2017 წლის სანაკრებო რაგბი თითქმის დასრულდა. ერთადერთი მატჩი, რომელიც უახლოეს შაბათს გაიმართება უელსის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირებაა. შემოდგომის ტესტების მე-6 კვირამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მაყურებელმა რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა იხილა.
პირველ რიგში შოტლანდიის და ავსტრალიის რკენაზე უნდა ვისაუბროთ. “ნარშავებმა” ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს, ზაფხულში შესუსტებული შემადგენლობით სტუმრად “ვოლაბების” დამარცხება მოახერხეს და წინა მატჩში ახალი ზელანდიის ძლევამდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა ფავორიტებად მაინც სტუმრები მოიაზრებოდნენ.
გრეგორ თაუნსენდის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის 20 წუთში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-15 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ფინ რასელმა გახსნა, ხოლო ერთ წუთში უკვე ლელოს გატანა შეძლეს: ბერნარდ ფოლიმ მოედნის ცენტრთან ძალიან ცუდი გადაცემა გააკეთა და ბურთი პირდაპირ ბაირონ მაკგუიგანს ჩაუვარდა, რომელმაც ოვალი ფეხით გაიგდო, თავადვე მიჰყვა და “ნარშავების” რიგებში სადებიუტო ლელო დადო. ნამიბიაში დაბადებულმა მორაგბემ მეორე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. მას დებიუტი წინა მატჩში “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოჩნდა, “ვოლაბებთან” შეხვედრაში კი პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, რადგან სტიუარტ ჰოგმა ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო და შონ მეიტლენდმა ფულბექის პოზიციაზე გადანაიცვლა, ხოლო ბაირონმა გარემარბის პოზიცია დაიკავა. გარდასახვა რასელმა უნაკლოდ შეასრულა.
მასპინძლებმა აგრესიული თამაში განაგრძეს და ორ წუთში კინაღამ მეორე ლელო გაიტანეს – კვლავ მაკგუიგანმა იაქტიურა, რომელმაც ფეხით გადაკიდა ბურთი და თავადვე მიჰყვა, მაგრამ როგორც განმეორებისას გამოჩნდა, უილ გენიამ დაასწრო ბურთის დამიწება და ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, პასკალ გოზერმა ლელო არ ჩათვალა.
“ვოლაბებმა” პირველად მძლავრად ნახევარი საათის გასვლის შემდგომ შეუტიეს, 20 ფაზა აკინძეს, შემდეგ ბერნარდ ფოლიმ ფეხით შეაცურა ბურთი და ტევიტა კურიდრანიმ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, ხოლო გარდასახვა ფოლიმ ზუსტად შეასრულა. სამ წუთში კურიდრანიმ დუბლი გაიფორმა, ტომი სიმურმა ბურთი დაკარგა, რითაც ფოლიმ ისარგებლა, ფეხით წინ გაიგდო ბურთი და დიდი მანძილი მოიგო, ბოლოს კი კურიდრანის გაატანა და ამ უკანასკნელმა ავსტრალია წინ გაიყვანა. გარდასახვა ფოლიმ ამჯერად არაზუსტად შეასრულა.
39-ე წუთზე კი შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი მოხდა: სტუმართა ბურჯმა სეკოპე კეპუმ გადაყრისას თამაშის დროს, ჰემიშ უოტსონს სახეში მხარი ჩაარტყა და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ვიდეორეფერისთან თათბირის შემდგომ წითელი ბარათი უჩვენა.
მასპინძლები ამ მომენტამდეც უკეთ თამაშობდნენ, ხოლო რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდგომ, სრული სათამაშო ინიციატივა მოიპოვეს და წინ გასვლა პირველივე ტაიმში მოახერხეს: რასელმა ჯარიმიდან კიდეში გადაიტანა ბურთი, 5-იანიდან მოწოდებული დერეფანი მასპინძლებმა მარტივად მოიგეს და მოლი ააგორეს, ხოლო შემდეგ ალი პრაისმა აიტაცა ბურთი და ლელოს ხაზთან დაამიწა, რასელმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 17:12 დასრულდა.
