ერთი დღე გავიდა “ფრინსიფალითი სთედიუმზე” გამართული შეხვედრიდან, რომელშიც უელსმა საქართველოს ნაკრები დიდი გაჭირვებით 13:6 დაამარცხა. ჯერ კიდევ ყველანი ემოციებში ვართ, თუმცა არა ისეთში, როგორშიც გუშინ ვიყავით და ნელ-ნელა ზემოხსენებულ რკენას ცივი გონებით ვაანალიზებთ. ვფიქრობთ, თუ რა მოხდა ამ ლეგენდარულ სტადიონზე, ვიაზრებთ თუ რა ახლოს ვიყავით რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციასთან.
და მაინც, რა მოხდა გუშინ? ტიერ 1-ს გუნდთან თამაში რომ შეგვიძლია, ეს არგენტინასთან შეხვედრაშიც დავინახეთ, როდესაც მეტოქეს 4 ლელო დავუდეთ და ამის გაკეთება პირველი ეშელონის გუნდთან პირველად შევძელით. თუმცა, არგენტინასთან მთელი შეხვედრის განმავლობაში ვაგებდით და ხუხუიში მოგების და ფრის შანსი ნამდვილად არ გვქონია. აი “ფრინსიფალითი სთედიუმზე” კი სულ სხვა მდგომარეობა იყო.
დავიწყოთ ცოტათი შორიდან. როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ყოფილ მილენიუმზე ითამაშებდა, მახსოვს ბევრი ადამიანის რეაქცია, რომლებიც “ბორჯღალოსნებს” განწირულად თვლიდნენ და დიდი სხვაობით მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ, თუმცა უმეტესწილად რამდენიმე თვის წინ სკეპტიკური მიდგომა უფრო სჭარდბობდა.
ზაფხულის ტესტები ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა: პირველად მოუგო სტუმრად აშშ-ს და კანადას, ხოლო არგენტინას როგორც ზემოთ ვთქვით 4 ლელო დაუდო.
მოვიდა ნოემბრის მატჩები და საქართველომ კანადა 32-ქულიანი სხვაობით გაანადგურა. დადგა დრო, როდესაც უკვე მხოლოდ უელსთან მატჩზე უნდა გვეფიქრა. მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი დაიღალნენ იმის მოსმენით, რომ ტიერ 1-ის გუნდებთან უშანსოდ იყვნენ და ისინი კარდიფში გამარჯვებისთვის მიდიოდნენ.
საქართველოს ნაკრებს რომ ნამდვილად სერიოზული პროგრესი აქვს, ამას ალბათ ყველა ხედავს, თუმცა რამდენიმე თვის წინანდელის არ იყოს, ჰეიგის სიტყვებში მაინც ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის გუნდია უელსი. მათთვის რაგბი რელიგიის დონეზეა, მთელი ერი რაგბით ცხოვრობს, ჰყავთ უამრავი მსოფლიო დონის მოთამაშე, 4 ძალიან ძლიერი ფრანჩიზი პრო 14-ში. მაშინ, როდესაც საქართველომ კონტინენტის ფარზე პირველად გაიყვანა კლუბი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სურვილის მიუხედავად, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ უელსს გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდებოდა, თუმცა ერთ რამეში ყველა დარწმუნებული იყო, თითოეული ქართველი მორაგბე ბოლომდე იომებდა და თავს შეაკლავდა მეტოქეს.
მილტონ ჰეიგი იმ შემადგენლობას დაეყრდნო, რომელმაც კანადა გაანადგურა და ერთადერთი ცვლილება მარქაფაში მოახდინა, სადაც გამოცდილმა მერაბ კვირიკაშვილმა გიორგი კვესელაძე ჩაანაცვლა. გამარჯვებულმა და შეთამაშებულმა შემადგენლობამ რომ აბსოლუტურად გაამართლა, ამაში ნამდვილად დავრწმუნდით.
უელსელებმა ავსტრალიასთან წაგებული მატჩის შემდგომ 14 ცვლილება განახორციელეს, თუმცა ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ “დრაკონებს” სუსტი შემადგენლობა ჰყავდათ. ძირითადში იყვნენ ვარსკვლავები ლიამ უილიამსი და რის ვები, მარქაფაში ისხდნენ ტაულუპე ფალეტაუ და დენ ბიგარი, რომლებიც მეორე ნახევარში გამოჩდნენ და ბევრი ნიჭიერი მოთამაშე თამაშობდა, რომლებიც უელსისთვის ხვალინდელი დღე არიან.
