საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე კანადასთან მოგებული (54:22) შეხვედრის შემდგომ, პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
- ახალგაზრდა მოთამაშეებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი უელსთანაც სასტარტოში იქნებიან?
მილტონ ჰეიგი: “ეს არაფერს ნიშნავს. 80 წუთი უკვე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ 54 ქულა გავაკეთეთ, თამაშს რომ გადავხედოთ 100%-ით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, ახალგაზრდა ბიჭებმაც კარგად ითამაშეს, გუნდმაც კარგად ითამაშა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივნისში რომ გვეთქვა კანადას 54 ქულას გავუკეთებთო, არარეალურად ჩაითვლებოდა. აქედან გამომდინარე, პროგრესი ნამდვილად არის.”
- კანადამ 22 ქულა გაგვიკეთა და ეს ცოტა ბევრი ხომ არააა?
მილტონ ჰეიგი: “რა თქმა უნდა ამ ფაქტით გახარებულები არ ვართ. ჩემთვის განსაკუთრებულად მტვივნეული ის ლელო იყო, რომელიც სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ მივიღეთ. ღირს ამ ლელოს გადახვევა და რამდენჯერმე ნახვა. რაღაც მომენტებში, როდესაც მეტოქემ ტემპს მოუმატა, კარგად გამოიყენა საკუთარი სწრაფი თამაში, თუმცა მალევე ისევ შევიკარით და მოწინააღმდეგე გავანეიტრალეთ. 22 ქულის გაშვებით ბედნიერი არც კაპიტანი და არც ლევან მაისაშვილი არ იქნებიან, რომელიც დაცვის მწვრთნელია. კანადა კარგი გუნდია და დამსახურებულად მოახერხეს ამ ქულების გაკეთება.”
- მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გვქონდა გარკვეული პრობლემები. რა უნდა გაუმჯობესდეს ყველაზე მეტად?
მილტონ ჰეიგი: “უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო სერიის პირველი მატჩი და ვიცით, რომ საწყისი შეხვედრა ყოველთვის რთულია, რაც არ უნდა ვივარჯიშოთ, რადგან შეთამაშებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, როდესაც დღეს ღამით ლონდონში გავემგზავრებით, გზაში მოვახდენთ შეხვედრის ანალიზს და განმეორებას არაერთხელ ვნახავთ. შემიძლია იმის თქმა, რომ როდესაც ბურთს ვკარგავთ, სწრაფად უნდა მოვახერხოთ გადალაგება და ეს აუცილებლად გასაუმჯობესებელი გვაქვს.”
- წელიწადნახევრის წინ ახალგაზრდა მოთამაშეებზე ვისაუბრეთ: მოდებაძე, აფრასიძე, გორგაძე, გიორგაძე. წინ ჯერ უელსთან მატჩი გვაქვს, თუმცა უმთავრესი მაინც 2019 წლის მსოფლიო თასია. როგორ ფიქრობთ, ეს ბიჭები 2019 წელს ამ დონეზე სათამაშოდ მზად იქნებიან?
მილტონ ჰეიგი: “მათი იმედი გვაქვს. რაც უფრო მეტჯერ მიეცემათ ტესტ-მატჩებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ახალგაზრდა მოთამაშეების ხარისხი უფრო მეტად გაუმჯობესდება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ მეტოქეებთან ექნებათ თამაში, პირველი დონის გუნდებთან თუ მეორე ეშელონის. ეს არამარტო 2019 წლის მსოფლიო თასისთვის იქნება ასე, ასევე იქნება 2023 წლისთვის და ა.შ.
- კანადას ყველაზე დიდი სხვაობით მოვუგეთ და იმაზე მეტი ქულა გავუკეთეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ “მაორი ოლ ბლექსმა” მოახერხა. ანგარიშიდან გამომდინარე თითქოს მარტივად მოვიგეთ და როგორ ჩანდა მოედნიდან?
მერაბ შარიქაძე: “მარტივი არ იყო. თავიდან რამდენჯერაც ქულა გავუკეთეთ, იმდენჯერ თავადვე გვიპასუხესქულებით. ამდენი ქულის გაკეთება კი იმიტომ მოვახერხეთ, რომ მოედანზე მინიმალური დრო ვიყავით მოდუნებულები. თავად მეტოქე არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას, რადგანაც რამდენჯერაც პატარა დრო იხელთეს, ან ლელო დაგვიდეს ან ჯარიმა გაგვიტანეს, რაც კიდევ უფრო გვაცოცხლებდა და საბოლოო ჯამში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა.”
