საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და როგორც მოსალოდნელი იყო, 29 ოქტომბერს ნახევარფინალში რუსეთს ეთამაშება.
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ჰოლანდიას 9 ლელო გაუტანეს და 5 გარდასახვა გამოიყენეს. ანგარიში მალევე, მე-6 წუთზე როლანდ კვაჭაძემ გახსნა, კიდევ 6 წუთში კი, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი იოსებ კიკვაძემ დაამიწა. რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტ გარდასახვას ჰოლანდიელებმა ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ამის შემდეგ მათ შანსი აღარ ჰქონიათ, ბექა კაკაბაძემ და გიორგი კოშაძემ კი შესვენებამდე კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ჯინჭველაშვილმა კიდევ ერთი გარდასახვა შეასრულა და ტაიმი 24:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და 8 წუთში ბადრი დანგაძემ და ვასილ ლობჟანიძემ კიდევ ორი ლელო გაიტანეს. ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 38:3. ამას შეცვლების სერია მოყვა და თამაში ოდნავ აირია, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა და რატი შანიძემ, დანგაძემ და ბესიკ ბარბაქაძემ ჰოლანდიელთა ჩათვლის მოედანში კიდევ სამჯერ დაამიწეს ბურთი. კიდევ ერთი გარდასახვა გიორგი ბაბუნაშვილის ანგარიშზეა - 55:3.
თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის 19-წლამდელთა გუნდი იქნება, რომელმაც პოლონეთი 48:15 დაამარცხა. ქართველებისგან განსხვავებით რუსებმა არც ჯარიმების კარში დარტყმაზე თქვეს უარი, 6 ლელო, 6 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანეს. ტაიმი მათ ქართველთა მსგავსად 24:3 მოიგეს, საათის თავზე 48:3 დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს ორი ლელო მიიღეს და ანგარიში პოლონეთისთვის შედარებით მისაღები გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში რეფერიმ სამ პოლონელ და ერთ რუს მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
(20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი)
26 ოქტომბერი. მეოთხედფინალები
საქართველო - ჰოლანდია 55:3 (24:3)
საქართველო: 15. რატი შანიძე, 14. იოსებ კიკვაძე (ანზორ სიჭინავა 36), 13. გიორგი კოშაძე, 12. ბადრი ლიპარტელიანი (ირაკლი სვანიძე 58), 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი (გიორგი ბაბუნაშვილი 51), 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე (თორნიკე მატარაძე 51), 2. ბადრი ალხაზაშვილი (გიორგი ტორაძე 66), 3. ბექა კაკაბაძე (გიორგი მელიქიძე 51), 4. როლანდ კვაჭაძე (თორნიკე ზოიძე 36), 5. ოთარ გიორგაძე (ბესიკ ბარბაქაძე 59), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. ბადრი დანგაძე, 8. დავით პაპავაძე.
პორტუგალია - ბელგია 38:5
ესპანეთი - რუმინეთი 24:13
რუსეთი - პოლონეთი 48:15
თასის ნახევარფინალები. 29 ოქტომბერი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია - ესპანეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია