ლეგიონერები

10:05 | 15.12.2017 | ნანახია 2769 - ჯერ

მერაბ შარიქაძე: „მუდამ წინ იყურე“

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ „გრენობლთან“ ორი კვირის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ, „ვანთან“ სტუმრად წაგებული შეხვედრა გამოტოვა. ხვალ მისი „ორიაკი“ ასევე სტუმრად მე-14 ადგილზე მყოფ „ნარბონს“ ეთამაშება და შარიქაძე მოედანს უბრუნდება.

ფრანგი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ის იმედოვნებს, რომ „ორიაკი“ უსიამოვნო ტრადიციას დაარღვევს და გასვლით მატჩს მოიგებს:

„მერაბ შარიქაძე ისევე ცოტას საუბრობს, რამდენსაც მისი გუნდი გასვლით შეხვედრებს იგებს. სტუმრად 20-მატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ, „ორიაკის“ ცენტრი და მისი თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ ამ სამწუხარო სერიას წერტილს დაუსვამენ. თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კარგად იცის, რომ ამისათვის მისმა გუნდმა უწინდელზე ბევრად მეტი უნდა გააკეთოს.

- „ვანთან“ ასეთი მარცხის (16:38) შემდეგ, „ორიაკისთვის“ აუცილებელია „ნარბონთან“ გამარჯვება.

- წინ დიდი თამაში გველოდება. „ნარბონი“ გასულ კვირაში „ბაიონთან“ დიდი სხვაობით დამარცხდა (0:53) და უფრო მოტივირებული იქნება. ახლა მათი დამარცხება კიდევ უფრო გართულდება. მიუხედავად ამისა, კარგად მოვემზადეთ და იმედია სასურველ შედეგს მივაღწევთ.

- რატომ ვერ იგებთ გასვლით თამაშებს?

- ისევე, როგორც ჩვენ, საკუთარ მოედანზე ყველა გუნდი განსაკუთრებულად კარგად თამაშობს. გასვლით შეხვედრებში ყველას უჭირს და ეს მხოლოდ „ორიაკის“ სატკივარი არაა. ძალიან რთულია შინ და გარეთ ერთნაირი თამაშის ჩვენება.

- თუმცა, ამ სეზონში სტუმრად შედარებით უკეთ თამაშობთ...

- დიახ, ასეა. სულ ცოტა დაგვაკლდა „მონ დე მარსანის“ დამარცხებამდე და ფრედ ვეთამაშეთ „მონტობანს“, ეს ორივე გუნდი კი, ლიდერია. ვიმედოვნებ, ამჯერად გამარჯვებასაც მოვიპოვებთ და ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც საკუთარ კედლებში. მიზეზი იმისა, რომ ასე ვერ ვითამაშოთ, არ არსებობს. ეს იგივე გუნდია, იგივე შემადგენლობით.

- რატომ არ ხერხდებოდა ამის გაკეთება აქამდე?

- რთული ასახსნელია. შესაძლოა, ეს მენტალური პრობლემა იყოს. არ ვამბობ, რომ გასვლითი შეხვედრებისთვის ცუდად ვემზადებით და მზად არ ვართ, მაგრამ რაღაც არ გამოდის.

- შესაძლოა „ნარბონთან“ მატჩი სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის გარდამტეხი იყოს?

- რა თქმა უნდა. ყველამ ვიცით, რომ ოთხ-ხუთ ქულას სეზონის მიზნების შეცვლა შეუძლია და მაქსიმუმს გავიღებთ კარგი შედეგის მისაღებად.

- პირველი წრე დასრულდა. თუ გაიხედეთ წინ, ან უკან?

- მუდამ წინ უნდა იყურო, უკან მხოლოდ სასწავლებლად თუ გაიხედავ.

- რა უნდა გააკეთოთ „ნარბონში“, რათა ამ სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვება იზეიმოთ?

- დავიჭიროთ ბურთი, ვიყოთ ძლიერები დაცვაში და დისციპლინაში. აი ასეთ დროს გვექნება შანსი. აქამდე ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი მივიღეთ, დისციპლინის გარეშე კი ვერაფერს მიაღწევ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:26 | 15.12.2017
პანტელეიმონი (1218)

მერაბ, გვეიმედები ! ! !

0.085789