მილთონ ჰეიგმა 2017 წლის დასკვნითი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა გამოაცხადა. წინა ორი ტესტისგან განსხვავებით სასტარტო თხუთმეტეულში ხუთი ცვლილებაა. მარქაფაში კიდევ სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ამ შემოდგომაზე 23-კაციან განაცხადში პირველად მოხვდნენ.
თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში ბორჯღალოსნები აშშ-ს (არწივებს) 25 ნოემბერს, ‘მიხეილ მესხზე’ დაუხვდებიან. თამაში 18 საათზე იწყება და ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში (11-იდან 19 საათამდე), ან ონლაინ TKT.GE/TBCRugbySereis-ზეა შესაძლებელი.
მესამე მეასე!
ბორჯღალოსნების 28-წლიან ისტორიაში, შაბათს საქართველოს მესამე ცენტურიონი ეყოლება! აღსანიშნავია, რომ 100-იან ზღვარს სამივე მორაგბემ წელს გადააბიჯა: 19 თებერვალს გერმანიასთან მერაბ კვირიკაშვილმა, 10 ივნისს კანადასთან დავით კაჭარავამ და 25 ნოემბერს მათ გიორგი ჩხაიძე შეუერთდება.
მოქმედ ბორჯღალოსნებს შორის უხუცესმა, 36 წლის „ბინგომ“ პირველი სანაკრებო კეპი 2002 წლის მარტში, ჰოლანდიასთან მოიხვეჭა. მას შემდეგ ის ნაკრების უცვლელად წევრად იქცა და განვლილ 99 ტესტში 10 ლელო (3 საჯარიმო) გაიტანა. მან ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ოთხივე მსოფლიო თასზე (2003, 2007, 2011 და 2015) ითამაშა და კარგი თამაშის გარდა, გუნდში სასიამოვნო აურის შექმნის უნარით გამოირჩეოდა.
„ბედნიერი ვარ, რადგან მეასედ დავდგები საქართველოს ჰიმნზე. სხვა მხრივ ეს თამაში წინამორბედებისგან არაფრითაა გამორჩეული. ჩვეულებრივად ვემზადები, გავალ მოედანზე და ბოლომდე დავიხარჯები“ - ასეთია მომავალი ცენტურიონის მოლოდინი.
ხუთი ცვლილება
ჰეიგმა წინა ორი მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა, თუმცა ამით ბორჯღალოსნების სიმძლავრე ოდნავადაც არ შემცირებულა.
შერკინების პირველი ხაზი უცვლელია - მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ჩხაიძე შეუწყვილდება, გიორგი ნემსაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. „ბინგომ“ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის 24 ივნისს, კუნძულ სუვაზე ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა მაშინ ბორჯღალოსნებმა მასპინძლები14:3 დაამარცხა.
24 ივნისის შემდეგ პირველად იწყებს თამაშს მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი. ის ოკეანეთის ტურნეზე გუნდის კაპიტანი იყო, შარშან ნოემბერში ორჯერ ითამაშა შეცვლაზე სამოასა და შოტლანდიის წინააღმდეგ და ნაკრებს 1-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ვიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე.
ფულბეკის პოზიციაზე სასტარტოში ბრუნდება მერაბ კვირიკაშვილი. ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მექულე 108-ე კეპს მოიხვეჭს.
ერთი გარემარბი ახალგაზრდა მირიან მოდებაძეა, რომელიც ნაკრებში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს. მეორე გარემარბი გიორგი კოშაძე, ან სოსო მათიაშვილი იქნება, რომელმაც განვლილ ორ მატჩში 15 ნომრად ითამაშა. მწვრთნელები გადაწყვეტილებას შაბათს, თამაშის დღეს მიიღებენ.
დაშავებულია მგეზავი ლაშა ხმალაძე და მის ნაცვლად ვასილ ლობჟანიძეს რევაზ ჯინჭველაშვილი შეუწყვილდება. მან სასტარტო 15-ში 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსთავში, გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა, განვლილ ორ მატჩში კი შეცვლაზე შევიდა.
ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს გიორგი კვესელაძე. მას სანაკრებო დებიუტი ორი კვირის წინ ‘დინამო არენაზე’ ჰქონდა. იმ დღეს კვესელაძეს 20 წელი შეუსრულდა და კანადის წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა. გიორგი თამაშს 12 ნომრად იწყებს, ხოლო გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე 13 ნომერზე დადგება.
მარქაფაში სამი სიახლით
მარქაფაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ამ შემოდგომაზე ჯერ არ უთამაშიათ. ერთ-ერთი ბურჯი ზურაბ ჟვანიაა, რომელმაც გასულ უქმეებზე ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში ტოპ 14-ში ლელო გაიტანა. მას ბორჯღალოსანთა კვართით მარტის შემდეგ (რუმინეთთან) არ უთამაშია.
