საერთაშორისო

10:00 | 17.11.2017 | ნანახია 3991 - ჯერ

საქართველოს მომავალი მეტოქე: უელსი

საქართველოს ნაკრების მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩამდე ერთი დღეღა დარჩა. “ბორჯღალოსნები” 18 ნოემბერს “ფრინსიფალითი სთედიუმზე” უელსის ნაკრებს პირველად შეერკინებიან. რაგბის ერთგული ქომაგები “დრაკონებს” კარგად იცნობენ, თუმცა ახალბედა გულშემატკივრებისთვის მეტოქის შედარებით უკეთესად გაცნობა საინტერესო უნდა იყოს.

უელსი მსოფლიო თასებზე

“დრაკონები” ელიტური სარაგბო ქვეყნების სიას მიეკუთვნებიან და გასაკვირი არაა, რომ რვავე მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული. თუმცა, ფინალში არასდროს გასულან და მათი საუკეთესო შედეგი მე-3 ადგილია, რომელიც პირველივე მსოფლიო თასზე 1987 წელს მოიპოვეს.

ნახსნებ 1987 წელს უელსმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეტოქეს: ირლანდიას (13:6), ტონგას (29:16) და კანადას (40:9) მოუგო, 1/4 ფინალში გავიდა და ინგლისის ნაკრებს აჯობა (16:3), ნახევარფინალში კი ახალზელანდიასთან უშანსოდ დამარცხდა (6:49), ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩი ავსტრალიის ნაკრებს მინიმალური სხვაობით 22:21 მოუგო.

1991 წლის და 1995 წლის მსოფლიო თასებმა უელსელთათვის კრახით ჩაიარა. მე-2 მსოფლიო თასზე მათ ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას მოუგეს (16:7), თუმცა დასავლეთ სამოასთან (13:16) და ავსტრალიასთან (3:38) დამარცხდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ, ისევე როგორც 4 წელიწადში, როდესაც “დრაკონებმა” ჯგუფურ ეტაპზე კვლავ ერთი მატჩი მოიგეს. მათ იაპონია გაანადგურეს (57:10), მაგრამ ახალზელანდიასთან (9:34) და ირლანდიასთან (23:24) წააგეს.

1999 წლის მსოფლიო თასს უელსმა უმასპინძლა. მათ ჯგუფურ ეტაპზე იაპონია (64:15) და არგენტინა დაამარცხეს (23:18), სამოასთან კი წააგეს (31:38), მაგრამ 1/4 ფინალში მაინც პირველი ადგილით გავიდნენ, სადაც ავსტრალიასთან დამარცხდნენ (9:24).

2003 წელს “დრაკონებმა” კანადას (41:10), ტონგას (27:20) და იტალიას (27:15) აჯობეს, ხოლო “ოლ ბლექსთან” ბრძოლაში დამარცხდნენ (37:53). 1/4 ფინალში კი მომავალ ჩემპიონთან ინგლისთან წააგეს (28:17).

2007 წლის მსოფლიო თასი ძალიან წარუმატებელი გამოდგა: მათ კანადის (42:17) და იაპონიის (72:18) დამარცხება შეძლეს, თუმცა ავსტრალიასთან (20:32) და ფიჯისთან (34:38) მატჩები დათმეს და ფლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

2011 წლის გათამაშებაში უელსის ნაკრებმა მშვენივრად ითამაშა. ჯგუფში სამოას (17:10), ნამიბიას (81:7) და ფიჯის (66:0) მოუგო, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა (16:17). 1/4 ფინალში “დრაკონებმა” ირლანდიას აჯობეს (22:10), ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ საფრანგეთთან ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს (8:9). იმ მატჩში მე-18 წუთზე მოედნიდან სემ უარბარტონი გააძევეს და “დრაკონებს” ერთ საათზე მეტი 14 კაცით მოუწიათ თამაში, თუმცა მათ მაინც ბოლომდე იბრძოლეს და ფინალამდე სულ ცოტა დააკლდათ: ფრანგებიდან სამი ჯარიმა მორგან პარამ გაიტანა, საპასუხოდ ჰუკმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ფილიპსმა ლელო დადო, მაგრამ მისი გარდასახვა ვერ მოხერხდა და გადამწყვეტი სწორედ ეს 2 ქულა გამოდგა. მე-3 ადგილისთვის მატჩში უელსი ავსტრალიასთან 18:21 დამარცხდა.