სტადიონზე ანშლაგი იყო, გულშემატკივრები ბლომად მოვიდნენ და ტრიბუნები თითქმის ბოლომდე გაივსო. თუმცა, უელსელ ქომაგებს იმედი ნამდვილად გაუცრუვდათ და ბოლო წუთებზე გვარიანად ინერვიულეს, რომ ძალიან დიდი სენსაციის მომსწრენი არ გამხდარიყვნენ. სამაგიეროდ, ქართველი გულშემატკივრები იყვნენ კმაყოფილნი, რომლებიც მრავლად იყვნენ ტრიბუნებზე და თამაშის შემდგომაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს ჩვენს მორაგბეებს.
ეს ბოლოს იყო, მაგრამ თამაშის დასაწყისი სულ სხვანაირი იყო და ჩვენთვის ძალიან მძიმე გამოდგა. მასპინძლებმა ძალიან მძლავრად შემოგვიტიეს და საწყისი 20 წუთი ფაქტობრივად მეტოქის ნახევარზე არ გადავსულვართ. უელსელებმა საკუთარი უპირატესობა ქულებში ასახეს, თუმცა შეიძლებოდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქულა გაეკეთებინათ და ასეთ შემთხვევაში უკვე ძალიან გაგვიჭირდებოდა.
მასპინძლები მე-6 წუთზე რის პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-9 წუთზე კი ხაზი გაგვიჭრეს და ალექს კატბერტი ჩვენს ჩათვლის მოედანშიც შეიჭრა, მაგრამ ვასილ ლობჟანიძემ შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს ბურთზე ჩაუჯდა, არ დაამიწებინა და გაშვებული ლელოსგან გადაგვარჩინა. ათ წუთში ლელო მაინც მივიღეთ, მასპინძლებმა 5-იანთან დერეფანი მოიგეს, ხელდახელ შეტევა მშვენივრად გაშალეს და ჰალამ ამოსმა შეხვედრის პირველი და როგორც შემდგომ გაირკვა, უკანასკნელი ლელო გაიტანა, ხოლო პრისტლენდმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 10:0 გახდა.
გაშვებული ლელოს შემდეგ “ბორჯღალოსნები” გააქტიურდნენ და თამაშში პირველად მრავალფაზიანი შეტევა გადააბეს. ქართველები მეტოქის 22-ში შეიჭრნენ და 18 ფაზა აკინძეს, თუმცა ჯაბა ბრეგვაძეს ბურთი ამოაცალეს და უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ამოსის მეორე ლელოთი დასრულდა, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ მსაჯმა დაინახა, რომ ბრეგვაძეზე ბურთის წართმევის შემდგომ მასპინძლებმა წინ ითამაშეს და ვიდეორეფერი მოითხოვა, რომელთან კონსულტაციის შემდგომ მატიო რეინალმა ლელო გააუქმა და ჩვენს სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. აქ კი ჩვენმა შერკინებამ იყოჩაღა და მეტოქე დავაჯარიმეთ, სოსო მათიაშვილმა კი 31 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და 29-ე წუთზე ანგარიში 10:3 გახდა.
შესვენებამდე ორივე გუნდმა სცადა ლელოს დადება: 35-ე წუთზე მირიან მოდებაძემ დიდებულად ითამაშა, საკუთარ მოედანზე ხაზი გაჭრა და რამდენიმე მოთამაშე ჩამოიშორა, შემდეგ დავით კაჭარავას გადააწოდა ბურთი, რომელმაც უკვე გიორგი კოშაძეს უპასა და ამ უკანასკნელმა ფეხით გადაკიდა ბურთი, მაგრამ მოდებაძეს კატბერტმა მიასწრო და ბურთი მან დაამიწა. უკანასკნელ წუთებზე კი უკვე მასპინძლებმა შემოგვიტიეს, 5-იანიდან მოწოდებული დერეფანი მოიგეს და მოლიც ააგორეს, მაგრამ ბურთი წინ გაუვარდათ და ტაიმი 10:3 დასრულდა.
საწყისი 20 წუთი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებული ლელოს შემდეგ სრული კონცენტრაცია მოახდინეს, ძალები მოიკრიბეს და ის უდიდესი წნეხიც ნელ-ნელა უკან მოიტოვეს, რომლის გამოც თავიდან ძალიან შებოჭილები იყვნენ. შესაბამისად, საქართველომ ტაიმის მეორე მონაკვეთში თამაში გაათანაბრა და როდესაც ჩვენი ბიჭები გასახდელში ჩადიოდნენ, ქართველი გულშემატკივრები უკვე ძალიან კმაყოფილები იყვნენ და მეორე ტაიმს ყველა იმედით ელოდა.
მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნები” გაცილებით თამამად გამოიყურებოდნენ და თავიდანვე შეტევებით დაიწყეს: 44-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ მოლიდან ბურთი მოიპარა და მშვენიერი გარღვევა მოაწყო, მაგრამ ლელოდან 5 მეტრის მოშორებით ორმა მეტოქემ აუტში გადაიყვანა. 48-ე წუთზე ჩვენმა შერკინებამ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, მეტოქე დააჯარიმა და სოსო მათიაშვილმა 40 მეტრიდან მეორე ჯარიმა გაიტანა.