- როგორ შეაფასებდით უელსთან შანსებს?
მილტონ ჰეიგი: “ყველაფერი დამოკიდებული იმაზეა, თუ როგორ მოვემზადებით მატჩისთვის. დამოკიდებულია იმაზეც თუ როგორ აღდგენას გავივლით, თუმცა ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ დავიღალეთ იმ მომენტით, როდესაც ამბობენ, რომ პირველი დონის გუნდთან საქართველო უშანსოდაა და ჩვენ უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად, სტატისტიკისთვის ჩამოვდივართ. თუ გვინდა, რომ ბობოლებთან შედეგი გვქონდეს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მომზადებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.”
- გუშინ უფრო მხიარულები იყავით, ვიდრე დღეს. უკეთეს შედეგს ელოდებოდით, უფრო ძლიერ თამაშს თუ ეს სათამაშო სტრესიდან გამომდინარეა?
მილტონ ჰეიგი: “საქმე იმაშია, რომ ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი რაგბის ირგვლივ ხდება. რა თქმა უნდა ამ მოგებით გახარებულები ვართ და აღვნიშნავთ კიდევაც, თუმცა მაშინაც კი, როდესაც მოთამაშე ვიყავი, რაც არ უნდა დიდი ანგარიშით მოგვეგო, თუ არ მომწონდა იმ თამაშის ხარისხი ნაწილობრივ, რაც ვანახეთ, ყოველთვის მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. დიახ, გახარებულები ვართ გამარჯვებით, აღვნიშნავთ კიდეც და უკვე ვაგრძელებთ მზადებას შემდეგი მატჩისთვის.”
მერაბ შარიქაძე: “ხვალ როდესაც ლონდონში ჩავალთ, პირველ რიგში ვნახავთ ჩვენს მიერ გაშვებულ ლელოებს და არა გატანილს. ჩვენს მიერ გაკეთებული შეფასებები, განხილვები, ყოვეთვის დაშვებული შეცდომებით იწყება.”
- შიდა ჩემპიონატის დონე საგრძნობლად იწევს. ნაკრებში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიჭებიც ამის დასტურია. გვაინტერესებს მწვრთნელის მოსაზრება დიდი 10-ის შესახებ.
მილტონ ჰეიგი: “რა თქმა უნდა ჩემპიონატის დონეზე აშკარად მატულობს, რაც ნიჭიერი მორაგბეების გამოჩენითაც დასტურდება. რომ შევადაროთ ექვსი წლის წინანდელი და ახლანდელი დიდი 10, სინათლის წლის დონის სხვაობა არის.
- ვასილ ლობჟანიძემ თითქოს პროგრესი შეწყვიტა, რისი ბრალია, “ბრივში” თამაშის იშვიათად რომ უწევს?
მერაბ შარიქაძე: “ვასკა იმდენად მაღალი დონის მოთამაშე არის და მისი ფასი იმხელაზე აიწია, რომ ახლა ყველა სხვანაირად უყურებს. სხვა ბევრ მორაგბეს მაყურებელი შეცდომას თუ პატიობს, ვასკას აღარ, რაც ისევ სიძლიერეზე მიუთითებს. ის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მორაგბეა.”
მილტონ ჰეიგი: “დიახ, ნაწილობრივ გეთანხმებით. ვასკამაც იცის ამის შესახებ, ამაზე გვისაუბრია და თავადაც ყველაფერი გააზრებული აქვს. ის მაღალი კლასის მორაგბეა. ინგლისურ ენაში არსებობს ასეთი გამოთქმა – “კლასი რჩება სამუდამოდ”. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი სათამაშო დრო აქვს, მან ისე უნდა ივარჯიშოს, როგორც საჭიროა. მერაბს ვეთანმები, რომ მან საკუთარი ფასი ძალიან მაღლა ასწია და ახლა მისგან უფრო მეტს ითხოვენ. აღსანიშნავია, გელა აფრასიძის ფაქტორიც, რომელიც საკუთარი კარგი თამაშით ავიწროებს ვასკას და დამატებით მოტივაციას აძლევს.”
