საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მიმდინარე პირველობა წინა სეზონებისგან განსხვავებით გამორჩეულია. იმატა გუნდების თამაშის ხარისხმა და შესაბამისად მატჩებზე დამსწრე ქომაგის ოდენობაც გაიზარდა. ფავორიტები მეტოქეებს იოლად ვეღარ უმკლავდებიან და შეხვედრათა უმეტესობა ფიცხელი, უკომპრომისო ბრძოლით აღინიშნება. მოულოდნელი გამოდგა უხნესი ქართული კლუბის, ბოლნისის „ყოჩების“ არადამაჯერებელი გამოსვლა. სპეციალისტები ქვეყნის 3-გზის ჩემპიონის დიდ 10-ში იოლ დაბრუნებას პროგნოზირებდნენ, თუმცა ქვემოქართლელებს რეგულარული სეზონის შუალედურ ფინიშზე მხოლოდ მესამე ადგილი უკავიათ. პირველი წრის გამარჯვებული კი პატარძეულის ‘ვეფხვები ‘ გახდა.
პირველი წრის დასკვნით, 7-ე ტურში ‘ვეფხვებმა’ პატარძეულში ‘იუნკერებს’ უმასპინძლეს. კიკეთელებს, უმეტესად ტრავმების გამო, ძირითადის ერთბაშად 9 მორაგბე აკლდათ, რომელთა რიცხვს პირველივე ტაიმში ლელოს გამტანი პირველხაზელი შოთა ცხოვრებაშვილიც შეუერთდა. სტუმრებს თამაშის სინქრონი დაერღვათ. გიორგი ნოზაძისა და გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა ხაზის და შერკინების შერწყმა ვერ მოახერხეს და თან უამრავი უნებლიე შეცდომაც დაუშვეს. გარეკახელები კი ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ხელდახელ, გაშლილ თამაშში, სივრცეს კარგად იყენებდნენ. ფრთაზე ოვალის სწრაფი ჩათამაშებით 9 ლელოს გატანა მოახერხეს , მეტოქეს დამაჯერებლად 62:22 სძლიეს და საშური პრემიაც აიღეს. „დუბლი“-‘ვეფხვების’ მარცხენა ფრთამ გიორგი კოტორაშვილმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, მხტომელმა გიორგი ჟღენტმა შეასრულეს. საგარეჯოებლები პირველი წრის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან და დიდი 10-ის საგზურსაც ეშურებიან. ‘ვეფხვებს’ საფუძველი 18 წლის წინ გუნდის ამჟამინდელმა დამრიგებლებმა ზვიად ცუხიშვილმა და ზურა ამონაშვილმა ჩაუყარეს. კლუბი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და თან უახლოეს მომავალში სოლიდური მეოხიც ეყოლება.
ქუთაისის ‘არესი’ მიმდინარე პირველობის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ქართული რაგბის პირმშომ (26 წლის გიორგი ჩიხლაძის თაოსნობით, კლუბი 2 წლის წინ დაარსდა) პირველ წრეში, ‘ვეფხვების’ დარ, 6 შეხვედრა მოიგო, ნაკლები პრემიის გამო ლიდერს 1 ქულით ჩამორჩა და ცხრილში 28 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ’არესი’ ( ომის ბერძნული ღვთაება) ლიგის ბინადარ გუნდთა შორის ერთადერთი სამოყვარულო კლუბია, თუმცა თანაქალაქელ ‘აისაგან’ თანამშრომლობის შედეგად სერიოზულ შევსებას იღებს, რასაც პროდუქტიულად იყენებს გუნდის დამრიგებელი სერგო ფრუიძე. ‘არესის’ გაძღოლაში გამოცდილ ‘სერჟს’, მოთამაშე-მწვრთნელები გიორგი მინაძე და გაგა სინაურიძე დიდ დახმარებას უწევენ. გიორგი ჩიხლაძის თქმით, ჯამაგირის უქონლობის მიუხედავად, ბიჭები დიდი ენთუზიაზმით თამაშობენ და მეოხის მოძიების შემთხვევაში ‘არესს’ დიდი 10 -ის საგზურის მოპოვება რეალურად ძალუძს. პირველი წრის ბოლო ტურში, ‘არესმა’ ქუთაისში ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლა. გურულები დებიუტანტის კვალობაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. თორნიკე აშვეთიას ბიჭებმა ფრე თვით ‘ყოჩებთან’ გაახერხეს და ერთი ხანობა მეოთხე ადგილზე ანაცვლებაც მოახერხეს. ქუთაისის ხელოვნუსაფარიან არენაზე, მეორე ტაიმის დასაწყისში გურულთა მღლეტელმა ბექა ნაგერვაძემ გატანილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 8:15-მდე შეამცირა. ‘არესმა’ უპირატესობა მალე დაიბრუნა და ბოლო 20 წუთში მეტოქეს 3 ლელო გაუტანა. რიონისპირელებმა სულ 6 ლელო გაიტანეს და ლელოს დადება მატჩის გამორჩეულმა მოთამაშეებმა: შუამარბმა გიორგი თავალაბეიშვილმა და მარცხენა ფრთამ ირაკლი ცხადაძემაც მოახრეხეს. ‘არესმა’ შეხვედრა 36:8 მოიგო.
