნავად გამოიყენა, მეტოქის ლელოში შევარდა და ძელებს შუა დაამიწა ბურთი, კობახიძეს კი გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია. გადამწყვეტი გამოდგა კობახიძის მიერ 62-ე წუთზე გატანილი ჯარიმა, რომელიც ქართულმა გუნდმა კვლავ შერკინებით მოიპოვა. “ბათუმმა” სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, რადგან მეტოქეს ერთი შედეგიანი შეტევა აღარ ყოფნიდა.

80 წუთი უკვე ამოწურული იყო, როდესაც რუმინელებმა 5-იანიდან მოწოდებული დერეფანი მოიგეს, მოლი ააგორეს და ლელო დადეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა და “ბათუმმა” 20:17 მოიგო.

პლეი-ოფში ერთმანეთს კვლავ “ბათუმი” და “ტიმიშოარა” შეხვდებიან, რადგან “კალვიზანომ” “როვიგო” 34:0 დაამარცხა, ბონუს-ქულა მოიპოვა და ბურთების სხვაობის ხარჯზე პირველ ადგილზე გავიდა. აღნიშნული დაპირისპირება 13 და 20 იანვარს გაიმართება. ბათუმელები პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ, ხოლო მეორეს რუმინეთში ითამაშებენ.

ამრიგად, ქართული საკლუბო რაგბის დებიუტი უკვე წარმატებულია. “ბათუმი” პირველივე სეზონში პლეი-ოფში გავიდა და კიდევ უფრო დიდი წარმატების ძალიან კარგი შანსი აქვს, რადგან “ტიმიშოარა” უკვე დამარცხებული ჰყავს.

“ბათუმის” ეს წარმატება კი სხვა კლუბებისთვისაც გადამდები უნდა იყოს და იმედია, რომ ამიერიდან სხვებიც ჩაერთვებიან ევროთასებზე და ქართული გუნდები სტაბილურად დაიწყებენ გამოსვლას. წესით ასეც უნდა იყოს, რადგან აჭარული გუნდის წარმატებულმა გამოსვლამ, სხვა კლუბებსაც ასეთივე წარმატება უნდა მოანდომოს და კონტინენტის ფარზე გამოსასვლელად კიდევ უფრო შეეცდებიან საჭირო რესურსის გამონახვას.

ბათუმი – ტიმიშოარა 20:17 (10:7)

ბათუმი: 2 ლელო – მამრიკიშვილი (34), თუთბერიძე (55); 2 ჯარიმა – კობახიძე (23; 62); 2 გარდასახვა – კობახიზე (35; 56)

ტიმიშოარა: 3 ლელო – ლეიტერსი (7), მანუმუა (44), რუსი (81); 1 გარდასახვა – მანუმუა (8)

სატურნირო მდგომარეობა

"ბ"

სხვ

კლვ (იტა)

12

+55

ბთმ (საქ)

12

+12

პდვ (იტა)

11

+31

ლშბ (პორ)

4

-99

ვიდეომასალა აღებულია რაგბი ტვ-ის ფეისბუქ გვერდიდან


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:26 | 17.12.2017
geogoli (367)

ირაკლი მარტო მიმოხილვას აღარ დავჯერდებით. მახსოვს დაპირება ინტერვიუEბზე და ველოდები ბათუმის მწვრთნელის ვრცელ ინტერვიუს

18:03 | 17.12.2017
NIKA..01 (335)

სულ მაგას გავიძახი მეც(ვინაა ჩვენი მომსმენი ეგაა საკითხავი).250 კი არა 100 მილიონი ჩაიდოს რაგბის განვითარებაში და 10-ჯერ მეტი შედეგი იქნება.ან ბიზნესმენებს ისეთი რა გაუჭირდათ რომ 300 000-ით რაც ჩელენჯქაფისთვისაა საჭირო ვერ აფინანსებენ რაგბის გუნდს.მაგარი ჟმოტი ბიზნესმენები გვყავს.ჩვენ ბიზნესმენებზე ხელმოჭერილი არ მეგულება არავინ მსოფლიოში.

14:30 | 18.12.2017
BATU'91 (19)

ბიზნესმენები არცერთ სპორტს არ აფინანსებენ არცერთ ქვეყანაში და საქართველოში რაგბი რატომ უნდა დააფინანსონ? ბიზნესმენები ბიზნესს აკეთებენ, ეგაა მაგათი საქმე..

16:19 | 18.12.2017
temuchin (431)

ბათუ ვერ დაგეთანხმები, მაშინ ეს ხალხი ბიზნესმენები არ არიან შენი აზრით?
აბრამოვიჩი- ცელსის პატრონი
ალტრადი - მონპელიეს მთავარი სპონსორი
ბუჯელალი - ტულონის სპონსორი ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ არასწორად ხარ ინფორმირებული.

17:53 | 18.12.2017
BATU'91 (19)

ტულონის და ჩელსიც მომგებიანი პროექტებია..
ისევე როგორც თითქმის ყველა წარმატებული კლუბი >> ბიზნესია და შემოსავლიანია

თანაც აბრამოვიჩს იმდენი ფული აქ, ჩელსით შეუძლია გაერთოს და თუ რომელიმე სეზონში წაგება ნახა (როგორც შარშან) დიდიათაც არ დარდობს. აბრამოვიჩის წონის ბიზნესმენი ჩვენ მარტო ბიძო გვყვას და კი დახარჯა 100 მილიონზე მეტი რაგბისთვის

17:56 | 17.12.2017
BEERTRANCE (1073)

შემდეგ სეზონზე მეორე კლუბიც გავიყვანოთ იქნებ. საკლუბო რაგბის განვითარება სასიცოცხლოდ გვჭირდება

17:40 | 17.12.2017
თორღვა პანკელი (387)

რაგბს სადაც ორი დღის შეუთამაშებელმა კლუბმა უკვე ევრო სარბიელზე გააღწია 30000000-ი წელიწადში, ხოლო მთხლებურთს რომელმაც 30-ი წელია ვერაფერი ვერ გვაღირსა 250000000-ი! კაია ვერაფერს იტყვი, შეიძლება თავი ჩამოიხრჩო კაცმა. დააფინანსეთ რაგბი თქვე დედამ-ო! ერთი სეზონი მაინც დააფინანსეთ ორი კლუბი და იქ ისე იომებენ ბიჭები რომ დარწმუნებული ვარ მერე თქვენი დახმარების გარეშე უცხოელ სპონსორებს თავად მოიზიდავენ.

0.109851