უკანასკნელ მსოფლიო თასზე კი, უელსმა ურთულესი ჯგუფიდან შეძლო გასვლა. ისინი ავსტრალიასთან დამარცხდნენ (6:15), სამაგიეროდ მოუგეს მასპინძელ ინგლისს (28:25) და ჯგუფში ჩატოვეს. გარდა ამისა, “დრაკონებმა” ფიჯის (23:13) და ურუგვაის (54:9) მოუგეს, 1/4 ფინალში კი სამხრეთ აფრიკასთან ბოლო წუთებზე გაშვებული ლელოთი დამარცხდნენ (19:23).

საინტერესო ფაქტები უელსის შესახებ

  • უელსმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1881 წლის 19 თებერვალს ინგლისის წინააღმდეგ გამართა და 0:8 დამარცხდა.
  • “დრაკონებმა” სარეკორდო გამარჯვება 2004 წლის 26 ნოემბერს იაპონიასთან გამართულ მატჩში იზეიმეს: 98:0.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით კი 1998 წლის 27 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ: 13:96.
  • უელსის ნაკრების კაპიტანი 32 წლის მეორეხაზელი ალუნ უინ ჯონსია, რომლის ანგარიშზეც 111 სანაკრებო მატჩია.
  • უელსელთა მაისურით ყველაზე მეტი 58 ლელო, ლეგენდარულ შეინ უილიამსს (2000-2011) აქვს გატანილი.
  • ყველაზე მეტი 1049 ქულა ნილ ჯენკინსის ანგარიშზეა.
  • 36 წლის ბურჯს გეთინ ჯენკინსს უელსელთა რიგებში ყველაზე მეტი 129 კეპი აქვს მოხვეჭილი.
  • უელსს სხვადასხვა პერიოდში ყველა ის ნაკრები ჰყავს დამარცხებული, რომელსაც ოდესმე შეხვედრია. ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი კი მხოლოდ რამდენიმე გუნდთან აქვს: ავსტრალიასთან (10 მოგება, 30 მარცხი, 1 ფრე), ინგლისთან (57 მოგება, 61 მარცხი, 12 ფრე), ახალზელანდიასთან (3 მოგება, 30 მარცხი) და სამხრეთ აფრიკასთან (3 მოგება, 28 მარცხი, 1 ფრე).
  • უელსს სულ 702 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მატჩების 51.57% ანუ 362 თამაში მოიგო, 311 წააგო და 29-ჯერ ფრედ ითამაშა.
  • “დრაკონებს” 2007 წლიდან უორენ გეტლანდი წვრთნის, რომელიც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2013 და 2017 წლის ტურნეებს ედგა სათავეში.

უელსი 6 ერის გათამაშებაში

2000 წელს ევროპულ სარაგბო ელიტას იტალიის ნაკრები შეუერთდა და 5 ერის ჩემპიონატი, 6 ერად იქცა. მას შემდგომ გამართული 17 გათამაშებიდან, უელსმა 4-ჯერ მოახერხა ტურნირის მოგება: 2005, 2008, 2012 და 2013 წლებში. პირველ სამ შემთხვევაში მან ყველა მეტოქე დაამარცხა და “გრანდ სლემის” წოდება მოიპოვა. “დრაკონებისთვის” ყველაზე წარუმატებელი 2003 წლის გათამაშება გამოდგა, როდესაც უკანასკნელ ადგილზე გავიდა და “ხის კოვზი” ერგო.

მას შემდეგ, რაც 6 ერის ტურნირი არსებობს, გუნდებმა სულ 85-ჯერ ითამაშეს. “დრაკონებმა” 47 მატჩი მოიგეს, 35 წააგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს. 183 ლელო დადეს და ბურთების შეფარდება ასეთი აქვთ: 1984 გატანილი და 1811 გაშვებული, +173.

უკანასკნელ გათამაშებაში უელსმა იტალიას გასვლაზე (33:7) და ირლანდიას შინ (22:9) მოუგო. სტუმრად დამარცხდა შოტლანდიასთან (13:29) და საფრანგეთთან (18:20), ხოლო საკუთარ მოედანზე ინგლისთან (16:21) და მე-5 ადგილი დაიკავა.

გეტყვით იმასაც, რომ 5 ერის გათამაშების პერიოდში (1940-1999) უელსმა ეს ტურნირი 15-ჯერ მოიგო.

დღევანდელი მდგომარეობა

ამ მომენტისთვის უელსის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს. ამ მხრივ მათი საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილია (2015 წელს), ხოლო ყველაზე უარესი მე-10 პოზიციაა, რომელზედაც 2007 წელს იმყოფებოდა.

