ბორჯღალოსნები

1:40 | 10.11.2017 | ნანახია 3339 - ჯერ

საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში და კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა კანადასთან მატჩამდე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა. წვიმის მიუხედავად, “ბორჯღალოსნების” წვრთნის სანახავად რამდენიმე ათეული გულშემატკივარი მივიდა და ბოლომდე დარჩა.

ქართველმა მორაგბეებმა დაახლოებით საათნახევარი ივარჯიშეს. “ბორჯღალოსნებმა” მრავალ კომპონენტს მიაქციეს ყურადღება და საკმაოდ ნაყოფიერად გაისარჯნენ. მწვრთნელებმა მოთამაშეები ორ ჯგუფად გაყვეს. დიდი დრო დაეთმო დეფერანზე ვარჯიშს, შერკინებიდან ბურთის გამოტანას, კომბინაციების დამუშავებას და რაქში თამაშს.

ვარჯიშის დასრულების შემდგომ კი, მილტონ ჰეიგის თანაშემწე ლევან მაისაშვილი და მორაგბეები: კაპიტანი მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა და გიორგი ნემსაძე ჟურნალისტებს შეხვდნენ და მოახლოებულ ტესტ-მატჩებზე ესაუბრნენ.

ლევან მაისაშვილი: “საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. მონპელიეში განვლილმა შეკრებამ თავისი კვალი დატოვა, სადაც საჭირო დეტალები დავხვეწეთ. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია, მაგრამ გუნდი კარგადაა მომზადებული და სათამაშოდ მზად ვართ.

მეტოქე ჩვენთვის კარგად ნაცნობია, თუმცა ზაფხულში აბსოლუტურად სხვა კონდინციებში მოგვიწია მათთან თამაში. ამინდმა ორივე გუნდის თამაშს დაასვა დაღი და მაქსიმუმი ვერცერთმა გამოავლინა. კანადელებს ერთი მცირე უპირატესობა აქვთ, რადგან პირველი თამაში “მაორი ოლ ბლექსთან” ითამაშეს და მეტად მომზადებულები მოდიან, ასევე ძალიან მოტივირებულნი არიან. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ.

მაორებთან მატჩის შემდეგ, კანადელთა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. გარდა ამისა, ქალგარში გამართულ შეხვედრაშიც რამდენიმე მორაგბეს არ უთამაშია, რადგან აშშ-სთან მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩი ელოდათ. ახლა კი, ახალი მოთამაშეები დაიმატეს და გაცილებით უკეთესი შემადგენლობით გვეთამაშებიან, ვიდრე ზაფხულში.”

გიორგი ნემსაძე: “სრულიად განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ალბათ ყველას კარგად ახსოვს იმ თამაშის კლიმატური კონდინციები, თუ როგორი წვიმა, ქარი და სიცივე იყო, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. როგორც ვიცით, შაბათს უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, მეტოქე ხაზზე გაშლილ თამაშს შეეცდება, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემაა არაა, რადგან ყველაფრისთვის მზად ვართ.

წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს. პირველ რიგში კანადას ვგულისხმობთ, რადგან ჯერ მათთან თამაში გვიწევს. უელსთან შეხვედრა როგორი მნიშვნელოვანიცაა ყველამ იცის. ჩვენი მაქსიმუმი არის ყოველთვის მოედანზე მოსაგებად გასვლა, თუმცა რეალისტები ვართ და ვიცით, რომ უელსი ამჟამად ჩვენზე წინ არის. ვნახოთ, ყველა მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად გავდივართ. ნაკრების პროგრამა-მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა.”

დავით კაჭარავა: “ერთი კვირის შეკრებილები ვართ. ნოემბრის ტესტებში პირველი შეხვედრა ყოველთვის მძიმე გამოგვდის. გვახსოვს იაპონიასთან შარშანდელი თამაში, სადაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში დავმარცხდით. ვეცდებით, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ, უფრო მაღალი ხარისხით ვითამაშოთ და დადებით რეზულტატს მივაღწიოთ.

რაც შეეხება კანადას, ეს გუნდი გახსნილ თამაშს თამაშობს, ცდილობს ხელით მეტი ითამაშოს. უკანახაზელები ძალიან კარგი ჰყავს. დინამიური, სანახაობრივი თამაში იქნება, ამინდიც კარგია მოსალოდნელი, ველოდებით მაყურებელს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი თამაში იქნება.

ორი ახალი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ძალიან კარგ შედეგს აჩვენებენ შიდა ჩემპიონატში. კარგი მოთამაშეები არიან, შანსი ეძლევათ და ათმაგად მოტივირებულნი იქნებიან. ვფიქრობ, ეს პრობლემა არ იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, პირიქით ახალი სისხლი უფრო გაგვაძლიერებს.”

მერაბ შარიქაძე: “განწყობა როგორც ყოველთვის საბრძოლო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მეტოქე ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. მოედანზე იმისთვის გავალთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ და პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.

რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გვაკლია, თუმცა შემცვლელებიც სათანადო გვყავს და ძალიან ძლიერი ახალგაზრდა მორაგბეები დაგვემატნენ. კანადასთან ბოლომდე დავიხარჯებით, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს თამაშია და მომავალზე შემდეგ ვიფიქრებთ.”

საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებს 11 ნოემბერს კანადასთან “დინამო არენაზე” გასამართი შეხვედრით დაიწყებს. ერთ კვირაში კარდიფში, “ფრინსიფალითი სთედიუმზე” უელსის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 25-ში “მიხეილ მესხზე” აშშ-ს მიიღებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:00 | 12.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გაგვიმართლეს, გაგვიმართლეს !!!

10:43 | 10.11.2017
geogoli (367)

წარმატებები ბიჭებს, იმედია გაგვიმართლებენ მოლოდინს

10:10 | 10.11.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, არ გვანერვიულოთ.

0.081709