ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან განაცხადში 20-წლამდელებიდან დაწინაურებული ორი დებიუტანტია - მირიან მოდებაძე გარემარბად იწყებს თამაშს, ხოლო გიორგი კვესელაძე მარქაფაშია.
11 ნოემბერს ბორჯღალოსნები ‘დინამო არენაზე’ კანადას დაუხვდებიან, რომელთანაც ბოლოს ექვსი თვის წინ ქალგარიში ითამაშეს და უამინდობაში 13:0 იმარჯვეს, რითაც ‘ნეკერჩხლებთან’ ურთიერთშეხვედრების ბალანსი გაათანაბრეს (3-3). იმ თამაშთან შედარებით საწყის 15-ში ოთხი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა.
შერკინების პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილთან და ჯაბა ბრეგვაძესთან ერთად ლევან ჩილაჩავა დადგება, მეორე ხაზში კვლავ კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი იქნება. მეორე ფლანკერი ლაშა ლომიძე, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა ბიწაძეა.
უცვლელია ბოლო წლების ღერძი - ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე, შუამარბებადაც ნაცნობი დუეტი იდგება - მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა. ერთი გარემარბი ქუთაისის ‘აიას’ ფულბეკი მირიან მოდებაძე იქნება, რომელიც პირველ კეპს მოიხვეჭს, ხოლო მეორე ფრთაზე რუსთავის ‘ხარების’ შუამარბი გიორგი კოშაძე დადგება.
სიახლეა ფულბეკის პოზიციაზე. ბორჯღალოსანთა პირველი ცენტურიონი და საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი, პირველად 2016 წლის თებერვლის შემდეგ (გერმანიასთან), განაცხადში არაა და მის ნაცვლად 15 ნომრით იოსებ მათიაშვილი იქნება, რომელიც ნაკრებში გარემარბად თამაშობდა და არეგნტინასთან 30 წუთით ფულბეკად მოგვევლინა.
მარქაფიდან თამაშში შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი ჩაერთვებიან (პირველ ხაზში), მეორე ხაზში ვეტერანი გიორგი ჩხაიძე, რომელიც 98-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილი. 9 ნომრის შეცვლა გიორგი ბეგაძეა, მგეზავის რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო უკანა ხაზში კიდევ ერთი დებიუტანტი გიორგი კვესელაძე გამოჩნდება.
მთლიანობაში, 23-კაციან განაცხადში 15 ლეგიონერი და 8 დიდი 10-ის მოთამაშეა. შინაური კლუბებიდან 4 თამაშს იწყებს და ოთხივე ხაზის მოთამაშეა, ხოლო თადარიგში მყოფი 4 მოთამაშიდან 3 უკანახაზელი და ერთი მორკინალია.
სასტარტო 15-ეულის კეპების ჯამი 587-ია. აქედან 342 კეპი მორკინალებზე, ხოლო 245 ხაზის მოთამაშეებზე მოდის. ხაზში სამი ისეთი მორაგბეა, რომელთა კეპების ჯამური რაოდენობა 10-იც არაა (კოშაძე - 6, მათიაშვილი - 3, მოდებაძე - 0).
საქართველოს ბორჯღალოსნები
– კანადის წინააღდეგ
შაბ 11/11_2017 | თბილისი, დინამო არენა | 18.00
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | სოსო მათიაშვილი | აკადემია [საქ დ 10] | 1993 | 3 | 2ლ 2გ [14 ქ] |
14 | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 6 | 4ლ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 102 | 22ლ [4 კაპ] 2სბ |
12 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 54 | 10ლ [7 კაპ] |
11 | მირიან მოდებაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1997 | 0 | : |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 56 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 24 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 44 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1987 | 46 | ლ 2სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 32 | 3ლ |
4 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 51 | 2ლ 3სბ |
5 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 73 | 12ლ 5სბ |
6 | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 33 | 5ლ + შ სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 41 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
8 | ბექა ბიწაძე | ნარბონ [სფრ პრო დ2] | 1991 | 22 | 6ლ + შ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 0 | : |
22 | რევაზ ჯინჭველაშვილი | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 3 | : |
21 | გიორგი ბეგაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1986 | 58 | 2სბ |
16 | შალვა მამუკაშვილი | კარკასონ [სფრ პრო დ2] | 1990 | 46 | 4ლ |
17 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 27 | 2ლ |
18 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 8 | : |
19 | გიორგი ჩხაიძე | დომონ [სფრ ფედ2] | 1981 | 97 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
20 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 38 | 10ლ სბ |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თამამი და იმავდროულად სწორი გადაწყვეტილებაა ჰეიგის მხრიდან. ვისთან, თუ არა უპირველესად კანადასთან, უნდა ვნახოთ ის ბიჭები, ვინაც უახლოეს მომავალში ნაკრების ძირითადში ხშირად უნდა ითამაშონ? ჰეიგმა იცის, რომ ეს თამაში ე.წ. "სასინჯი ქვაა", სადაც ახალგაზრდებს შანსი უნდა მიეცეთ. ამით ის ძირითადის გარკვეულ ნაწილს ასვენებს კიდეც უელსისა და აშშ-თვის, რადგან მომდევნო 2 თამაში ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ხოლო თუ ამ მატჩში რომელიმე ახალბედამ თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა, არც იმას გამოვრიცხავ რომ ჰეიგმა ის (ან ისინი) შემდეგაც დააყენოს. მოკლედ, აბა ჰე და აბა ჰო
რა გემრიელი შემადგენლობაა! იმედია ასევე გემრიელად გავაგორებთ კანადასაც, ამერიკასაც და მინიმუმ დიდ პრობლემებს შევუქმნით უელსს!
მშვენიერი შემადგენლობაა.
ბექა გორგაძე რატომ არ არის?
ტრავმა აქვს
კარგია, წესით კანადამ პრობლემები ვერ უნდა შეგვიქმნას და სასარგებლო იქნება ახალბედების გამოცდა.
მშვენიერი და ცოტა მოულოდნელი რაზმია, წარმატებები ბიჭებს და ვულოცავ დებიუტანტებს.
სამწუხაროდ ვერ ვუყურებ თამაშს, მაგრამ მჯერა რომ კიდევ ერთხელ გავაგორებთ კანადას