ლეგიონერები

16:10 | 27.11.2017 | ნანახია 4516 - ჯერ

"ტერენორ კოლეჯის" ქართველი იმედი

18 წლის თედო აბჟანდაძემ ირლანდიის 20-წლამდელთა ჩემპიონატში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა, მოედანზე 80 წუთი გაატარა და გუნდს 8 ქულა შესძინა.

წარდგენა "ტერენორ კოლეჯში"

უმცროსი ბორჯღალოსანი ირლანდიური კლუბის, ‘ტერენორ კოლეჯის’ 20-წლამდელთა გუნდის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად ერთი კვირის წინ წარადგინა.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 18 წლის თედო აბჟანდაძე, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მგეზავი და ფულბეკია, მიმდინარე სეზონში ჩვენს 20-წლამდელთა გუნდში ითამაშებს“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში:

„თედომ საქართველოს 18 და 20-წლამდელთა, 7-კაცა და 15-კაცა ნაკრებების შემადგენლობაში ითამაშა და საქართველოში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ირლანდიის და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ, სადაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. აქამდე ის ქუთაისის ‘აიას’ ღირსებას იცავდა, რომელიც საქართველოს უმაღლესი დონის, დიდი 10-ის ლიდერია. აბჟანდაძე მოუთმენლად ელის საკუთარ დებიუტს“.

კლუბის შესახებ

‘ტერენორ კოლეჯის’ კაცთა გუნდი დუბლინშია ბაზირებული და ის ირლანდიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, დივიზიონ1-ის „ა“ ჯგუფში თამაშობს, სადაც მოცემული მომენტისთვის მეორე ადგილს იკავებს. კლუბი 1940 წელს დაარსდა და პრო 14-ში (ყოფილი კელტთა ლიგა) მოთამაშე ირლანდიური ‘ლენსტერის’ ერთ-ერთი საბაზო გუნდია.

‘ტერენორს’ ერთხელ აქვს მოგებული ‘ლენსტერის’ კაცთა ჩემპიონატი და 4-ჯერ თასი, ხოლო მეტროპოლის თასი 7-ჯერ შემართა. მან 2006 და 2013 წლებში ირლანდიის გაერთიანებული ლიგის მეორე, ხოლო 2014 წელს პირველი „ბ“ დივიზიონი მოიგო. გუნდი საშინაო შეხვედრებს 3-ათასიან სტადიონზე ატარებს.

ამ კლუბის 10 აღზრდილ მოთამაშეს სხვადასხვა დროს ირლანდიის ნაკრებში უთამაშია, რომელთაგან ორი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების, ხოლო სამი ‘ბარბაროსების’ რიგებში მოხვდნენ.

8 ქულა პირველ მატჩში

ირლანდიაში ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე აბჟანდაძემ ახალი კლუბის მაისურით პირველი თამაში ჩაატარა. ‘ტერენორი’ სტუმრად ‘კლონტარს’ შეხვდა, მასპინძლებმა 30:13 იმარჯვეს. თედომ თამაში ფულბეკის პოზიციაზე დაიწყო, მეორე ტაიმში მგეზავად გადაინაცვლა და გუნდის 13 ქულიდან 8 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა - 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა.

ახალგაზრდა ქართველი ირლანდიაში ცხოვრების პირველ დღეებზე გვიყვება:

„ძალიან მეგობრული ხალხია. კლუბის ხელმძღვანელობა, მწვრთნელები და მოთამაშეები ყველაფერში მეხმარებიან. თუ რამე ვერ გავიგე მიხსნიან და მხარში მიდგანან. ძალიან კარგი ატმოსფეროა. 20-წლამდელთა გუნდში ერთადერთი ლეგიონერი ვარ. ვცხოვრობ ირლანდიურ ოჯახში, კლუბის ერთ-ერთი დირექტორის სახლში. მას სამი შვილი ყავს და მათგან არაფრით მარჩევს.

ირლანდიაში ჩამოსვლის მეორე დღიდან სწავლა და ვარჯიში დავიწყე. 20-წლამდელებში გუნდთან ერთად კვირაში ორჯერ, ხოლო დანარჩენი დღეები სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობ. პირველი თამაშის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში საკმაოდ კარგი დონეა. აქ უფრო მეტი ყურადღება ხელით თამაშს ექცევა და მაღალი ტემპია.

გუშინდელი თამაშის შემდეგ ჩემთან მეტოქე გუნდის მწვრთნელი მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა საუკეთესო იყავიო. შემდეგი თამაში ერთ კვირაში გვაქვს და იმედია ირლანდიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებ“.

კერძო სექტორის მხარდაჭერით

თედოს ირლანდიაში გამგზავრება, სწავლა და თამაში კომპანია ‘გორგიას’ და მისი დამაარსებლის, გიორგი გორგოშაძის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. კომპანიის განცხადებით, მათ დიდი ხნის განამვლობაში სურდათ სოციალური პასუხისმეგბლობის პროგრამის წამოწყება და ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვნად წარჩინებული ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და სხვა ტიპის პროექტების დაფინანსება მიაჩნიათ. კომპანიის ამ პროგრამის პირველი მონაწილე სწორედ თედო აბჟანდაძე გახდა:

„მსურდა ხელი შემეწყო ახალგაზრდისათვის, რომელსაც აქვს არა მხოლოდ რაგბის მაღალ დონეზე თამაშის სურვილი და უნარი, არამედ სურს, რომ მიიღოს კარგი განათლებაც. მინდა, რომ "თედოს პროექტით" სხვა ახალგაზრდებსაც ვუთხრა: სპორტისა და სწავლის შეთავსება შესაძლებელია; თავდადებული შრომით, ვარჯიშითა და სწავლით, შესაძლებელია წარმატებას მიაღწიოს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა ახალგაზრდა მოქალაქემ.

„ასევე, მინდა, რომ თედოსა და "გორგიას" ურთიერთობა გახდეს ერთგვარი ბიძგის მიმცემი სხვებისათვის და ქართულ სინამდვილეში ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები "სასწავლო სტიპენდიების" სახით. დარწმუნებული ვარ, თედო უცხოეთიდან ჩამოიტანს არა მხოლოდ იქ შეძენილ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, არამედ იმ ცოდნასაც, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას." - განაცხადა გიორგი გორგოშაძემ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:34 | 27.11.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები, ღმერთმა ტრავმები აარიდოს

19:33 | 27.11.2017
bedena (10)

თედო გენაცვალე,აბა შენ იცი.

19:25 | 27.11.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

18:05 | 27.11.2017
buratino (480)

ნამდვილად კარგი წამოწყებაა! წარმატებები თედოს როგორც კლუბში, ისე ნაკრებში!

17:31 | 27.11.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.171324