მართალია, “ვოლაბები” მთელი 40 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი იყვნენ, მაგრამ ის რაც მეორე ნახევარში მოხდა, მაიკლ ჩეიკას გუნდს არანაირი გამართლება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ შოტლანდიამ მეორე ტაიმში მეტოქეს გადაუარა და საბოლოო ჯამში, მათთვის სარეკორდო 29-ქულიანი სხვაობით აჯობა.
თუმცა, მეორე ნახევარი “ვოლაბებმა” ისე დაიწყეს, რომ თითქოს არაფრის დათმობას არ აპირებდნენ: 43-ე წუთზე ქერთლი ბილმა სტუმართა 20-ფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, ფოლიმ კი საკმაოდ იოლი გარდასახვა ვერ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.
ამის შემდგომ კი, მაიკლ ჩეიკას გუნდის რბევა დაიწყო: 46-ე წუთზე ნაკრებში დაბრუნებული შონ მეიტლენდმა საკუთარი ნახევრიდან დიდებული გარღვევა მოაწყო მარცხენა ფრთაზე, მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და ავსტრალიამ მესამე ლელო გაუშვა. გარდასახვა რასელმა ააცილა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალზელანდიაში დაბადებული მორაგბე ფულბექის პოზიციაზე თამაშობდა, რადგან სტიუარტ ჰოგს ცვლიდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაში ვერ შეძლო. სამ წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, ამჯერად “ნარშავების” მიძალება ჯონი გრეიმ დაასრულა, ხოლო რასელმა ზუსტი დარტყმით კიდევ ორი ქულა შესძინა გუნდს. 56-ე წუთზე უკვე ჰიუ ჯონსმა გაარღვია სტუმართა დაცვა და მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო ხუთ წუთში მაკგუიგანმა დუბლი გაიფორმა. რასელს ორივე ეს გარდასახვა გაუცუდდა.
სტუმრებმა სანუგეშო ლელო 69-ე წუთზე დადეს, რომელიც ტიმანის ანგარიშზეა. გარდასახვა ფოლიმ ამჯერად ზუსტად შეასრულა. დარჩენილ 10 წუთში შოტლანდიამ კიდევ ორი გარდასახული ლელო გაიტანა და “მერიფილდზე” შეკრებილი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა – 75-ე წუთზე ჯონ ბარკლის შეჩერება სტუმართა სამმა მოთამაშემ ვერ შეძლო და კაპიტანმა ძელებს შუა დაამიწა ბურთი, ხოლო 78-ე წუთზე მასპინძლებმა ბრწყინვალე მოლი ააგორეს, მთელი ავსტრალია საკუთარ ლელოში შეიტანეს და მაკინალიმ ბურთი დაამიწა – 53:24.
კარიერა დაასრულა ავსტრალიელთა ლეგენდარულმა მორაგბემ სტეფენ მურმა, რომელმაც “ვოლაბების” კვართი 128-ედ და უკანასკნელად მოირგო. საკუთარმა გუნდელებმა ის სათანადოდ ვერ დააფასეს და მისი ბოლო შეხვედრა, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოდგა ავსტრალიური რაგბის ისტორიაში. სამაგიეროდ, დააფასეს შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა: როდესაც 34 წლის ჰუკერი შეცვალეს, მთელი “მერიფილდი” ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით გააცილა.
შემოდგომის ტესტების ყველაზე დიდი სენსაცია “რასინგ 92”-ის ახალ სტადიონზე “არენა 92”-ზე დაფიქსირდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა იაპონიის დამარცხება ვერ შეძლო და ტამურას 74-ე წუთზე გარდასახვა რომ გაეტანა, სულაც წააგებდა.