უელსელი ლეგიონერები

უორენ გეტლანდის მიერ ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის არჩეულ 36 მოთამაშეს შორის 7 ლეგიონერია, რომლებიც ავივა პრემიერშიფში თამაშობენ. ესენი არიან: ბურჯები სკოტ ენდრიუსი (“ბათი”, 13 კეპი ნაკრებში) და ტომას ფრანცისი (“ექსეტერ ჩიფსი”, 24), მესამეხაზელი ტაულუპე ფალეტაუ (“ბათი”, 67), მგეზავები რის პრისტლენდი (“ბათი”, 48) და ოუენ უილიამსი (“გლოსტერი”, 2), შუამარბი ჯეიმი რობერტსი (“ჰარლექუინსი”, 93) და ფულბექი ლიამ უილიამსი (“სარასენსი”, 44).

მალე “დრაკონთა” რიგებში ლეგიონერთა სია შემცირდება, რადგან ახალი წესის თანახმად, მხოლოდ იმ ლეგიონერს შეეძლება უელსის ნაკრებში თამაში, რომელთაც 60 სანაკრებო კეპი აქვთ მოხვეჭილი.

საკლუბო დონე

უელსის პირველობა ფრინსიფალითი პრემიერშიფი ორ დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებადაა დაყოფილი, რომელშიც 8-8 გუნდი იღებს მონაწილეობას. თუმცა, ეს ჩემპიონატი უელსელთათვის მეორე ხარისხოვანია, რადგან მათთვის უმთავრესი პრო 14 არის, რომელშიც 4 უელსური ფრანჩიზი ("სკარლეტსი", "ოსპრეიზი", "დრაგონსი" და "კარდიფ ბლუზი") ასპარეზობს და “დრაკონები” შევსების უდიდესს ნაწილს სწორედ მათგან იღებენ. ასე რომ, საქართველოს უახლოეს მეტოქეს საკლუბო დონეზეც ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს.

უკანასკნელი მატჩები

დრო ადგილი ტურნირი გუნდი ანგარიში გუნდი
11.11.2017 კარდიფი, "ფრინსიფალითი სთედიუმი" ნოემბრის ტესტები უელსი 21:29 ავსტრალია
23.06.2017 აპია, "აპია პარკი" ივნისის ტესტები სამოა 17:19 უელსი
16.06.2017 ოკლენდი, "ედენ პარკი" ივნისის ტესტები ტონგა 6:24 უელსი
18.03.2017 პარიზი, "სტად დე ფრანსი" 6 ერის ჩემპიონატი საფრანგეთი 20:18 უელსი
11.03.2017 კარდიფი, "ფრინსიფალითი სთედიუმი" 6 ერის ჩემპიონატი უელსი 22:9 ირლანდია


შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

უკანა ხაზი

15. ლიამ უილიამსი (44 კეპი), 14. ალექს კატბერტი (46), 13. სკოტ უილიამსი (48), 12. ოუენ უატკინი (1), 11. ჰალამ ამოსი (12), 10. რის პრისტლენდი (48), 9. რის ვები (28);

შერკინება

1. ნიკი სმიტი (15), 2. კრისტიან დესი (5), 3. ლეონ ბრაუნი (1), 4. ადამ ბერდი (1), 5. კორი ჰილი (7), 6. დენ ლიდიატი (კაპიტანი, 60), 7. სემ ქროსი (1), 8. სებ დევისი (2);

მარქაფა

16. ელიოტ დი (0), 17. ვინ ჯონსი (2), 18. ტომას ფრანცისი (24), 19. ჯოშ ნავიდი (4), 20. ტაულუპე ფალეტაუ (67), 21. ალედ დევისი (3), 22. დენ ბიგარი (57), 23. ოუენ უილიამსი (2).


სამომავლო მატჩები

უელსმა ნოემბრის ტესტები ავსტრალიასთან წაგებული (21:29) შეხვედრის გახსნა. საქართველოსთან ტესტ-მატჩის შემდგომ კი კიდევ ორი დაპირისპირება ელის: 25 ნოემბერს ახალზელანდიას შეერკინებიან, ხოლო 2 დეკემბერს სამხრეთ აფრიკას დაუხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ჯგუფშია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 18.11.2017
qomagi (248)

მჭედლიძე რატომ არ არის ხომ არ იცით?