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ “ფრინსიფალითი სთედიუმზე” გამართავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვუყურე უელსი ავსტრალიის ჩანაწერს, თუ დაცვაში ყურადღებით, თავგანწირვით და მაქსიმალურად რაც შეიძლება უშეცდომოდ არ ვითამაშეთ დიდი პრობლემები შეგვექმნება. კოზირები ბევრი არ გვაქვს მაგრამ რაც გვაქვს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, უელსს დანაკლისიც თვალში საცემი აქ, ავსტრალიასთან არ ყავდათ და ალბათ არც ჩვენთან ეყოლებათ ტიპურიკი, ნორთი, სემ ვორბარტონი კომენტატოტერებთან არჩევდა თამაშს, ფალეტაუ კიდე არაა კაი ფორმაში საშინელი შეცდომები დაუშვა იმედია ჩვენთანაც მასე გააგრძელებს, ერთი უკანა ხაზელიც დაემტვათ და მთელი გუნდი კაი დაჩეჩქვილია კიდო ჩვენგან განსხვავებით. შერკინება უნდა გამოვასწოროთ არ მომეწონა კანადასთან ჩვენი შერკინება, ამათი შერკინება კი გაცილებით ძლიერია მაგრამ მჯერა ჩვენი ბიჭების რომ მგრად დახვდებიან და დაღუნავენ კიდევაც, მთავარია დაცვაში რაც შეიძლება ყურადღებით და თავგანწირვით ჩვენს თავს გადავახტეთ არ დავუთმოთ არაფერი და თავდასხმაში დარწმუნებული ვარ ისე ვირაგბებთ ბევრს ცივი ოფლი დაასხამს.
მთავარია ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვირწმუნოთ ჩვენი ძალების და რომ შეგვიძლია პირველი დონის გუნდების დამარცხება. დროა გავიდეთ მსგავს გუნდებთან იმ განწყობით, რომ შეგვიძლია მათი დამარცხება, თუ კარგი დღე გვქონდა. ამ დღეს ველით უკვე ლამის 15 წელია. ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ თამაშები ფსიქოლოგიურად დავთმეთ. შოტლანდიასთან წასაგებად გავედით. ეს აშკარად ეტყობოდა გუნდს. როდესაც გვარიანი ანგარიშით ვაგებდით მერე გაიხსნა გუნდი და მოეხსნა ფსიქოლოგიური სტრესი, იმიტომ რომ დადგა ფაქტის წინაშე, რომ უკვე შეუძლებელი იყო შოტლანდიის შოტლანდიაში დამარცხება, ვინაიდან შოტლანდიელები საკმაოდ წინ იყვნენ გასულები და მერეა ათამაშდა თავისუფლად. ყველამ იცის რაოდენ რთულია ამის გაკეთება, თუმცა ამ ბიჭებმა მინდა, რომ იცოდნენ, რომ ჩვენ გულშემატკივრებს გვჯერა მათი, მათი თავდადების და შესაძლებლობების, რომ მათ შეუძლიათ დაამარცხონ იგივე უელსი თუ ამ ფსიქოლოგიურ წნეხს დაძლევენ. სხვათა შორის ეს მოლოდინი უკვე საერთაშორისო დონეზეც არსებობს. მაგალითად არგენტინას როდესაც ვეთამაშეთ საქართველოსადმი აშკარად მეტი მოლოდინი იყო. რაც ბუნებრივია ძალიან მაგარია, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი, მთლად მიუკერძოებელი ვერ ვქნებით საკუთარი გუნდის ძალის შეფასებაში,შეიძლება ხანდახან ვამეტებდეთ, მაგრამ როდესაც ამას უცხოელიც აკეთბეს ეს უფრო წონადი არგუმენტია. აი ნახეთ სამოა როგორ ეთამაშა შოტლანდიას, რომელმაც ჩვენ შანსი არ დაგვიტოვა, ჩვენივე ბავშვური შეცდომების გამო, რაც ჩემ აზრით ფსიქოლოგიური ხასიათის იყო. სამოასაც რომ არ დაეშვა ის ელემენტარული შეცდომები, რაც დაუშვა ნამდვიალდ შეეძლო შოტლანდიის დამარცხება და დამეთანხმებით ალბათ სამოას თუ შეუძლია ჩვენც შეგვიძლია. ავიღოთ უელსი - იაპონია გასულ წელს. იაპონიასაც სულ ცოტა დააკლდა და მათ თუ შეუძლიათ ჩვენც შეგვიძლია. ასე რომ თუ მართლაც ვრიწმუნებთ საკუთარ თავში და დავძლევთ ფსიქოლოგიურ მომენტს და თავიდანვე მოსაგებად გავალთ, ვფიქრობ დიდი ძალისხმევისა და ცოტა გამართლების ხარჯზე, და გამართლებაც ჰაერზე, რომ არ მოდის ესეც კარგად ვიცით, ვფიქრობ შეგვიძლია დავამარცხოთ უელსი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თვითოელ ბორჯღალოსანს და მილტონ ჰეიგს ბრწყინვალე გამარჯვებისთვის კანადასთან. ახლა კი, კარგ დასვენება - აღდგენას და ნაყოფიერ ვარჯის გისურვებთ რათა გავაოცოთ ჩვენი თამაშით ბრიტანელები ! ! !
ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ არც ერთი წამით! სანამ მსაჯი საფინალო სასტვენს არ მისცემს და დარწმუნებული ვარ კაი შედეგს დავდებთ, მსაჯი რომ აძლევდა კანადას ჯარიმას წამის მეათედებში ათამაშებდნენ და სანამ ჩვენები თვალებს იფშვნეტდნედ უკვე ჩათვლის მოედანში იყვნენ. რაგბი უფრო იმიტო გვიყვარს სხვა სპორტებთან შედარებით რომ ბოლომდე იხარჯება ყველა ვინც მოედანზეა და მაქსიმუმს აკეთებენ, ვნახეთ მგონი გუშინ იყო თამაში რა ქნა მათიაშვილმა, არ მინდა არავინ და არცერთი სპორტის სხვა სახეობა დავაკნინო ფეხბურთი მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ რომელ სხვა სპორტში გაეკიდებოდა იმ სიშორეზე გაქცეულ ბურთს ქართველი სპორცმენი? მათიაშვილმა არა მარტო გაეკიდა დაეწია კიდეც და ერთერთი ულამაზესი ლელო დადო ქართული რაგბის ისტორიაში. გულშემატკივარიც გრძნობს და ხედავს ამას და უფასებს კიდეც, გულში იხუტებს თითოეულს. ყველა ვხედავთ უკანა ხაზში რამხელა პროგრესი გვაქვს, მათიაშვილზე მეტს აღარ ვიტყვი, კოშაძე, აფრასიძე, მოდებაძეს საერთოდ დებიუტი ქონდა და პირველივე წუთზე ლომის წილი დაიდო ლელოში. ამ პროგრსს უკვე შედეგიც აქვს ლელოები მარტო მოლებით და აიღე და მიეძალეთი აღარ გაგვაქვს, სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა არგენტინასთან ტესტი, იქ რომ ლელო დავდევით იმას ყველა გრანდი და ბობოლა მოაწერდა ხელს. მელიტონს დიდი ამაგი და დამსახურება აქვს ამ ყველაფერში და ყველაფერი უნდა დაუფასდეს, კაცი ქართულად ლაპარაკობს და ეს არაა პატარა ამბავი. ეს ქვეყანა რომ არ გიყვარდეს უცხოელისთვის ქართული ძალიან ძნელად სასწავლი ენაა, იუთუბზე დევს და ნახეთ მელიტონას ქალიშვილი როგორ მღერის ქართულად.
მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ უელსთან და ასე მგონია, გაცილებით უკეთესი თამაში გამოგვივა.
შედეგს რაც შეეხება, არავინ ითხოვს მოგებას, თუმცა მგონი დადგა დრო როცა 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგება აღარ უნდა დავუშვათ (ანუ მცირე სხვაობით მარცხი)
უელსთან თუ შოტლანდიურზე უკეთესი გამმოგვივა, მშვენიერია.
P.S. ქულების გაკეთებას ქულებისაღებ ჯობია ისევ.
უელსთან ნამდვილად ვერ გავფრინდებით ამ თამაშით, იმედია მოუმატებენ.