იაპონიის ნაკრები ძალიან სწრაფად რომ პროგრესირებს აშკარაა. ეს პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ ამ ქვეყანას “სანვულვზის” სახით ფრანჩიზი ჰყავს სუპერ რაგბში, გარდა ამისა, ტესტ-მატჩები ძალიან ძლიერ გუნდებთან აქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება პირველ დონეს. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მეორე ეშელონის არცერთი გუნდი არაა ისე ახლოს ელიტასთან, როგორც იაპონია და 4 ერში დამატების თაობაზე სულ უფრო ხშირად იწერება.
“საკურები” უელსის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, კიდევ ერთ ტიერ 1-ის წარმომადგენლის დამარცხებასთან იყვნენ ძალიან ახლოს. აზიელები ხელდახელ შესანიშნავად თამაშობდნენ და მეტოქე სისწრაფეში აშკარად დაჩაგრეს.
საწყის 20 წუთში გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 23-ე წუთზე სტუმრებმა მორიგი სწრაფი შეტევა განახორციელეს და ჰორიემ კიდესთან ახლოს დაამიწა ბურთი. 30-ე წუთზე ტრინ-დუკმა ზუსტი ჯარიმით სხვაობა შეამცირა. იაპონელებს თითქოს ტაიმი უნდა მოეგოთ, მაგრამ ბოლო წამებზე შეცდომები დაუშვეს და რაბა სლიმანისგან ლელო მიიღეს, რომელიც ტრინ-დუკმა გარდასახა და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 13:8 დასრულდა.
მეორე ნახევარი იაპონიის შესანიშნავი იერიშით დაიწყო, ხელდახელ სწრაფად გაათამაშეს ბურთი, ხოლო შემდეგ ლაფელმა ხაზის გაჭრა შეძლო და მეტოქის ჩათვლის მოედანში შევარდა, ტამურამ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებს სულ მალე კიდევ ერთი ლელოს გატანა შეეძლოთ, ჰიმენო მეტოქის ლელოშიც შეიჭრა, მაგრამ სპედინგი მეტოქეს ბურთზე ჩაუჯდა და არ დაამიწებინა.
ფრანგებმა მეტოქეს მალევე უპასუხეს და ხუთ წუთში მეორე ლელო გაუტანეს: ტრინ-დუკმა მარჯვენა ფლანგზე ფეხით შესანიშნავად გადაიტანა ბურთი და ლაკრუას ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი დაემიწებინა. გარდასახვა საფრანგეთის ნაკრების მგეზავმა ტრინ-დუკმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 20:15 გახდა.
მასპინძელთათვის განსაკუთრებით მძიმე დასკვნითი 20 წუთი გამოდგა: 61-ე წუთზე ლაკრუამ ტამურა ჰაერში შებოჭა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო ჯარიმა ტამურამ ზუსტად შეასრულა. ტრინ-დუკმა 5 წუთში ასევე ჯარიმა გაიტანა და ფრანგები კვლავ 5-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ.
იაპონიამ თავისი მაინც გაიტანა და 73-ე წუთზე საკუთარი გუნდის იერიში იშიჰარამ დაასრულა შედეგიანად. სტუმართათვის სამწუხაროდ, ტამურამ გარდასახვა ააცილა, თორემ იაპონიის ნაკრები მოიგებდა და ამ დიდ სენსაციას, კიდევ უფრო გრანდიოზულად აქცევდა – 23:23.
კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა “ფრინსიფალითი სთედიუმზე”, სადაც უელსის ნაკრები ახალზელანდიას დაუხვდა და დიდი ბრძოლის მიუხედავად, ვერაფერი გაახერხა. პირველ ტაიმში “დრაკონებმა” მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და შესვენებაზე “ოლ ბლექსი” მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით გავიდა. ვაისაკე ნაჰოლომ მე-13 და 37-ე წუთებზე მარჯვენა ფრთაზე კიდესთან ახლოს დაამიწა ბურთი, რომელთაგან ბოდენ ბარეტმა ერთი გარდასახა ზუსტად. მასპინძელთაგან კი ორი ჯარიმა ლი ჰალფპენმა გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროში ამოსმა ხაზი შესანიშნავად გაჭრა, შეტევა გაიშალა და შონ უილიამსის ლელოთი დასრულდა, ჰალფპენიმ გარდასახვა ააცილა, თორემ ტაიმს უელსი მოიგებდა.