საქართველო აქტიურობას განაგრძობდა და მეტოქეს მაქსიმალურად ავიწროვებდა, განსაკუთრებით დაიჩაგრა უელსის შერკინება, რომელთაც ჩვენი 10 შერკინებიდან 9 მოვუგეთ. ქართველების ასეთმა კარგმა თამაშმა მეტოქე დააფრთხო და 62-ე წუთზე დანიშნული ჯარიმა, აუტში გადატანის ნაცვლად, პრისტლენდმა კარში დაარტყა და 3 ქულაზე გახდა ყაბულს.
განსაკუთრებული კი შეხვედრის ბოლო 15 წუთი გამოდგა, რომელმაც მთლიანად საქართველოს ნაკრების უპირატესობით ჩაიარა. 68-ე წუთზე “ბორჯღალოსნები” მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 3 მეტრში უელსელებმა ჯარიმით შეაჩერეს, ხოლო ქართველებმა შერკინება მოითხოვეს. სტუმართა შერკინებამ ზედიზედ ორჯერ ივარგა, ხოლო მესამედ, როდესაც დიდი ალბათობით უკვე მასპინძლების ბურჯს გაასინბინებდნენ, ჩვენი შერკინება დატრიალდა და აქეთ დავჯარიმდით. სწორედ ეს იყო ერთადერთი შერკინება, რომელშიც დავჯარიმდით და სამწუხაროდ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში.
შეხვედრის კულმინაცია კი ბოლო წუთი იყო: დროის გაწითლებამდე 20 წამით ადრე უელსი დაჯარიმდა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა კიდეში მშვენივრად გადაიტანა ბურთი და ზედ 5-იანთან ჩააგდო. მოწოდებული დერეფანი მოვიგეთ და მოლი ავაგორეთ, რომელიც ჩაიქცა და სტუმრებმა მიძალებით სცადეს ლელოში შეჭრა, მაგრამ ტომას ფრანცისი გვერდიდან შევიდა ბურთზე, დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. აი ეს მომენტი კი ქართველ გულშემატკივარს არასდროს არ უნდა დაავიწყდეს, თუ როგორი გაფითრებული სახით იდგა უორენ გეტლანდის ერთ-ერთი ასისტენტი, თავად ახალზელანდიელი მწვრთნელიც ძალიან დაბნეული ჩანდა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ქართველები შერკინებას აირჩევდნენ და წინ დიდი უსიამოვნება და შესაძლოა, სირცხვილიც კი ელოდათ, მაგრამ ასეთ დროს ეშმაკობას მიმართეს, რომელსაც ბევრი ქომაგი და მათ შორის თავად უელსელი ქომაგიც კი უღირს საქციელს უწოდებს: მათ მოიმიზეზეს, რომ შეცვლილი ბურჯი ტრავმირებული ჰყავდათ და მოედანზე გასვლა აღარ შეეძლო, შესაბამისად ქართველებს შერკინებაში მიწოლის უფლება აღარ ექნებოდათ და ბურთი კიდეში გადაიტანეს. 5-იანიდან მოწოდებული დერეფანი მოვიგეთ, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ, 11 ფაზა მივეძალეთ, მაგრამ ლელოდან ორ მეტრში დავჯარიმდით და უელსი გადაგვირჩა – 13:6.
ბოლო 10 წლის განმალობაში უკვე მეორედ შეგვეძლო 6 ერის გუნდის დამარცხება. 2007 წელს მსოფლიო თასზე ირლანდიასთან 14:10 წავაგეთ და ამ მატჩის მსგავსად, ბოლო წუთებში შტურმი მოვუწყეთ მეტოქეს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთდროულად ძალიან დამწუხრებულები და გულდაწყვეტილები ვართ, რადგან ისტორიულ შედეგამდე სულ 2 მეტრი დაგვაკლდა, სულ 2 მეტრის გარღვევა... თუმცა, ამავდროულად ყველანი ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ნაკრები გვყავს. გუნდი, რომელიც ყოველდღიურად უმატებს, ყველამ იცის თუ რა ევალებათ და ყველანი ბოლომდე თამაშობენ საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი გულშემატკივრებისთვის!
მართალია, სენსაციამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, თუმცა საქართველოს ძალა კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ და 6 ერის გაფართოების შესახებ დისკუსიები შეხვედრის დასრულებისთანავე განახლდა. “ბორჯღალოსნების” მხრიდან ეს გახლდათ სიგნალი 6 ერისთვის, რომ საქართველო უკვე მზადაა ამ ტურნირისთვის და საუკეთესოთა შორის ყოფნას იმსახურებს. მთელი რიგი წამყვანი ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ამ თამაშით საქართველომ 6 ერზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
ამავე აზრზე არიან უცხოელი და პირველ რიგში უელსელი გულშემატკივრები, რომლებიც განსაკუთრებით ქართველთა ბრძოლისუნარიანობით და შერკინებით მოიხიბლნენ. მათი უმრავლესობა ერთ აზრამდე მიდის – საქართველო 6 ერში მიღებას იმსახურებს და სამომავლოდ ეს ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდება.
