ლეგიონერები

16:31 | 11.12.2017 | ნანახია 1635 - ჯერ

ლეგიონერები: 19 ქულა პარიზიდან

გასულ კვირას ევროპის სტადიონებზე ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. აღებული ქულებით თავი ორმა ბორჯღალოსანმა გამოიჩინა - გიორგი ფრუიძემ ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ 14 ქულა მოიპოვა.

ჩემპიონთა თასი

ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა ‘მონპელიემ’. ფრანგები ‘გლაზგო უორიორსს’ შოტლანდიაში ეწვივნენ და 23-ე წუთისთვის 5:17 ჩამორჩნენ, თუმცა ტაიმი 19:17 მოიგეს, შესვენების შემდეგ მეოთხე, ბონუს-ლელოც დადეს და 29:22 იმარჯვეს. ‘მონპელიეს’ რიგებში სრულად ითამაშა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა. ფრანგებს 3 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვთ და ინგლისურ ‘ექსეთერთან’ მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

მეოთხე ჯგუფში ფრანგული დერბი შედგა და ‘კასტრმა’ ‘რასინგს’ 16:13 აჯობა. პარიზელები 74-ე წუთამდე 13:6 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში 10 უპასუხო ქულა მიიღეს. სტუმართა შორის შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა.

მეხუთე ჯგუფში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 12 ქულით ლიდერობს ‘ტულონი’, რომელმაც ინგლისურ ‘ბათს’ 24:20 სძლია. დაძაბული მატჩის დებიუტში სტუმრები 10:0 დაწინაურდნენ. ფრანგებმა ლიდერობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, მაგრამ 61-ე წუთზე დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ კვლავ ჩამორჩნენ - 14:20. ტულონელმა ენტონი ბელუმ 77-ე წუთზე შეძლო გადამწყვეტი ლელოს გატანა და მასპინძლებს 24:20 მოაგებინა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30 წუთი ითამაშა ‘ტულონის’ ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ.

მეორე ჯგუფში უამინდობის გამო გადაიდო ცენტრალური შეხვედრა. ‘სარასენსი’ ინგლისში ‘კლერმონს’ უნდა დახვედროდა, ფრანგთა განაცხადში იყო 22 წლის ბექა კაკაბაძე, რომელმაც ახლახანს კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩელენჯ ქაფი

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში, რუსეთის ჩემპიონმა ‘ენისეიმ’ უელსში ‘ნიუპორტისგან’ სამი უპასუხო ლელო გაუშვა და 0:15 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა დავით კაჭარავამ, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძემ მოედანზე 61 წუთი გაატარა. ქართველ ლეგიონერებს ‘ენისეის’ რიგებში გამორჩეული პირადი მაჩვენებლები ჰქონდათ. კაჭარავამ 11 შეტევით 29 მეტრი მოიგო და გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა, ხოლო დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა. ყველაზე მეტი 14 ბოჭვა გაჩეჩილაძემ მოაგროვა, ბურთი 16-ჯერ მიიღო და ის წინ 23 მეტრით წაწია.

მეორე ჯგუფის ფრანგულ დერბში ‘ტულუზამ’ ‘ლიონს’ უმასპინძლა და 30:23 მოუგო. ლიონელთა შორის შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ და 3 შეტევით 9 მეტრი მოიგო.

ამავე ჯგუფში ‘კარდიფი’ ‘სეილს’ ინგლისში ეწვია და 0:24 დამარცხდა. ანტონ ფეიქრიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა.

მესამე ჯგუფში ‘აჟენმა’ ‘პოს’ უმასპინძლა და 21:40 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ვახტანგ ახობაძე (ითამაშა 64 წუთი) და გიორგი თეთრაშვილი (ითამაშა 55 წუთი).

მეოთხე ჯგუფში ‘კრასნი იარი’ ‘სტად ფრანსეს’ პარიზში ეწვია და 24:39 დამარცხდა. სტუმართა 24 ქულიდან 19 ქართველების ანგარიშზე - გიორგი ფრუიძემ ლელო, ხოლო ლაშა მალაღურაძემ 1 არეკნი, 3 ჯარიმა და 1 გარადასახვა გაიტანა. მალაღურაძემ ჯარიმები და არეკნი პირველ ტაიმში გაიტანა, ფრუიძემ 46-ე წუთზე დაცვის ხაზი გაგლიჯა და ლელომდე ირბინა, ხოლო ლაშას გარდასახვის შემდეგ ‘კრასნი იარი’ 19:17 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ბორჯღალოსნებმა სრულად ითამაშეს. ‘სტად ფრანსეს’ რიგებში 67-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

ამავე ჯგუფში ‘ლონდონ აირიში’ შოტლანდიაში ‘ედინბურგს’ ეწვია და 20:50 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47 წუთი ითამაშა ლაშა ლომიძემ.

მეხუთე ჯგუფში ‘ოიონა’ ინგლისში ‘ვუსტერთან’ 14:35 დამარცხდა. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:43 | 12.12.2017
ogafa (407)

წარმატებები

17:17 | 11.12.2017
zangura (109)

ჩილაჩავამ მარტო 30 წუთი რატო ითამაშა? დაშავდა თუ??

0.084264