კანადის ნაკრების მწვრთნელი კინგსლი ჯონსი და კაპიტანი ფილ მაკი საქართველოსთან წაგებული (22:54) ტესტ-მატჩის შემდგომ, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში გამოცხადდნენ და ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
- შეაფასეთ თამაში, რამდენად ელოდით ასეთ სხვაობას?
კინგსლი ჯონსი: “რა თქმა უნდა, ამას გუშინ ვერ წარმოვიდგენდით. ის რაც ჩაფიქრებული გვქონდა, მორკინალებით აქტიურად თამაში, არ გამოგვივიდა. რაგბში მთავარია ძლიერი შერკინება გყავდეს და ბურთის შენარჩუნება მოახერხო. როდესაც ბურთი შევინარჩუნეთ, ძალიან კარგი ლელოები გავიტანეთ, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი ხშირად არ გვქონდა. შერკინებაში მოვიკოჭლებდით და დერეფნებშიც ვერ ვივარგეთ.”
ფილ მაკი: “ვეთანხმები მწვრთნელის ნათქვამს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ რაღაცეებში არ გაგვიმართლა, ამ შედეგიდან, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად საკუთარ თავზე ღალატი გამოგვივიდა. დავბრუნდებით გასახდელში, ერთმანეთს შევხედავთ, ვისაუბრებთ და გავიაზრებთ, რა და როგორ გავაკეთეთ. მინდა ხაზი გავუსვა და მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრებს, რომელიც მთელი ძალით გვეთამაშებოდა და მივულოცო დამსახურებული გამარჯვება.”
- რა პოტენციალი აქვს კანადის ნაკრებს? რის ხარჯზე უნდა მოუგოს ურუგვაის?
კინგსლი ჯონსი: “ბევრი შეცდომები დავუშვით, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური და ეს ყველაფერი გამოსასწორებელი გვაქვს. შერკინებაში აშკარად დავიჩაგრეთ, თუმცა დადებითი კუთხით იმის თქმა შემიძლია, რომ სწრაფი თამაში გამოგვდიოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც ბურთი გვქონდა, მაღალი ტემპის ხარჯზე მეტოქეს პრობლემებს ვუქმნიდით და დამეთანხმებით, რომ მშვენიერი ლელოები დავდეთ, რაც სამომავლოდ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.”
- ფილს საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და მოუგია. იყო თუ არა დღეს საქართველო ყველაზე ძლიერი, რომლის წინააღმდეგაც მას უთამაშია და როგორ ფიქრობს, რა კომპონენტებში ჰქონდათ “ბორჯღალოსნებს” ყველაზე დიდი უპირატესობა?
ფილ მაკი: “საქართველოს ნაკრები ყოველთვის ძლიერი მეტოქე გახლდათ. მათ წინააღმდეგ ყოველი თამაში უფრო და უფრო რთულია. ამ შეხვედრების შედარება ცოტა რთულია. ისეთ გუნდს, როგორიც საქართველოა უნდა მოუგო ორთაბრძოლები შერკინებაში და ანეიტრალებდე ამ წნეხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან წარმატების მიღწევა რთულია.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და კანადის ნაკრებები ერთმანეთს მეშვიდედ დაუპირისპირდნენ. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე მეოთხედ დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში წინ გავიდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მატთლაც რამდენს აქაებს თავის ჩასვრილ გუნდს ! ?
არადა კარგი მწვრთნელია, ლონდონ ველიში აიყვანა ინგლისის უმაღლეს ლიგაში, ბულზის მწვრთნელი იყო მაშინ როდესაც საუკეთესო დრო ედგა მაგ გუნდს, სეილ შარქსი გახადა ინგლისის ჩემპიონი, რადგანაც რუსეთს ვერ უშველა არ ნიშნავს რომ ცუდი მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ კანადას მოხოდავს
ყველა ნაკრები გაგიბახეთ კინგსლი.
ჯონსს კინგსლი (მეფე) კი არა, ბრისლი (მიაუ) უნდა ერქვას
შეეშვი ბიძია მწვრთნელობას.
მართალი ხარ, ანტირეკორდებს ამყარებენ მისი გაწვრთნილი გუნდები. ისა სჯობს მისთვის რომ რაგბის თამაშების ტელეკომენტატორობა გააგრძელოს, ეს უკეთ გამოსდის
აიას მოდებაძე უძლიერესია
ყოჩაღ კარგი იყო