უელსი – საქართველო 13:6 (10:3)
უელსი: 1 ლელო – ამოსი (18); 2 ჯარიმა – პრისტლენდი (6; 20); 1 გარდასახვა – პრისტლენდი (19)
საქართველო: 2 ჯარიმა – მათიაშვილი (28; 49)
მსაჯი: მატიო რეინალი (საფრანგეთი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2017 წლის დასკვნით შეხვედრას 25 ნოემბერს გამართავს. “ბორჯღალოსნები” “მიხეილ მესხზე” აშშ-ს უმასპინძლებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოდით ასე ვთქვათ, როცა საჭიროა მორკინალებმა უნდა უტიონ, როცა არა ხაზზე უნდა გავიდეს ბურთი. ჩვენ შემთხვევაში ხაზზე ბურთი არ გადის, არამედ სულ მორკინალები უტევენ. რამდენიმე მოკლე დარტყმა მოწინააღმდეგის ჩათრევა და შემდეგ გაშლა, მით უმეტეს კაცი როდესაც ყავთ გაგდებული. ასე იქცევა ყველა სოლიდურად მობურთავე გუნდი, ვისაც რამეზე პრეტენზია აქვს. თუმცა სწრაფად უნდა შეგეძლოს ჩათამაშება და ტექნიკურად გამართულად ეს არის რთული. აიღე და მიეძალეც ბუნებრივია არ არის მთლად მარტივი საქმე, ვინაიდან სწრაფად დახმარებაა საჭირო და ბუნებრივია ჯანი, რომ მეტრები მოიგო და აქაც საჭიროა ცოტა სისხარტე, თუმცა ეს უფრო მარტივია ვიდრე გრძელი სწრაფი პასები. ასე რომ ჩემი პირადი აზრია, რომ ბრძოლა იყო, თუმცა ყოველგვარი, შემოქმედების, კომბინაციების გუნდური თამაშის გარეშე. აგრეთვე იყო გაუაზრებელი გადაწყვეტილებებიც. ერთი რამ ფაქტია, ასეთ თამაშებს მთელი გუნდი იგებს თუ უკანა ხაზი სათანადოდ ვერ ირჯება, მარტო შერკინებით ძალიან რთულია მსგავსი თამაშების მოგება და ზოგადად კარგი თამაშების ჩვენება. მე არასდროს ვყოფილვარ ნატურალიზაციის მომხრე მაგრამ ხომ არ გამოგვეჩხრიკა ვინმეს, ზელანდიაში წინაპრები ხომ არ ჰყავს ერთი-ორი სწრაფი უკანახაზელი გვჭირდება ჰაერივით, სხვა მხრივ წინ ვერ წავალთ. მე პირადად მომკალით და უკანა ხაზში შესამჩნევ პროგრესს ვერ ვხედავ. ალბათ ეს უფრო ბავშვთა რაგბიდან მოდის, სადაც ბავშვები არ ბურთაობენ თავისუფლად. ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებებზე ვსაუბრობთ და იქაც კარგად ვნახეთ რომ სტილი ბევრად არ განსხვავდება ეროვნულისგან იქაც ძირითადად ძალისმიერი სტილს მიჰყვებიან. არგენტინის ახალგაზრდულს ორჯერ ვეთამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა ყოველთვის გამოირჩეოდა შერკინების მძლავრი თამაშით, ხაზი ნახეთ ალბათ ხომ როგორ ბურთაობს. ასეა იტალიაც, ჩვენ კი ჯერ მაინც აქცენტი შერკინების თამაშზე გვაქვს გაკეთებული. რა ვიცი, როგორ დავიჯერო სწრაფი ბავშვები არ გვყავს. ერთი სიტყვით ვნახოთ მომავალი თაობები გვიჩვენებს
რაც შეეხება თამაშის სტილს პირადად მე არც მსურს სტილის შეცვლა.ჩვენი სტილი შერკინებით თამაშია და ეს სულაც არაა ცუდი.ეს სტილი არ გამორიცხავს არანაირად უკანახაზელთა დიდი დოზით ჩართულობას.არგენტინა,სამხრეთ აფრიკაც ძალისმიერ რაგბის თამაშობენ,თუმცა შეხედეთ მათ უკანახაზელებს
თუმცა მაშინაც როდესაც ცენტრისკენ გადმოვიტანეთ დარტყმები ვფიქრობ შევძლებდით აიღე და მიეძალეთი უელსელთა დალელოვებას,რომ არა ლაშა ლომიძის ბავშვური და არასაჭირო ჩავარდნა რაქში.არანაირი საჭიროება არ იყო ამისი.ბურთის დაკარგვის საფრთხე არ იყო და არ ვიცი რატომ ჩავარდა.ან თავი ვერ შეიკავა ,ან სიტუაციაში ვერ გაერკვა.თუნდაც საფრთხე ყოფილიყო არ უნდა ჩავარდნილიყო.მასზე უკეთ ვინ იცის,რომ ამის გამო დააჯარიმებდნენ,მარა თამაშის დროს ვეღარ განსაზღვრა და სწორედ ესაა გამოცდილების ნაკლებობა.
