ლეგიონერები

16:55 | 14.11.2017 | ნანახია 2449 - ჯერ

ზირაქაშვილი 4-6 კვირას იუქმებს

“კლერმონის” ვეტერანი მარჯვენა ბურჯი დავით ზირაქაშვილი ტრავმირებულია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე კვირას “მონპელიესთან” წაგებული საგარეო მატჩის (24:28) პირველ ტაიმში დაშავდა და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის განცხადებაში წერია, რომ 34 წლის პირველხაზელს გულმკერდის არეში კუნთი აქვს დაზიანებული და დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე ვერ შეძლებს თამაშს.

“კლერმონს” მომდევნო მატჩებში ძალიან გაუჭირდება, რადგან ზირაქაშვილის შემცვლელი რაბა სლიმანი საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული, კიდევ ერთი მარჯვენა ბურჯი მაიკლ სიმუტოგა ტრავმირებულია და მხოლოდ აარონ ჯარვისია მწყობრში.

ზირაქაშვილმა მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა და აქედან 5 მატჩი სასტარტოში დაიწყო. გასულ სეზონში კი ტოპ 14-ში 19 შეხვედრა ჩაატარა, 2 ლელო გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონთა თასზე 9-ჯერ გამოჩნდა და ტურნირის ფინალამდე გააღწია, სადაც “სარასენსთან” დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დავით ზირაქაშვილის “ბორჯღალოსნების” რიგებში 2004-2015 წლებში თამაშობდა. მან ნაკრების კვართი 53-ჯერ მოირგო და მეტოქეები 8-ჯერ დაალელოვა. “კლერმონის” ღირსებას კი 2004 წლიდან იცავს და 289 მატჩში 18 ლელო აქვს გატანილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:16 | 17.11.2017
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს დავით ! ! !

0.080072