12:34 | 18.11.2017
valeri8848 (31)

აბა მირჩიეტ რამე რაგბიში ვინც ერკვევით ერტ 50 ლარს ვდებ ჩვენი ლომების მოგებაზე 8.0 რომაა კოეფიციენტი ეგ არაფერს წყვეტს 20. 0 იც რომ იყოს იგივეს ვიზავდი მაგრამ მე მაინტერესებს ერთი რამ, 50 ლარი გინდ მქონია გინდ არა რომც წააგონ ერტი წუთითაც არ ვიჯავრებ მაგრამ რომ მოიგონ მაშინ კი ვიტყვი მეტი რომ არ დავდევი ----რას მირჩევთ ხომ არ დავუმატო??????//////

22:46 | 17.11.2017
პანტელეიმონი (1218)

დრო მოვიდა, გამარჯვების დრო მოვიდა ბორჯღალოსნებო ! ! !

18:04 | 17.11.2017
LApaata (115)

თქმა არ უნდა, ძალიან გამოცდილი და ძლიერი მეტოქე გვყავს. მარა უნდა დაუდგნენ ჩვენი ლომები.

16:55 | 17.11.2017
ilarioni (138)

კეპების საშუალო არითმეტიკული საქ. 43 - უელსი 20
საშუალო ასაკი საქ. 27 - უელსი 24

16:28 | 17.11.2017
deqstera (86)

1. ნიკი სმიტი (15) _____________ (23 წლის)
2. კრისტიან დესი (5) _____________ (28 წლის)
3. ლეონ ბრაუნი (1) _____________ (21 წლის)
4. ადამ ბერდი (1) _____________ (21 წლის)
5. კორი ჰილი (7) _____________ (25 წლის)
6. დენ ლიდიატი (60) _____________ (29 წლის კაპიტანი)
7. სემ ქროსი (1) _____________ (25 წლის)
8. სებ დევისი (2); _____________ (21 წლის)
9. რის ვები (28) _____________ (28 წლის)
10. რის პრისტლენდი (48) _____________ (30 წლის)
11. ჰალამ ამოსი (12) _____________ (23 წლის)
12. ოუენ უატკინი (1) _____________ (21 წლის)
13. სკოტ უილიამსი (48) _____________ (27 წლის)
14. ალექს კატბერტი (46) ____________ (27 წლის)
15. ლიამ უილიამს (44 კეპი)_____________ (26 წლის)


16. ელიოტ დი (0) _____________ (23 წლის)
18. 18. ტომას ფრანცის (24) _____________ (25 წლის)
17. ვინ ჯონსი (2) ______________ (25 წლის)
19. ჯოშ ნავიდი (4) _____________ (26 წლის)
20. ტაულუპე ფალეტაუ (67) _____________ (27 წლის)
21. ალედ დევისი (3) ____________ (25 წლის)
22. დენ ბიგარი (57) ___________ (28 წლის)
23. ოუენ უილიამსი (2) ____________ (25 წლის)


ხაზის დაჭერა გაგვიჭირდება, თორე შერკინებაში ძალიან უნდა დავჩაგროთ

12:34 | 17.11.2017
ilarioni (138)

სკოტებიც ჩვენ დღეში არიან, ოღონდ ზელანდიის წინააღმდეგ თამაშში აი რას ამბობს თაუნსენდი:
"You've got to have your focus, your confidence in tough times during games, but right throughout that 80 minutes believing you can win, pushing your body to the limits to make sure you're in a position with 10 minutes to go that you can still win."
ასე, რომ ჩვენი ამოცანა შოტლანდიელებისას თუ შევადარებთ ბუნებრივია ბევრად უფრო მარტივია, თუმცა ამ ციტატის შინაარსის რეალიზაციის გარეშე ასეთ გუნდებთან მოგება წარმოუდგენელია.

12:11 | 17.11.2017
ilarioni (138)

მართალია სტატია სტატისტიკურად საკმაოდ ინფორმაციულია, თუმცა კარგი იქნება, თუ ზეგ კიდევ ერთი უარყოფითი სტატისტიკით შეივსება, მაგ. 2017 წლის 18 ნოემბერს უელსის ნაკრებმა ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დათმო ისტორიული შეხვედრა საქართველოს ეროვნულ გუნდთან, რითიც საფუძველი ჩაუყარა ექვსი ერის საზღვრების გაფართოებას (ბოლოს და ბოლოს ნატო და ევროკავშირი გაფართოვდა და ეს ექვსი ერი რა გახდა)

0.090487