მე არ ვფიქრობ რომ მაშინ როდესაც ბურთი ცენტრისკენ წამოვიდა ხაზზე უნდა გაგვეტანა.სხვა სტატიის კომენტარშიც დავწერე,რომ პირადად ჩემი აზრით მაქსიმალურად კიდისკენ მოკლე ფრთაზე უნდა გვეტია მორკინალებით,ხან მოლის აგორება გვეცადა მიწიდან,ხან ორი მოთამაშით დარტყმა,ხან რა და ხან რა.ისე რომ მაქსიმალურად ბევრი უელსელი მორაგბე გაგვეხადა იძულებული კიდისკენ გადმოსულიყვნენ ჩვენი მორკინალების შესაჩერებლად და ჩართულიყვნენ რაქებში.აი შემდეგ კი როდესაც მაქსიმალურად მოვაშიშვლებინებდით მოედნის დანარჩენ ნაწილს გაგვეტანა უკანა ხაზზე და ბოლომდე ჩაგვეთამაშებინა ბურთი.აუტის აგდების მომენტიდან ასე წარმომედგინა მე თამაშის წარმართვა და ცენტრისკენ რომ მოვიწევდით არ მომეწონა.ცენტრში ყოფნის დროს რომ გაგვეტანა უკანა ხაზზე უელსელები ჩემი აზრით მოასწრებდნენ გადაწყობას,იმიტომ რომ ცენტრიდან როგორც ერთი ასევე მეორე ფრთისკენ თავისთავად უფრო მოკლე მანძილია ვიდრე ერთი კიდიდან მეორემდე საიდანაც დიდი ალბათობით ვეღარ მოასწრებდნენ გადაწყობას.ამიტო ჯობდა უელსელები კიდისკენ ჩაგვეთრია რაქში და არა ცენტრში.
ilarioni
გეთანხმები ბევრ რამეში მეგობარო, არ გვყავს უკანა ხაზი სათანადო მოწოდების სიმაღლეზე და არც გვეყოლება თუ გამოცდილება არ ექნებათ. ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავს, მაგრამ ყველაზე შემქმნელ მოთამაშედ, რომელსაც რამდენიმე მოთამაშის ფინტებით უკან მოტოვება და ხაზის გაჭრა შეუძლია ჯერ კიდევ მეკო რჩება. ძალიან მაგრები არიან დაცვაში ბუკა და კაჭი, მაგრამ ძირითადად ძალისმიერად უტევენ და ფეხით თამაშით ვერ დაიკვეხნიან.
თუ შევადარებთ პირველი დონის ქვეყნებს, თითქმის ყველა ფრთების მეშვეობით დებს ლელოს, მეტობას იყენებს და ბოლომდე ათამაშებს ბურთს. იგივე კანადასთან კოშაძეს თითქმის არ ქონია სალელოვე შანსი, რაც იმას მიუთითებს რომ ბოლომდე ბურთს ჩვენზე სუსტ მეტოქეებთანაც ვერ ვშლით.
მაგრამ ეს არ არის ჰეიგის ან თვითონ ბიჭების ბრალი, თუ შერკინების ბიჭები ტოპ 14 და პრო დ2-ს თამაშობენ, უკანა ხაზი დიდ 10-შია და გამოციდლებაც ვერ ექნებათ შესაბამისი. გამოსავალია 2, ერთი ჩვენი კლუბები ევროთასებზე და მეორე უკანახაზელებიც საფრანგეთში (მაგრამ მოთხოვნა ნაკლებია მათზე).