კვაჭის პოზიციაზე თამაშში შალვა მამუკაშვილი ჩაერთვება, ხოლო მეორე ბურჯი სოსო ბეკოშვილია. მეორე ხაზში მოედანზე გიორგი ნემსაძე შევა, მესამე ხაზს კი ორი მორაგბე - ლაშა ლომიძე და გორგი თხილაიშვილი გააძლიერებენ.
მესამე კეპს მოიხვეჭს ახალგაზრდა გელა აფრასიძე, რომელიც 9 ნომრის თადარიგშია. მას დებიუტი წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიასთან ჰქონდა, თუმცა მალევე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, დაახლოებით ერთ თვეში კი, ასევე შეცვლაზე რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა.
ივნისის ამერიკული ტურნეს შემდეგ თადარიგშია და 79-ე კეპს მოიხვეჭს უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე. აღსანიშნავია, რომ განაცხადში მყოფი 23 მოთამაშიდან 5-ს, კარში დარტყმა შეუძლია.
საქართველოს ბორჯღალოსნებიაშშ-ს წინააღდეგ
შაბ 25/11_2017 | თბილისი, ვაკე, მესხი | 18.00
No | სახელი და გვარი | კლუბი [ქვეყანა ლიგა] | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 107 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
14 | სოსო მათიაშვილი | აკადემია [საქ დ 10] | 1993 | 5 | 4ლ 8გ 6ჯ [54 ქ] |
14 | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 8 | 4ლ |
13 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 56 | 11ლ [9 კაპ] |
12 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 1 | : |
11 | მირიან მოდებაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1997 | 2 | : |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 5 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 26 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 46 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1987 | 48 | ლ 2სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 34 | 4ლ |
4 | გიორგი ჩხაიძე | დომონ [სფრ ფედ2] | 1981 | 99 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
5 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 53 | 2ლ 3სბ |
6 | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 62 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 43 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
8 | ბექა ბიწაძე | ნარბონ [სფრ პრო დ2] | 1991 | 24 | 6ლ + შ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 78 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
22 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 2 | : |
16 | შალვა მამუკაშვილი | კარკასონ [სფრ პრო დ2] | 1990 | 48 | 4ლ |
17 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 28 | 8ლ 2სბ |
18 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 10 | : |
19 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 75 | 13ლ 5სბ |
20 | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 35 | 5ლ + შ სბ |
21 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 40 | 10ლ სბ |
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთდროულად რეზი და კვესელა + მირიანა და კოშა/სოსო ისე, რომ კაჭიზე უარი ვთქვით - გულშემატკივარს აანერვიულებს
მაგრამ...
შერკინება სავარაუდოდ უზარმაზარ უპირატესობას მოიპოვებს და ეს უპირატესობა ხაზმა უნდა გაამყაროს - ყველანაირი შესაძლებლობა ექნება "ხელით საბურთაოდ" ამ ლოგიკით ხაზი ოპტიმალურია
2-3 ლელოს სხვაობით ალბათ მოვიგებთ
buratino - აი ნამდვილი რეალისტი ხარ პესიმიზმისკენ მიდრეკილი
-15 ქულას ხო ამბობდი უელსთან, ეხლა აშშ-სთან +15 მაინც გეთქვა
რეალისტობაზე გეთანხმები, ხოლო პესიმიზმისკენ მიდრეკილებას კი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება განაპირობებს. ყოველთვის მირჩევნია რომ უარესი ვივარაუდო, რადგან თუკი უკეთესს მივიღებ, გამეხარდება; ხოლო თუ ის ცუდი მოხდება (ღმერთმა დაგვიფაროს), მაშინ ისეთი მწარე იმედგაცრუება არ მექნება როგორც მაშინ მექნებოდა, ოპტიმისტურად რომ ვყოფილიყავი
ჰოდა ახლა, როგორც რეალისტი, გავაკეტებ ჩემს პროგნოზს - 10 ქულამდე სხვაობით მოვიგებთ
უკაცრავად და რას ეფუძნება ეს რეალისტური პროგნოზი?
გუნდების ხვალინდელ შემადგენლობებს და კიდევ სხვა ფაქტორებს
აძლევს ახალგაზრდებს შანსს მელიტონა და კარგსაც შვება, იმედია გაუმართლებენ.
რისკავს მელიტონა, მარა იმედია გაამართლებს. ამათ უნდა დავერყრდნოთ მსოფლიოზე და აქედანვე იცდება.
წარმატებები.
თუ ვინმეს საშუალება გაქვთ და შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ვინმე ან ოფიციალურ პირს, ან მწვრთნელს ან ვინც არ უნდა იყოს, ვისაც კავშირი აქვს ნაკრებთან , გთხოვთ გამაგებინოთ, ვასილ კაკოვინის არგამოძახება რას უკავშირდება...მადლობა წინასწარ..,
მწვრთნელთან მოუვიდა კონფლიქტი 2015 წლის მსოფლიოს წინ, მერე შერიგდნენ და წინა ნოემბრის ტესტებზე გამოიძახა ისევ. ეხლა მისი ნაკრებში არ ყოფნა ჩემი აზრით გამოწვეულია იმით, რომ მასზე არანაკლებ ფორმაში მყოფი პორველ-მეორე ნოემერია პოზიციაზე გამოძახებული.
