მსოფლიო რაგბიმ იმ ხუთი მოთამაშის ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებიც 2017 წლის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძოლებენ.
წლის საუკეთესო მორაგბის ნომინანტები არიან: ავსტრალიელი იზრაელ ფოლაუ, ახალზელანდიელები რიეკო იოანი და ბიოდენ ბარეტი და ინგლისელები მარო იტოჯე და ოუენ ფარელი.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით 13 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე შეეძლებათ.
იზრაელ ფოლაუ (“ვორათასი”, ავსტრალია)
იზრაელ ფოლაუ 2017 წლის საუკეთესო ავსტრალიელ მორაგბედ აღიარეს. ის პირველი “ვოლაბი” გახდა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო მორაგბედ მესამედ დაასახელეს.
მას შეეძლო ერთ წელში დადებული სანაკრებო ლელოებით რეკორდი მოეხსნა, თუმცა მაიკლ ჩეიკასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, ნოემბრის ტესტებზე “ვოლაბებს” არ გაჰყვა და რეკორდამდე ხუთი ლელო დააკლდა: ფოლაუმ ავსტრალიის ნაკრების მაისურით 2017 წელს 10-ჯერ ითამაშა და 12 ლელო გაიტანა, ხოლო რეკორდი 17 ლელოა, რომელიც დაისუკე ოჰატას (იაპონია, 2002 წელი) და ჯო როკოსოკოს (ახალი ზელანდია, 2003 წელი) ეკუთვნით.
გარდა ამისა, 28 წლის ფულბექმა “ვორათასის” მაისურით სუპერ რაგბიში 15-ჯერ ითამაშა და 9 ლელო გაიტანა.
მარო იტოჯე (“სარასენსი”, ინგლისი)
22 წლის მეორეხაზელი წლის საუკეთესო მორაგბის ნომინანტთა სიაში ზედიზედ მეორედ მოხვდა, ხოლო 2016 წელს ევროპის საუკეთესო მორაგბე გახდა. ის “სარასენსთვის” და ინგლისის ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა. მან კლუბის მაისურით 2017 წელს 19-ჯერ ითამაშა, ხოლო “წითელი ვარდების” მაისურით 5 კეპი მოიხვეჭა.
გარდა ამისა, მან ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეზე 6 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო გაიტანა.
ოუენ ფარელი (“სარასენსი”, ინგლისი)
იტოჯეს მსგავსად, წლის საუკეთესო ხუთ მორაგბეს შორის ისიც ზედიზედ მეორედ მოხვდა. 26 წლის უკანახაზელი ევროპის 2017 წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. მას ერთნაირად კარგად შეუძლია მგეზავის და შუამარბის პოზიციებზე თამაში. ნაკრებში უმეტესად ცენტრში უწევს თამაში, ხოლო კლუბში 10 ნომრის ადგილზე.
მან 2017 წელს “სარასენსის” რიგებში 15-ჯერ ითამაშა, 2 ლელო გაიტანა და დარტყმებით 106 ქულა მოიხვეჭა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 5 კეპი მოიხვეჭა და 63 ქულა გააკეთა. ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეზე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდს 45 ქულა მოუპოვა.
რიეკო იოანი (“ბლუზი”, ახალი ზელანდია)
19 წლის გარემარბს “ოლ ბლექსის” რიგებში დებიუტი 2016 წლის 12 ნოემბერს ჰქონდა და რამდენიმე თვეში იმდენი მოახერხა, რომ შემადგენლობიდან ჯულიან სავეა ამოაგდო. მან 2017 წელს “შავების” მაისური 7-ჯერ მოირგო და 5 ლელო გაიტანა, ხოლო “ბლუზის” შემადგენლობაში სუპერ რაგბიში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 7-ჯერ დაალელოვა.
ბიოდენ ბარეტი (“ჰარიკეინსი”, ახალი ზელანდია)
25 წლის მგეზავი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელმაც “ოლ ბლექსს” დენ კარტერის წასვლა საერთოდ არ დაატყო. მან წელს “კივების” მაისური 7-ჯერ მოირგო, 3 ლელო დადო და დარტყმებით 83 ქულა მოიხვეჭა, ხოლო სუპერ რაგბიში 15-ჯერ ითამაშა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე 4-ჯერ დაამიწა ბურთი.
ცნობისთვის, 2012 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე ახალზელანდიელი მოთამაშე ხდება. 2011 წელს ზემოხსენებულ ნომინაციაში ფრანგმა მესამეხაზელმა ტიერი დუსოტუარმა იმარჯვა.
გეტყვით, რომ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის წოდება ყველაზე მეტჯერ, სამ-სამჯერ დენ კარტერს (2005, 2012, 2015) და რიჩი მაკქოუს (2006, 2009, 2010) აქვთ მოგებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ალბათ იოანესა და ბარეტს შორის უნდა გაირკვეს.
მე ბარეტი მგონია.