უპირატესობაზე რომ გვათამაშებდა მით უმეტეს და მაშინაც გამოჩნდა, რომ არ ვიცოდით რა გაკვეკეთებინა და ბეგაძემ აიღო და გაჭედა ბურთი მაშინ, როდესაც ნებისმიერი სხვა გუნდი შეეცდებოდა უცბად გათამაშებას და რამე ხიფათის შექმნას, ზუსტად აქ გამოჩნდა, რომ არ ვიცით მსგავს სიტუაციებში სწორად როგორც ვითამაშოთ და ინსტინქტებს მივყვებით, ჩვენი ინსტინქტი კი ჯერ კიდევ სამწუხაროდ ჯაჯგურია. კი კანადასთან გამოგვდის ლამაზი ლელოები მაგრამ უფრო ძლიერებთანაც უნდა შევძლოთ ხაზით თამაში
კრიტიკა კარგია, მითუმეტეს იქ სადაც ჩანს რომ რაღაც შეგვიძლია, აბა ფეხბურთელები აკრიტიკე და აქე რამდენიც გინდა რასაც თამაშობენ მეტი იმათ არ შეუძლიათ, აი რაგბისტები რომ უელსთან მარტო ჯაჯგურობდნენ მაგაში ვერ დაგეთანხმები ჯიგარო. იაპონიის სენსაციას სამხ.აფრიკასთან ყველა აღიარებს მაგრამ იმას არავინ არ აქცევს ყურადღებას რომ იაპონიას ბრიტანული რაგბის ყველა გრანდი, ახალი ზელანდია თუ სხვა დიდი გუნდები რეგულარულად ხვდებოდნენ და გამოიწრთო ის გუნდი, ისე რომ უკვე კარგად აქვთ დამუღამებული როგორ ეთამაშონ ტოლსწორად. ჩვენც ვეთამაშეთ ტოლსწორად უელს მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვი წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვიყადრებენ თავს, ერთი სეზონი რომ გვეთამაშოს უელსი კარდიფში, შოტლანდიამ იკადროს თბილისში ჩამოსვლა და იტალია კიდე გასვლაზე მაინც დაგვთანხმდეს, ვნახავდით მაშინ რა შედეგები გვექნებოდა მაგრამ ასე რასაც გვეთამაშებიან, გამოცდილება ჩვენ რომ გვსურს იმაზე ნელა მოდის. ადრე ასეთ გუნდთან ჯახში ყოველთვის ვიღლებოდით, არაქათი გვეცლებოდა და ამიტომაც ვაგებდით დიდი ანგარიშით, ახლა კიდე ფუნქციონალურად ისე კარგად ვიყავით მზად, ბოლო წუთებზე უელსი იქეთ იცავდა თავს ჩვენი შეტევებისგან.
ხაზზე უნდა გაგვეტანა ბურთი მხოლოდ მაშინ როცა მსაჯს ხელი ქონდა გაშვერილი, იყო ჩვენი უპირატესობა და დაკარგვის ან სხვა ლაფსუსის შემთხვევაში ბურთი ისევ ჩვენ დაგვიბრუნდებოდა, ყველა დანარჩენ ვარიანტში მე ბიჭებს ვერ გავამტყუნებ რატო არ გაიტანეს ბურთი ხაზზე. რო გაგვეტანა ხაზზე ჩაეჭრა ვინმეს და აქეთ დაედო ლელო ამ შემთხვევაშიც ვიცი ჩვენ ბიჭებს მოვდებდით შარს, რას ვფოკუსნიკობდით ასე ახლოს ვიყავით მოკლე მოკლე დარტყმებით შევსულიყავითო! მარტო ბიჭებს ვერ დავაბრალებ ამ ისტორიული ლელოს ვერ დადებას, არ უხდება რაგბს მსაჯობაზე ტირილი, მაგრამ მსაჯის ფაქტორიც იყო მანდ თან საკმაოდ გათვილი და გამოცდილი ხერხებით, უელსის მორკინალების მიწაზე დაწოლილი მუცელზე ხელის სმა და გოდება არ შეგვიძლია ახლა შერკინებაში ვერ დავდგებითო ეს ცალკე თემაა. უკანა ხაზში კიდე სერიოზული პროგრესი გვაქ და ეს არ ჩანს მარტო შეტევაში, დაცვაში რომ მაგრად ვიდექით ეს უკანა ხაზის ისეთივე დამსახურებაა როგორც მორკინალების, გადახედეთ ჩვენს ლელოებს ბოლო ტესტებში სულ სწრაფი და ერთი მეორეზე ლამაზი ლელოებია სწორედ უკანა ხაზის შესრულებით!რას ვიზამთ ასეთი თამაშების გარეშე გამოცდილება არ მოდის, ასეთი ბობოლები კიდე წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვეთამაშებიან და იმასაც იმადლებიან. წარმატება რაგბში თანაბრად ყველა თაობის და ყველა დროის ფედერაციის თუ მწვრთნელის დამსახურებაა, მაგრამ რაც შეეხება მელიტონს ფაქტია ძაან დაბალანსებული და კარგად შეთამაშებული ნაკრები დააყენა ამ კაცმა და ისიც ფაქტია არავისზე ნაკლებად არ უყვარს ეს ქვეყანა.