აი მეორე ნახევარში კი “კივებმა” დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს სამი გარდასახული ლელო გაუტანეს: 57-ე წუთზე ენტონ ლინერტ-ბრაუნმა რიეკო იოანის კარგი თამაში დაუფასა და სტუმრებს უპირატესობა გაუმყარა, ხუთ წუთში დენ ბიგარმა ძალიან ცუდად ითამაშა, რიეკო იოანიმ ბურთი ჩაჭრა, შეტევა იოლად დაასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
მასპინძლები არ დანებებულან და გაბრძოლება სცადეს: 67-ე წუთზე საკუთარი ლელოდან ორ მეტრში სამუელ უაითლოკი დაჯარიმდა, რომელიც კირან რიდის არყოფნაში პირველად კაპიტნობდა “შავებს”. მან ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ორ წუთში მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს, შერკინებიდან გამოტანილი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ჰავბექმა გარეთ დევისმა აიტაცა და სხვაობა კვლავ 8 ქულამდე შეამცირა. 74-ე წუთზე კი რიეკო იოანიმ კიდევ ერთი ბრწყინვალე გარღვევა მოაწყო, ვერავინ შეაჩერა და დუბლი გაიფორმა – 18:33.
იირლანდიის ნაკრებმა “ავივა სთედიუმზე” არგენტინა მიიღო, ზედმეტი პრობლემების გარეშე მოუგო და 2015 წლის მსოფლიო თასის 1/4 ფინალში განცდილი მარცხისთვის (20:43) რევანში აიღო. “სამყურებმა” პირველი ნახევარში 13 უპასუხო ქულა გაუკეთეს მეტოქეს: 21-ე წუთზე ჯონათან სექსტონმა ხაზის გაჭრა მოახერხა და მეტოქის 22-თან სტოკდეილს გაატანა ბურთი, რომელსაც მეტოქის ჩათვლის მოედანში შეჭრა და ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. გარდასახვა სექსტონმა შეასრულა ზუსტად და მან კიდევ ორი ჯარიმის გატანა შეძლო.
მეორე ნახევარიც მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო: 42-ე წუთზე სტოკდეილმა მარცხენა ფრთაზე მეტოქის დაცვა გაარღვია, ხოაკინ ტუკულეტმა და ნიკოლას სანჩესმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს და დუბლი გაიფორმა, ხოლო სექსტონმა რეალიზაცია კვლავ ზუსტად დარტყა და ანგარიში 20:0 გახდა.
ამის შემდეგ ირლანდიაც შედარებით მოდუნდა და არგენტინამაც გამოიღვიძა. დარჩენილ დროში “პუმებმა” სამი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ორი სანჩესმა გარდასახა, ხოლო საპასუხო ერთი გარდაუსახავი ლელო და ჯარიმა მიიღეს.