დედაქალაქის ‘ივერია’ ქვეყნის 3-გზის ჩემპიონ ბოლნისის ‘ყოჩებს’ ავჭალაში დაუხვდა, პირველ ტაიმში ჯეროვანი წინააღმდეგობაც გაუწია და ტაიმის შუაწელს 2 გატანილი ლელოთი 10:8 დაწინაურებაც მოახერხა. ‘ივერიას’ რთული დროება უდგას . გუნდი სამწვრთნელო სტაფს გამოეთხოვა და დამრიგებლის ფუნქცია, დროებით მოთამაშე-მწვრთნელმა გიორგი დოღონაძემ შეითავსა. გარდა ამისა, ‘ივერიას’ ძირითადის ერთბაშად 9 მორაგბე ჰყავს ტრავმირებული, რამაც თავი განსაკუთრებით მეორე ტაიმში იჩინა. ‘ყოჩები’ ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ და ხაზშიც უპირატესობას ფლობდნენ. სწრაფ, გაშლილ თამაშში, ქართული რაგბის უხნესმა კლუბმა მთლიანობაში 6 ლელო გაიტანა და 39:10 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ‘დუბლი’-ყოჩთა ფრთის მოთამაშეებმა, გიორგი მელაძემ და ზაურ ნიკოლაშვილმა შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ დიდი 10-დან დაქვეითების შემდეგ ‘ყოჩების’ მთავარმა მწვრთნელმა აკაკი ცინცაძემ, ვისაც გუნდის გაძღოლაში 3 მოქმედი მორაგბე ეხმარება, ძირითადის სულ 6 მოთამაშე შეინარჩუნა, რომელთა შორის ვეტერანები: ბორჯღალოსანი თემურ სოხაძე და 7-კაცას ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ირაკლი გეგენავა ფიგურირებენ. განვლილ შეხვედრაში სოხაძე სტანდარტული პოზიციებიდან ჩვეული სიზუსტით გამოირჩა. ყოჩებმა’ პირველი წრე 24 ქულით მესამე ადგილზე ჩაამთავრეს.
თბილისის ‘დინამოსა’ და ‘ხულიგანას’ შეხვედრა, ტურში ყველაზე დაძაბული გამოდგა. ‘დინამოს’ ქართული რაგბის ისტორიაში თვასაჩინო ადგილი უკავია. ‘ხულიგანა’ კი- აფხაზეთში გმირულად დაღუპული მიშიკო ქორიძის ხსოვნის პატივსაცემად მეგობრებმა და ოჯახმა 21 წლის წინ დაარსეს და გარდაცვლილის მეტსახელიც უწოდეს. მამუკა ტყეშელაშვილისა და ლეგენდარული ბორჯღალოსანის გოშა შკინინის შეგირდები მიმდინარე ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას ეშურებოდნენ და პირველ ტაიმში არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათით გაძევებულ მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე 13:0 იგებდნენ. დარჩენილ დროში კი ‘ხულიგანას’ დაღლა დაეტყო. იკლო გადაცემათა სიზუსტემ და უნებლიე შეცდომებმაც იმატა, რითაც კარგად ისარგებლეს სერგო რამიშვილის შეგირდებმა. მარბიელმა ლევან რამიშვილმა და ფიჯელმა შუამარბმა ნაიჯელ ქრისთოფერმა (უმაღლეს განათლებას საქართველოში ეუფლება) 2 ლელოს გატანა მოახერხეს. ორივე ლელო ფრთის მოთამაშე გიორგი ჩიხრაძემ გარდასახა. დრამატული შეხვედრა ‘დინამომ’ 14:13 მოიგო და ‘ხულიგანა’ ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერა. მოპოვებული გამარჯვებით, ‘დინამო’ 11 ქულით 6-ე ადგილზე დამკვიდრდა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გენაცვალეთ, მიდით ბიჭებო გავამრავაფეროვნოთ და გავაძლიეროთ ქართული რაგბის ლიგები ყველა დონეზე. სტატიის ავტორს კი მადლობა და დიდი მოწონება ჩემგან სიტყვა სპონსორის ქართული მეოხით ჩანაცვლების გამო!
კახელების ნახვა ძალიან გამიხარდება "დიდი 10"-ში.