სასწაული ხალხი ვართ ეს ქართველები. ადამიანს ჯერ კერპს დავუდგამთ, ჩინ-მენდლებს ჩამოვკიდებთ და ღმერთმა არ ქმნას ერთი ფეხი დაუცდეს, მთელ ამაგს დავუკარგავთ, ვაგებთ და ვაძაგებთ. ჯერ ერთი საქართველოს მოქალაქეობა ვინ ითხოვა, ან მოდით გულახდილად ვთქვათ ვის რაში უნდა შენი მოქალაქეობა, ვისაც აქვს ისიც უარს ამბობს და გარბის. მეორეც არ არის საჭირო ხატის შექმნა ადამიანისგან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან ვაფასებ ამ კაცის ღვაწლს. საჭიროა პროფესიონალურად შეფასდეს მიღწევები და არა მხატვრული შემამკობელი ეპითეტებით. მეც მიმაჩნია, რომ მილტონი მაქსიმუმს აკეთებს ამ ნაკრებისგან, რა ქნას თვითონ ხომ არ გავა მოედანზე. ვცდილობთ ხელით თამაშს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ არ გვყავს ის თაობები, რომლებიც დააბალანსებენ შერკინების თამაშს. სუსტ გუნდებთან ახალგაზრდული ნაკრებები თითქოს უფრო მეტს ახერხებენ უკანა ხაზით თამაშს, თუმცა როგორც კი ძლიერ გუნდს ვხვდებით იმწამს შერკინება იღებს თავის თავზე თამაშს. და შერკინების თამაში კი ვიცით რაც არის ძალიმიერი, ძალისმიერი, ძალისმიერი. რა ვქნათ ვაღიაროთ, რომ ჩვენი თამაშის სტილში არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ფრაგმენტულ გამონათებებს. რა ვქნათ არ გვყავს სწრაფი, შემოქმედებითი უკანა ხაზელები და ჯერ ვერც გვეყოლება, იმიტომ რომ მიუხედავად მორაგბეთა რაოდენობის გაზრდისა 15 000 ოფიციალურად დარეგისტრირებული ზრდასრული ასაკის მორაგბე ნამდვილად ცოტაა. რაც შეეხება ხაზზე არ გაშლას, ზუსტად იმიტომ არ გავსალეთ ხაზზე, რომ ჯერ კიდევ არ არის ეს ჩვენი სტილი. გუნდს ეს არ გამოსდის კარგად და მწვრთნელიც არ ითხოვს, რომ ასეთ შემთხვევებში აუცილებლად ხაზზე გაუშვითო. მესამეც რაც უკვე აღვნიშნე, რომ მსგავსი შანსები 10 წელში ერთხელ მოგვეცემა ხოლმე და აშკარად ცდილობდა გუნდი ამის გამოყენებას, თუმცა კვლავინდებურად იმ მეთოდით რაც გამჯდარი აქვს, რაც იცის. სხვა გუნდი ამას ინსტიქტურად ხაზზე გაიტანდა, ჩვენი ინსტიქტი კი სამწუხაროდ ჯერ კიდევ მიძალებაა.
ორი აზრი არ არსებობს რომ ბიჭებს უდიდესი მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და ბრძოლისთვის.
დაგვაკლდა სწორედ რომ ასეთი თამაშების სიმრავლის გამოცდილება. თუმცა, ერთი რამ მაინც არ მესმის: როდესაც სათამაშო დრო უკვე ამოწურულია და იმის შიში აღარ გაქვს რომ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მეტოქე კონტრშეტევით ლელოს დაგიდებს (ამ დროს თამაში ავტომატურად სრულდება), ნუთუ არ სჯობდა ისევ აიღე-მიეძალეს ბურთის სწრაფად გამოტანა და ხაზზე გაშლით ლელოს დადების მცდელობა?! მესმის რომ აქედან იოლია ამის თქმა, მაგრამ როცა მეტოქე კაცნაკლულია, ხომ ლოგიკურია იმის გაცნობიერება რომ სივრცეები მეტი გექნება ბურთის დასამიწებლად (თანაბარი რაოდენობით რომ ვყოფილიყავით, მაშინ გარისკვა ალბათ ნაკლებად ღირდა). ყველაფერის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ჩვენს ბიჭებს, ჰეიგს და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს უუუუუდიდესი მადლობა იმისათვის რომ ამაყები გაგვხადეს
მიუხედავად უელსთან წარმატებული თამაშისა და მისაღები ანგარიშისა, ხარვეზები ბევრი გვაქვს და ისინი გამოსასწორებელია. ამიტომაც, მივმართავ ბიჭებს: თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით ამერიკასთან თამაშის წინ! ჩვენთვის ეს ძალიან საშიში გუნდია და სრული მობილიზებაა საჭირო რათა 2 დღის წინ მოპოვებული ამხელა ავტორიტეტი არ გაიფლანგოს