55-ე წუთზე ნიკოლას სანჩესმა ხოაკინ ტუკულეტს ფეხით შეუცურა ბურთი და არგენტინელებმა პირველი ლელო დადეს. ირლანდიელებმა კი მესამე ლელოს გატანა რვა წუთში შეძლეს – 5-იანთან მოწოდებული საკუთარი დერეფანი იოლად მოიგეს, მშვენიერი მოლი ააგორეს და ბურთი სიჯეი სტენდერმა შეიტანა მეტოქის ლელოში. დარჩენილ დროში დანიელ ურკადეს შეგირდებმა ორი ლელოს გატანა შეძლეს და ამ მხრივ, ირლანდიამ “პუმებს” ვეღარ აჯობა – ორივე გუნდმა სამ-სამი ლელო დადო. 71-ე წუთზე მასპინძლებმა ხუან მანუელ ლეგისამონის შეჩერება ვერ შეძლეს, რომელმაც ზედ კიდესთან დაამიწა ბურთი, ხოლო გაწითლებულ დროში ბერტრანუმ მეტოქის ლელოში ფეხით შეაცურა ბურთი და რამირო მოიანომ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 28:19.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები პადუაში იტალიას ეწვია და შარშანდელი მარცხისთვის შავი დღე აყარა. “აძურიმ” უშანსოდ წააგო, პირველ ტაიმში კანამ ორი ჯარიმა გაუშვა, საპასუხოდ მიერ სამი გარდასახული ლელო გაუშვა: იტალიელები ლოუმ, მბონამბიმ და ვენტერმა დაალელოვეს. მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა ქულის გაკეთება საერთოდ ვერ მოახერეს და ორი გარდასახული ლელო მიიღეს აქეთ: 44-ე წუთზე კიტშოფმა მეოთხედ აიღო იტალიელთა ჩათვლის მოედანი, ხოლო პოლარდი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა. 75-ე წუთზე კი “ქურციკების” მიძალება ფრანკო მოსტერტმა დააბოლოვა, რომელმაც ძელებს შუა დაამიწა ბურთი, შეცვლაზე შემოსულმა ელტონ იანტისმა დამატებით ორი ქულა შესძინა საკუთარ გუნდს და შეხვედრა 6:35 დასრულდა.
ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ინგლისის ნაკრებმა “თვიქნემ სთედიუმზე” დასუსტებულ სამოას უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, იოლად დაამარცხა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი, ხოლო მეორე ნახევარში ოთხი ლელო გაუტანეს, რომელთაგან ხუთი გარდასახეს და პლუს ერთი ჯარიმაც გაიტანეს. სამოელებმა კი ორივე ტაიმში თითო გარდასახული ლელოს დადება შეძლეს და “წითელმა ვარდებმა” 48:14 იმარჯვეს.
ტულუზაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მომავალი და პოტენციური მეტოქეები: ფიჯი და კანადა. ოკეანელებმა "ნეკერჩხლები" 40-ქულიანი სხვაობით 57:17 გაანადგურეს. რუმინეთმა წყნარი ოკეანის მეორე წარმომადგენელს ტონგას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 20:25 დამარცხდა, ურუგვაის ნაკრებმა გასვლაზე ნამიბიას მეორედაც აჯობა, ხოლო ჩილემ სტუმრად გერმანიის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო, რომლის რიგებშიც არეულობაა და თითქმის მთელი ძირითადი გუნდი გაფიცულია.
გერმანია - ჩილე 10:32 (3:14)
იტალია - სამხრეთ აფრიკა 6:35 (6:21)
შოტლანდია - ავსტრალია 53:24 (17:12)
ინგლისი - სამოა 48:14 (22:7)
რუმინეთი - ტონგა 20:25 (6:8)
ფიჯი - კანადა 57:17 (33:10)
უელსი - ახალი ზელანდია 18:33 (11:12)
ირლანდია - არგენტინა 28:19 (13:0)
საფრანგეთი - იაპონია 23:23 (13:8)
ნამიბია - ურუგვაი 34:39 (17:17)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იაპონელები ნამდვილად პროგრესირებენ (ბევრ წილად ნატურალიზირებული რაგბისტების ხარჯზე), მაგრამ შარშან თბილისში წაგებული თამაშის მიუხედავად ვჯობდით ძალიან ბევრ კომპონენტში და რაგბის ლოგიკურობის მიუხედავათ წაგება დაფიქსირდა.
კი სწრაფად პროგრესირებენ სკოტები. ზელადიასთანაც არ ჰქონდათ წასაგები.
ისე 2-3 წლის წინ შოტლანიასთან შეხვედრას ვნატრობდით და ვამბობდით დავანგრევთოო ! DDDD