ჩემი აზრით, ნარიაშვილის მერე საუკეთესო 1-ია არა მარტო საქართველოში, ცუდია მწვრთნელთან თუ მოუვიდა კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი, თან 28 წლისაა რამდენადაც ვიცი..თვითონ მასზეც ბევრია დამოკიდებული, თუ უნდა ნაკრებში თამაში რაღაც უნდა დათმოს ალბათ...
სუთიაშვილის დაბრუნებაც ძალიან გამიხარდა, მაგარი გამოცდილია და განსაკუთრებით მიწოლაში მაგარია...
მალაღურაძე თავის კლუბში 12- ზე თამაშობს ძირითადად და საკმაოდ კარგად, მას შეუძლია იყოს კარგი შუამარბი ვიდრე 10 ნომერი, და იქნებ ამ პოზიციაზე გამოვიყენოთ, მე პირადად მეკოს ვამჯობინებ 10-ზე...
შუამარბის პოზიცია კაპიტანს აქვს ,,დაჯავშნული'', კვესოც კარგი იყო შუამარბზე ახალგაზრდულ მსოფლიოზე.
რაგბი ისეთი თამაშია ერთ პოზიციაზე 2-3 კარგი მოთამაშე უნდა გყავდეს, მალაღურაძე მისი ფიზიკური აღნაგობით უფრო შუამარბია ვიდრე მგეზავი, ჩემი აზრით რა თქმა უნდა
ყველაფერი იქნება კარგად, შემადგენლობაც საინტერესოა, მომწონს რომ ჯინჭველაშვილს მიეცა შანსი ძირითადში დაიწყოს, ზურაბ ჟვანიას გამოჩენასაც მივესალმები, მეორე ხაზში 36 წლის ჩხაიძის დაყენებასაც 35 წლის ნემსაძის მაგივრად, იმედია მე-100-ე თამაშს არ ჩააგდებს, და საერთოდ მოვუგებთ აშშ-ს ეჭვიც არ მეპარება
არსებობს ასეთი გამონათქვამი - "იყავი გაბედული, იყავი უფრო მეტად გაბედული, მაგრამ ნუ იქნები ზედმეტად გაბედული".
მწვრთნელების კომპეტენციაში არ მსურს ჩარევა, მაგრამ მგონია რომ ჰეიგს და მის რაზმს ნამეტანი გაურისკავთ ამდენი და ამ ტიპის ცვლილებებით. ჯერ ერთი, უკანა ხაზის ცენტრში ბუკას გვერდით გამოუცდელი კვესელაძის დაყენება (კაჭის ნაცვლად, რომელიც მარქაფაშიც არაა) აშკარად მაღალრისკიანი ნაბიჯია. მეორეც, ჯინჭველაშვილის სასტარტოში მგეზავად გამწესებაც შეცდომაა, რადგან ეგ ბიჭი ფიზიკურად დიდად ვერ გამოიჩევა და ჯობდა, თვითონ შესულიყო 2-ე ტაიმში მალაღურას ნაცვლად. ასევე არ მესმის, რატომ მაინცდამაინც სასტარტოში უნდა იყოს 36 წლის ჩხაიძე, რომელსაც ჯანი კი მოსდგამს მაგრამ სირბილი გაუჭირდება. მოკლედ, მე ცოტა მეშინია მაგრამ იმედია, ჩვენი მწვრთნელები და ბიჭები კვლავაც "დამადუმებენ"
დარწმუნებული ვარ რომ "დაგადუმებენ"
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ საკითხავია, რამდენად იქნებიან მზად ჩვენი ახალგაზრდები (ისინი ვინც ძირითადში არიან) შეაჩერონ ჩვენზე არანაკლებ ჯანიანი და სწრაფი ამერიკელები.
შეგახსენებთ რომ აშშ ჩვენთვის ძალზე "საშიში" გუნდია. ღმერთმა ნუ ჰქნას და ამ გუნდთან წავაგოთ, რეიტინგსაც გავიუარესებთ და უელსთან მოპოვებულ ავტორიტეტსაც გავფლანგავთ
ჩხაიძეს ეკუთვნის ძირითადი 100 კეპის დროს, თან არც თუ ცუდ ფორმაშია. რეზის დაყენებით მელიტონა მიგვანიშნებს რომ უნდა ხაზი ათამაშოს, მალაღურათი კი ეგ გამორიცხულია. რეიტინგის დევნას კი აზრი არ აქვს ჩემი აზრით, მაინც არაფერს არ ცვლის ჩვენთვის მსოფლიო თასამდე.
გაიხარე მელიტონ, ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ხარ ! ! !
გამეხარდა სუთიაშვილის დაბრუნება, მაისურაძის ნახვაც არ იქნებოდა ურიგო. ჟვანიამ მინდა რომ გაამართლოს ის მოლოდინი რაც მისგან გვქონდა