მსგავსი თამაშების მოსაგებად საჭიროა რამე განსაკუთრებული შექმნა (ბუნებრივია თავდადებასა და თვითდაჯერებულობასთან ერთად). სამწუხარო ის არის რომ ჩვენ არ ვიზავით მზად ამ თამაშის მოსაგებად. ბუნებრივია ემზადები თამაშისთვის ცდილობ სოწორად განეწყო ამ თამაშის მოგებისთვის, თუმცა ქვეცნობიერად, სადღაც გულის კუთხეში ბოლომდე არ გჯერა, რომ შეძლებ ამას, რაც ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ მსგავსი თამაში არასდროს მოგიგია. ამიტომ არ იცი როგორ უნდა მოიქცე, თუ და როდესაც დადგება მსგავსი გადამწყვეტი მომენტი. ანალოგიურად დავთმეთ თამაში 10 წლის წინ ირლანდიის წინააღმდეგ და ეხლაც ასე. სამწუხაროა, რომ იმდენად იშვიათად გვაქვს მსგავსი თამაშები და კიდევ უფრო იშვიათად მოგების შესაძლებლობა (თუმცა რეალურად ეს იყო ფრედ დამთავრების შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია ჩვენთვის და არა მარტო მოგების ტოლფასი იქნებოდა), უფრო კონკრეტულები თუ ვიქნებით ზუსტად 10 წელში ერთხელ, რომ უკვე გვავიწყდება ის წარსული თამაში და ვერ ვსწავლობთ წარსული თამაშის შეცდომებზე. ან როგორ უნდა ვისწავლოთ იმ ბიჭებიდან მოედანზე ალბათ ჩხაიძე და კვირიკაშვილიღა იყვნენ. ნიაზ მამრიკიშვილი ესწრებოდა თამაშს და თქვა კიდეც, რომ ხაზზე, რომ გაათამაშონ ჩვენი დამჭერი არარავინ იქნებაო, ჩვენ ვინც პირდაპირ ეთერში უზურებდა თამაშს იმ რაკურსით რაც შემოგვთავაზეს სამწუხაროდ ვერ ვხედავდით. ირლანდიის წინააღმდეგაც მიძალებებით ვცდილობდით ახლაც მიძალებებით. რასაც არც ერთი ტიერ 1 გუნდი არ აკეთებს. რატომ იმიტომ, რომ პირველი ათეულის გუნდი ვერ გახდები თუ უკანა ხაზი სათანადოდ ვერ ირჯება. მე ამაზე წლების წინაც ვწერდი და დღემდე არაფერი შეცვლილა. საჭიროა ჩვენი მორკინალები უფრო მეტად ენდნოდ უკანა ხაზელებს, რომლებიც ვერ ამოდიან მათი ჩრდილიდან. ბუნებრივია ის რასაც მორკინალები აკეთებენ ძალიან მაგარია, ქმნიან სივრცეებს სტატიკაში ჯარიმებს იღებენ და ა.შ. მაგრამ ყველაფერი კარგია ზომიერად, ჩვენ კიდევ ამ ზომიერებას ვერა და ვერ ვაღწევთ, დამიჯერეთ ვერც მივაღწევთ, თუ არ იქნება მეტი ნდობა უკანა ხაზელების მიმართ. ბურთის ერთი გამოტანა და ლელო იქნებოდა თუმცა ასე არ მოხდა. ამაზე ალბათ უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ, რომ მომავალში როდესაც კიდევ დადგება მსგავსი მომენტი, რისი იმედიც მაქვს, რომ ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე 10 წლის მერე, რომ საჭიროა არაორდინარული გადაწზვეტილების მიღება, არაორდინარული ჩვენი თამაშის სტილისთვის, თორემ სხვისთვის ეს არის დაწერილი კანონი, ჩაითრია შერკინებამ მთელი გუნდი თავისი მოკლე დარტყმებით გაუშვი რა ხაზზე...
+1
ეხლა, ამერიკელები უნდა დავამარცხოთ, რაც შეიძლება ლამაზად და ლელოების სიუხვით, აფრასიძეს თუ მიეცემა ნეტავ თამაშის შანსი?!
სასწაული ბიჭები გვყავს ! საოცრება გამოვაცხვეთ კიდევ ერთხელ !
ჩემი აზრით გამოუცდელობამ დაგვაღალატა, სხა შემთხვევაში ბოლოს ლელოს აუცილებლად დავდებდით
აი თუ არ შეგძლებიათ რაგბიზე კარგად წერა, მადლობა მიმოხილვისთვის
ასეა სისხლი როგორც დაუნახეს გამოშვებული ჩვენმა ლომებმა კინაღამ შეჭამეს მთელი უელსი! კბილებალესილ უელსთან ასეთი ომის შემდეგ აშშ როგორ ჩავაგდო სათვალავში, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა დავხვდეთ. როგორც კანადა შემოგვეუპატიურა ისეთივე გამარჯვებას ველი აქაც! მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და გემრიელად მოვაყაროთ მარილი ამ ტესტებს. რაგბი ჩვენი თამაშია!